"შერმანიდან" "აბრამსამდე" - ამერიკული ტანკები საქართველოში მეორედ გამოჩნდნენ
23-05-2016
"შერმანიდან" "აბრამსამდე" - ამერიკული ტანკები საქართველოში მეორედ გამოჩნდნენ
"აბრამსებს" ქართულ მიწაზე შეიძლებოდა თავიანთი "წინაპარი" - "შერმანი" დახვედროდა, ერთ თავდაცვის მინისტრს რომ არ დაეჭრა და ჯართში არ ჩაებარებინა...

18 მაისს ვაზიანის პოლიგონზე ერთობლივი სამხედრო სწავლების - "ღირსეული პარტნიორი-2016"-ის ფარგლებში საბრძოლო გასროლები განახორციელეს ამერიკული მხარის მიერ საქართველოში ჩამოტანილმა "აბრამსის" ტიპის ძირითადმა საბრძოლო ტანკებმა.

მართალია, საქართველოში "აბრამსების" ნათლობა შედგა, მაგრამ ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ქართულ მიწაზე ამერიკული ტანკები მანამდეც დადიოდნენ და ისროდნენ. იყო პერიოდი, როდესაც ამერიკული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის
- ტანკები, ჯავშანმანქანები, გამანადგურებელი და ბომბდამშენი თვითმფრინავები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იდგა.

სტატიის ავტორს, რომ სცოდნოდა კრწანისის სასწავლო ცენტრში მდგარ ამ უკოშკურო რარიტეტულ "შერმანს" ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ გააქრობდნენ, ალბათ მას უფრო ბევრ სურათს გადაუღებდა და ასე მაინც დატოვებდა ისტორიაში...

დღეს შეიძლება ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს,
რომ პირველი ამერიკული ტანკები საქართველოში მართლაც იცავდნენ ქართულ მიწას, თუმცა, საბედნიეროდ, მათ საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა არ მოუხდათ. ლაპარაკია მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ამერიკულ საშუალო ტანკზე - "M4 შერმანზე", რომელსაც აშშ "ლენდ-ლიზის" პროგრამით უსასყიდლოდ აწვდიდა ფაშისტურ გერმანიასთან მებრძოლ საბჭოთა კავშირს.

1942 წლის გაზაფხულიდან 1945 წლის სექტემბრამდე ვაშინგტონმა მოსკოვს, სხვა ასიათასობით საბრძოლო ტექნიკასთან ერთად, 3 664 ცალი "შერმანის" ტიპის ტანკი გამოუგზავნა, რომელთა დიდი ნაწილი აქტიურად გამოიყენებოდა ფრონტის ხაზზე. რამდენიმე ათეული "შერმანი", რომლებიც დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული სატანკო ბატალიონების შემადგენლობაში ირიცხებოდა და მათი ეკიპაჟები მზად იყვნენ, შებრძოლებოდნენ გერმანულ "ვეფხვებსა" და "პანტერებს", განაწილებით ამიერკავკასიის ფრონტის შეიარაღებაშიც გამოჩნდა.

საბედნიეროდ, გერმანულმა ტანკებმა საქართველოში ვერ შემოაღწიეს, თუმცა ამერიკული "შერმანები" უსაქმოდ არ დარჩენილა - ისინი ინტენსიურად გამოიყენებოდა წვრთნებსა და სწავლებებში, ყარაიაზის პოლიგონზეც კი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "ლენდ-ლიზის" შეთანხმების თანახმად, დაუზიანებელი სამხედრო ტექნიკის ნაწილი საბჭოთა კავშირმა აშშ-ს უკან დაუბრუნა, ნაწილი კი ჯართად დაჭრა.

ასეთი ბედი ეწია ქართულ მიწაზე მდგარ ამერიკულ "შერმანებსაც", თუმცა ერთ მათგანს ნამდვილად გაუმართლა და მისი "სიცოცხლე" 63 წლით გახანგრძლივდა, სანამ ერთმა ქართველმა თავდაცვის მინისტრმა ეს მართლაც რარიტეტი და კოლექციონერებისთვის ძვირად ღირებული "შერმანი" კრწანისის სასწავლო ცენტრის პოსტამენტიდან არ გააქრო...

ჩვენი დოსიე:

ამერიკული საშუალო ტანკის - M4 Sherman-ის მასა 30 ტ-ს აღწევდა და ის 76 მმ კალიბრის ქვემეხით იყო შეიარაღებული. 400 ცხ.ძ. სიმძლავრის ძრავა "შერმანს" ასფალტირებულ გზაზე 48 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევდა, ტანკის ეკიპაჟი ხუთი კაცისგან შედგებოდა.
ვაჟა17
09 ივნისი 2016 07:53
კახა მაგრად წიგნიერს!

ყველაფერი ამერიკული და საერთოდ დასავლური საბჭოთას სჯობიაო, მაგაში რო ხარ დარწმუნებული, ეს მეტყველებს შენს უბედურება-გაუნათლებლობაზე! ეს შენი პრობლემაა, სხვისი განავალი შენს ოქროს რო გირჩევნია! იქნებ კოსმოსშიც პირველად ამერიკელები გაფრინდნენ?
კახა
02 ივნისი 2016 13:36
ვაჟა 17-ს სირცხვილია მაგის თქმა ან უწიგნური ხარ. ამერიკული ტექნიკა ბევრად სჯობდა საბჭოთას. ჩვეულებროივი მანქანიდან დაწყებული თვითმფრინავით დამთავრებული. მაგალითისათვის მოგახსენებ რომ თქვენი გმირი პოკრიშკინი მხოლოდ ამერიკული თვითმფრინავით დაფრინავდა რომელსაც მაშინ ჩაიკა-ს უწოდებდნენ, რომ მისი ამერიკული წარმოება დაემალათ. და ეს თვითმფრიანვი თავის ტექნიკური მობნაცემებით და შეიარაღებით ბევრად აღემატებოდა ყველა საბჭოთა და გერმანულ კონკურენტებს. და კიდევ შენი ნაქები Т-34 მასიურად 43 ში გამოჩნდა... და თუ კიდევ მეტი ინფორმაცია დაგაინტერესებს კოტინის წიგნი წაიკითხე..
დათო
02 ივნისი 2016 10:12
ასე შეაიარაღა მსოფლიო ამერიკამ და მერე ერთმანეთს დარია, ჩვენც ეგ გვიწერია თვითონ კი ფულს აკეთებს.

რედაქტორის რჩევით