"0 ლარს + 0 რაკეტა = 1.000.000-ის ზარალს" - კვირის პალიტრა

"0 ლარს + 0 რაკეტა = 1.000.000-ის ზარალს"

"რაკეტების წარმოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე ავითვისეთ ერთი ტიპის რაკეტის წარმოება... 23 მაისიდან შევძლებთ დღეში 70 რაკეტის წარმოებას"

ძლიერ სეტყვას, რომელმაც კახეთში მოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი გაანადგურა, თბილისში "მეხის გავარდნა" მოჰყვა. გაირკვა, რომ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული დატვირთვით არ მუშაობდა, რომელიც შარშან ზარ-ზეიმით დამონტაჟდა და რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის უმოქმედობის გამო თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, "დელტას" დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

სანამ მოკვლევის შედეგები საჯაროდ გახდება ცნობილი, რამდენიმე დეტალის გასარკვევად "დელტას" ვესტუმრეთ. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი თბილისშია განთავსებული და მასზეა დამოკიდებული, გაისვრის თუ არა კახეთში 86 საცეცხლე წერტილი. როგორც გავარკვიეთ, გასულ წელს "დელტამ" ღრუბლების დასამუშავებლად რაკეტები ბულგარეთიდან და მაკედონიიდან ჩამოიტანა, წლეულს კი მათი ადგილობრივად წარმოება ჰქონდა გადაწყვეტილი. რადგან "დელტა" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რაკეტების საწარმოებლად საჭირო თანხისთვისაც მას მიმართა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, რომ თანხა 19 თებერვლამდე სრულად ჩარიცხულიყო, რათა სისტემას 15 აპრილიდან გამართულად ემუშავა, "დელტამ" მოთხოვნილი თანხა სრულად მხოლოდ 10 მარტს მიიღო. შესაბამისად, 15 მაისს, როცა რადარებმა კახეთში სეტყვის საშიშროება დააფიქსირეს, სისტემამ ღრუბლების დასამუშავებლად მხოლოდ ის რაკეტები გაისროლა, რაც შარშან ბულგარეთსა და მაკედონიაში შეძენილი პარტიებიდან ჰქონდა დარჩენილი.

უთანხმოება თავდაცვის მოქმედ მინისტრსა და "დელტას" აწ უკვე გათავისუფლებულ ხელმძღვანელს შორის არახალია და კახეთის თავზე შავი ღრუბლების შეგროვების შემდეგ არ დაწყებულა. ჯერ იყო და, თინა ხიდაშელი სამრეწველო კომპლექს "დელტაში" სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნას ითხოვდა. მინისტრის უკმაყოფილების მიზეზი, კომპანიის საქმიანობის გარდა, ის დაფინანსება იყო, რომელსაც საწარმო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა. როგორც ჩანს, "დელტასთვის" თანხის გადარიცხვა-გადაურიცხველობის საკითხი თავდაცვის სამინისტროსთვის პრინციპული მნიშვნელობის არის, რადგან სამხედრო-სამეცნიერო ცენტრში ჩემი ყოფნის დროსაც კი თანამშრომლები ხელფასების დაგვიანებას უჩიოდნენ. ფინანსური საკითხების გარდა, თინა ხიდაშელი უკმაყოფილო იყო იმ სამხედრო ტექნიკითაც, რომელსაც "დელტა" აწარმოებს. ხიდაშელის ოპონენტებმა მაშინ მისი ეს განცხადება სამხედრო მრეწველობის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობადაც კი შეაფასეს.

უჩა ძოძუაშვილი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი: "სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მთელი სიკეთე მის სრულ ავტომატიზებულობაშია. ინფორმაცია სწრაფად მუშავდება, მისი შემოსვლიდან, ფაქტობრივად, 5-10 წამში შეგიძლია მოამზადო სისტემა გასროლისთვის.

- ამ შემთხვევაში რა მოხდა, არ შემოვიდა შეტყობინება?

- რა თქმა უნდა, რადარმა დააფიქსირა ღრუბელი, შეტყობინებიდან გამომდინარე ითქვა, რომ ის დასამუშავებელია და თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ გაისროლა, ეს ნიშნავს, რომ რაკეტა არ იყო. გასროლები ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა "საქაერონავიგაციის" მხრიდანაც იყო შეზღუდვა - თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც აღჭურვილი იყო რაკეტებით, ცა შეზღუდული იყო. თუმცა იყო საცეცხლე რაკეტების გარეშე. ისინი ნამდვილად არ გვქონდა საკმარისად.

- რატომ?

- რაკეტები არ იყო, რადგან არ იყო საწყობში, ხოლო საწყობში არ იყო იმიტომ, რომ არ იყო წარმოებული. ჩვენ უნდა გვეწარმოებინა ეს რაკეტები და ამას დრო სჭირდებოდა.

- აქამდე, როგორც ვიცი, სხვა ქვეყნებიდან შემოგქონდათ...

- შარშან რაკეტების ნაწილი ვიყიდეთ, ხოლო ნაწილისთვის კომპონენტები შევიძინეთ და შემდეგ საქართველოში უნდა გვეწარმოებინა.

- ისევ რომ გეყიდათ რაკეტები, იქნებ მოგესწროთ სისტემის მომზადება?

- ყოველთვის უკეთესია, თავად აწარმოო რაკეტა, რადგან ამით ხარჯების მინიმიზაცია ხდება. გარდა ამისა, შეგიძლია ხარისხის სრული ციკლი გააკონტროლო და რაკეტის ხარვეზის აღარ გეშინოდეს.

- რატომ, სხვა ქვეყნებში შეძენილ რაკეტებს ხარისხის პრობლემა ჰქონდა?

- შარშან 1100 რაკეტა შევიძინეთ. ალბათ გახსოვთ, ერთი რაკეტა მოსახლესთან ჩამოვარდა და სწორედ ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად დავიწყეთ ადგილობრივი წარმოების ათვისება.

- რა დრო სჭირდება საქართველოში რაკეტების წარმოებას?

- ეს ცოტა რთული ინფორმაციაა... არსებობს "თაიმლაინი", რომლის მიხედვითაც მოვითხოვეთ თანხა სამინისტროსგან. ამ "თაიმლაინის" მიხედვით, რაკეტები დამზადდებოდა 15 აპრილისთვის და სისტემაც სრულად იქნებოდა მზად.

- რა გააკეთეთ თანხის მისაღებად?

- ბევრჯერ ვთქვი, რომ არაერთხელ მოვითხოვეთ ეს თანხა. მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს. მხოლოდ ამის შემდეგ გესაუბრებით დეტალებზე.

- ანუ ამბობთ, რომ პროცედურებისა და ვადების დაცვით მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეთ დაფინანსება რაკეტების წარმოებისთვის?

- ნამდვილად ასეა. რაკეტების წარმოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე ავითვისეთ ერთი ტიპის რაკეტის წარმოება და 53 ერთეული უკვე ჩაიწყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში. 23 მაისიდან შევძლებთ დღეში 70 რაკეტის წარმოებას. ზუსტად მახსოვს, თავის დროზე რატომ გადავწყვიტეთ, რომ რაკეტები აქ გვეწარმოებინა. საქართველოში ერთი რაკეტის წარმოება დამიჯდებოდა 150 ლარი, რაც რამდენჯერმე უფრო იაფია, ვიდრე მისი სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა.

- ანუ ის თანხები, რომლის გადმორიცხვასაც თქვენ ითხოვდით 19 თებერვლამდე, სამინისტრომ ჩაგირიცხათ, მაგრამ დაგვიანებით?

- შევიკავებ თავს ამ თემაზე საუბრისგან, რადგან მოთხოვნების დინამიკა ცოტა სხვანაირი იყო, დაველოდები მოკვლევის შედეგებს.

- მაშინ სხვანაირად გკითხავთ. როცა შეხედეთ, რომ თანხის გადმორიცხვის დაგვიანების თუ სხვა პრობლემის გამო არ ესწრებოდა რაკეტების წარმოება, რატომ არ განახორციელეთ ისევ იმპორტი, რათა სისტემას დროულად ემუშავა?

- რაკეტას აქვს თავისი ბალისტიკა, ტექნიკური მახასიათებლები. ეს არ არის მზა პროდუქტი, რომელიც თაროზე დევს. ის შენთვის უნდა აწარმოონ და შესაბამისად, ამას დრო სჭირდება. რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში გაიქცე და იყიდო.

ეს არის რთული კომპონენტური სისტემა, რომლის ყოველ ნაწილს აქვს განსაზღვრული ვადა. მწარმოებელი არასდროს აწარმოებს კომპონენტს შეკვეთის გარეშე და არ დებს თაროზე. ეს საკმაოდ რთული პროცესია: კომპონენტების მიწოდება, აწყობა, დატესტვა და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ არის მწარმოებელი მზად შეკვეთილი პროდუქციის მოსაწოდებლად. ამ ყველაფერს ცოტა დრო ნამდვილად არ სჭირდება. ჩემი შეფასებით, რაკეტების სხვა ქვეყანაში შეკვეთასა და ჩამოტანას იმდენივე დრო დასჭირდებოდა, რაც აქ წარმოებას.

- როცა ხედავდით, რომ ვერ ესწრებოდა სისტემის ამოქმედება, რატომ არ განაცხადეთ საჯაროდ, რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში ზემდგომნი, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა?

- მოსახლეობის გაფრთხილებით შედეგი არ შეიცვლებოდა. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ამ საკითხს ახლა არ შევეხები, ვინ და როგორ გავაფრთხილე. არ მიყვარს ვინმესკენ ხელის გაშვერა, ამას არასდროს ვაკეთებ.

- ხომ გქონდათ მოლოდინი, რომ არსებობდა რისკი და სტიქია ზარალს გამოიწვევდა?

- კარგი, მაშინ ასე გეტყვით, როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად, არ ხდება რაკეტების დროული წარმოება.

მარტივი მათემატიკაა: ნულ ლარს + ნული რაკეტა = მილიონის ზარალს.

- თუმცა ერთგვარი უთანხმოება თქვენსა და თავდაცვის მინისტრს შორის სეტყვით არ დაწყებულა...

- არ მინდა საუბარი ამ თემაზე... საერთოდ არ ვსაუბრობ ამ საკითხებზე... ადამიანებს თავად გამოაქვთ დასკვნები და დარწმუნებული ვარ, თქვენც გამოიტანეთ დასკვნები იქიდან გამომდინარე, რასაც ხედავთ და გესმით. "დელტას" საკითხი სპეციფიკურია, მას აქვს ბიუჯეტი, სახელმწიფო დაფინანსება და პირველი დღიდან, რაც ამ ორგანიზაციაში მოვედი, დავინახე, რომ ის შეიძლება იყოს წარმატებული და მომგებიანი, იყოს ბიუჯეტის მულტიპლიკატორი. "დელტა" არის ორგანიზაცია, რომელიც, ფაქტობრივად, ეროვნული სიმდიდრეა.

საუდის არაბეთი აწარმოებს ჩვენთან მოლაპარაკებებს, რომ სეტყვის მართვის ცენტრის მსგავსი სისტემა ავუწყოთ და ჩვენთან შეძენილი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების ინტეგრირებული სისტემა მივაწოდოთ, რითაც მოხდება ამ მანქანების ერთობლივი მართვა. სხვათა შორის, ახლახან ამ მანქანამ საბრძოლო ნათლობა მიიღო იემენის კონფლიქტში. ჩასაფრებაში მოხვდა, სერიოზულ საცეცხლე დამუშავებაში, მაგრამ თავისი სვლით გამოვიდა და სრულად შეასრულა თავისი ტაქტიკური დავალება. საერთაშორისო გაყიდვების თვალსაზრისით, ეს დიდი მიღწევაა - მანქანამ, ფაქტობრივად, საუკეთესო ტესტი ჩააბარა. ერთი თვეა გავაფორმეთ სამეტაპიანი ხელშეკრულება ცეცხლის მართვის სისტემების მიწოდებაზე, რომლის ღირებულება საერთო ჯამში დაახლოებით 67-68 მილიონი დოლარია. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ "დელტას" მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე მის შენახვას საბიუჯეტო ასიგნებები სჭირდება.

- თქვენსა და მინისტრს შორის უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკისადმი მისი დამოკიდებულებაც სახელდება. არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქართული ჯავშანტექნიკის, 10 "დიდგორისა" და 2 სამედიცინო-საევაკუაციო მანქანის კონგოში გაყიდვას თავდაცვის მინისტრმა შეუშალა ხელი.

- არ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას...

- მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბრძანება თქვენი გათავისუფლების შესახებ, მაინც განაგრძობთ მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე?

- მაქვს უფლება, რომ გავჩერდე? არის ერთი რამ, რასაც ვერაფერი შეაჩერებს და ეს მართალი ადამიანია.

P.S. ჩვენ საპასუხო კომენტარისთვის თავდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ თინა ხიდაშელი ამ ეტაპზე იმაზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს, რაც ტელევიზიებს მისცა - თუ მოკვლევის შედეგად დარღვევები არ გამოვლინდება, ძოძუაშვილი თანამდებობაზე დაბრუნდება.

ვინ ჩაშალა კონგოში "დიდგორის" ექსპორტი?!

ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი: "ინფორმაცია, რომ "დელტას", შესაძლოა, გაეყიდა "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანები კონგოში, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა და შემდეგ არაოფიციალური წყაროებით ეს ინფორმაცია უფრო დასტურდებოდა, ვიდრე უარყოფილი იყო. ჩამოსული იყვნენ კონგოს წარმომადგენლები, მათთვის მოეწყო ამ ჯავშანტექნიკის ჩვენება და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მოწონებაც დაიმსახურა. შესაბამისად, ყველაფერი მიდიოდა ამ კონტრაქტის გაფორმებისკენ. შემდეგ ეს პროცესი ჩაიშალა, რატომ - ამის დოკუმენტური დადასტურება დღეს რთულია, თუმცა გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ამ გარიგებით არ იყვნენ დაინტერესებული საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი. შესაბამისად, არ მისცეს "დელტას" ამ პროდუქციის უცხოეთში გაყიდვის ნებართვა. დღეს ეს ჯავშანმანქანები არც უცხოეთშია გაყიდული, არც ქართული არმია იღებს შეიარაღებაში და მტვერი ედება".

ემა ტუხიაშვილი