"რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში გაიქცე და იყიდო" - რატომ არ დამზადდა დროულად რაკეტები, რომელიც კახეთს სეტყვისგან დაიცავდა - კვირის პალიტრა

"რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში გაიქცე და იყიდო" - რატომ არ დამზადდა დროულად რაკეტები, რომელიც კახეთს სეტყვისგან დაიცავდა

"როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად არ ხდება რაკეტების დროული წარმოება. მარტივი მათემატიკაა: 0 ლარს + 0 რაკეტა=მილიონის ზარალს"

სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების უმეტესობამ რაკეტების არქონის გამო ვერ იმუშავა.

ამის შესახებ ძოძუაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ "დელტამ" რაკეტების წარმოებისთვის თანხა, თავდაცვის სამინისტროსგან პროცედურებისა და ვადების დაცვით მოითხოვა. ძოძუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ იყო საცეცხლე წერტილები, რომლებსაც არ გააჩნდათ რაკეტები, ასევე შეზღუდვა არსებობდა "საქჰაერონავიგაციისგან", რადგან საჰაერო ზონაში თვითმფრინავი იყო და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით იყო აღჭურვილი, ცა შეზღუდული იყო.

"რა თქმა უნდა, რადარმა ღრუბელი დააფიქსირა, შეტყობინებიდან გამომდინარე ითქვა, რომ ის დასამუშავებელია და თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ გაისროლა, ეს ნიშნავს, რომ რაკეტა არ იყო. გასროლები ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა "საქჰაერონავიგაციის" მხრიდანაც იყო შეზღუდვა - თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით აღჭურვილი იყო, ცა შეზღუდული იყო. თუმცა იყო საცეცხლე წერტილები რაკეტების გარეშე", - განაცხადა ძოძუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ საცეცხლე წერტილებში რაკეტები არ იყო იმის გამო, რომ არ იყო წარმოებული.

სსტც "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ შარშან რაკეტების ნაწილის შესყიდვა მოხდა, ნაწილისთვის კი კომპონენტები იქნა შეძენილი, რათა საქართველოში წარმოება მომხდარიყო. ძოძუაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება უფრო იაფი დაჯდებოდა.

"არსებობს "თაიმლაინი", რომლის მიხედვითაც მოვითხოვეთ თანხა სამინისტროსგან. ამ "თაიმლაინის" მიხედვით, რაკეტები დამზადდებოდა 15 აპრილისთვის და სისტემაც სრულად იქნებოდა მზად. ეს თანხა არაერთხელ მოვითხოვეთ. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს. მხოლოდ ამის შემდეგ გესაუბრებით დეტალებზე. საქართველოში ერთი რაკეტის წარმოება 150 ლარი დამიჯდებოდა, რაც რამდეჯერმე უფრო იაფია, ვიდრე მისი სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა. როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად არ ხდება რაკეტების დროული წარმოება. მარტივი მათემატიკაა: 0 ლარს + 0 რაკეტა=მილიონის ზარალს", - განაცხადა ძოძუაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა რაკეტების შეძენა, "დელტას" ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: "რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში გაიქცე და იყიდო. ეს არის რთული კომპონენტური სისტემა. მწარმოებელი არასდროს აწარმოებს კომპონენტს წინასწარი შეკვეთის გარეშე", - აღნიშნა ძოძუაშვილმა.

ვიდეო

იხილეთ  ინტერვიუ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 23 მაისის ნომერში ან გაიარეთ ჩვენს საიტზე რეგისტრაცია, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად.