"დელტას" სიურპრიზი თვითმავალი ნაღმსატყორცნი აღმოჩნდა
30-05-2016
"დელტას" სიურპრიზი თვითმავალი ნაღმსატყორცნი აღმოჩნდა
ქართველი კონსტრუქტორები შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი საბრძოლო ტექნიკის შექმნას ცდილობენ

თურმე ჟურნალისტებსაც გვცოდნია საიდუმლოს შენახვა და სიტყვის შესრულება. 7 მარტის "კვირის პალიტრის" სტატიაში - "ახალი ქართული საბრძოლო სისტემის მოლოდინში, რომლის მსგავსი ქართულ არმიას თავის არსენალში არასოდეს ჰქონია" - არ გავამხილეთ, რა სიურპრიზის ჩვენებას აპირებდა "დელტა" 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავის აღნიშვნისას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიურპრიზთან დაკავშირებით თითქმის ამომწურავი ინფორმაცია გვქონდა, სიტყვა შევასრულეთ და "დელტას" სიურპრიზი არ ჩავუშალეთ.

ამის გამო დაგვიანებით კი ვწერთ "დელტას" 120 მმ-იან თვითმავალ ნაღმსატყორცნზე, მაგრამ საინტერესო დეტალებს­ შემოგთავაზებთ, რაც ბევრმა არ იცის.
თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებსაც გასროლების სერიის შემდეგ სწრაფად შეუძლია საცეცხლე პოზიციის დატოვება, დროის მოთხოვნაა, რადგან უკვე ბევრი ქვეყნის არმიების შეიარაღებაში გამოჩნდა კომპაქტური რადიოლოკაციური სადგურები, რომლებიც აფიქსირებს საარტილერიო
ჭურვებს, რაკეტების და ნაღმსატყორცნების ნაღმების ფრენის ტრაექტორიას. კომპიუტერი რამდენიმე წამში ითვლის, საიდან ისვრის მოწინააღმდეგის არტილერია და მისი საცეცხლე პოზიციების ზუსტ კოორდინატებს გადასცემს თავის არტილერისტებს საპასუხო კონტრსაბატარეიო ცეცხლის გასახსნელად, რასაც ორი-სამი წუთი სჭირდება. ცხადია, დროის მცირე მონაკვეთში თითქმის შეუძლებელია ბუქსირებადი ჰაუბიცებისა თუ ნაღმსატყორცნების პოზიციის ისე შეცვლა, რომ ისინი კონტრსაბატარეიო ცეცხლის ქვეშ არ მოხვდეს.

"დელტას" ახალი თვითმავალი ნაღმსატყორცნი პასუხობს თანამედროვე ომების ამ მთავარ მოთხოვნას - მობილურობას.
თავისუფლების მოედანსა და იპოდრომზე ამ საარტილერიო დანადგარის მნახველების ნაწილმა თვითმავალი ნაღმსატყორცნი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა - ზოგს მანქანის დიზაინი არ მოეწონა, ზოგს - შეჯავშნა და დიდი წინა შუშები, ზოგმა ფერის გამო დაიწუნა... რა თქმა უნდა, "დელტას" ეს ახალი ნიმუში უნაკლო არ გახლავთ ერთი მიზეზის გამო - ის საცდელი ნიმუშია და ერთგვარი საკვლევი ბაზაა უფრო დახვეწილი და ეფექტური საბრძოლო სისტემის შესაქმნელად.

მისი დახვეწის პროცესში შეიძლება შეიცვალოს საავტომობილო ბაზა და დღეს გამოყენებული "მანის" სამხიდიანი სატვირთო ავტომობილი უფრო მსუბუქმა, ორხიდიანმა შეცვალოს.
მთავარი ამ ახალ საბრძოლო სისტემაში მაინც 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნია, რომელსაც გასროლისას წარმოქმნილი უზარმაზარი უკუცემის ძალის (თითქმის 100 ტონამდე) შემამცირებელი ეფექტური სისტემა აქვს. შედეგად უკუცემის ძალა იმ მისაღებ მაჩვენებლამდე იწევს (ზუსტი ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებთ), რაც განაპირობებს ამ ნაღმსატყორცნის ბორბლებიან შასიზე დამონტაჟებას.

უკუცემის ძალის შემცირების სისტემით აღჭურვილ 120 მმ-იან ნაღმსატყორცნს საცეცხლე გამოცდები უკვე გავლილი აქვს, მაგრამ შეჯავშნული მანქანის ძარიდან ჯერ არ უსვრია - ეს ჯერ წინ არის.
პერსპექტიული ჩანს ამ ნაღმსატყორცნის ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკის" (რომლის თავდაპირველი სახელი "ჯიქი" გახლდათ, მაგრამ ერთი პრეზიდენტის სურვილით გადაინათლა) ბაზაზე დამონტაჟებაც, რაც უფრო სამამულო წარმოებისას გახდის ამ პროექტს, რადგან თვითმავალი ბაზაც და ნაღმსატყორცნიც საქართველოში იქნება აწყობილი (რა თქმა უნდა, ძრავის, ტრანსმისიისა და რადიოელექტრონული აპარატურის გარდა).მის განსახორციელებლად აუცილებელი გახდება "ლაზიკის" დაგრძელება.

თვითმავალი ნაღ­მსატყორცნის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ მისი ცეცხლი "ჯი-პი-ესის" გამოყენებით იმართება, რაც ზრდის მიზნის დაზიანების შანსს პირველი გასროლებისთანავე. მომავალში არც მართვადი ნაღმების გამოყენება გამოირიცხება.
Uუკვე გახმაურდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი დაინტერესდა "დელტას" ახალი თვითმავალი ნაღმსატყორცნით, რაც სულაც არ არის მოულოდნელი, რადგან ეს ქვეყანა უკვე ყიდულობს "დელტას" შეჯავშნულ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანებს და აფორმებს ხელშეკრულებას დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულების ("ლაზიკაზე" დამონტაჟებული საბრძოლო მოდულის მოდერნიზებული ვარიანტი) შესყიდვაზე.

ალბათ, ბევრს აინტერესებს, როდის გამოჩნდება "დელტას" თვითმავალი ნაღმსატყორცნი ქართული არმიის შეიარაღებაში - ჩვენს ჯარს ხომ ამ დანიშნულების საბრძოლო ტექნიკა არსენალში არა აქვს. ეს, ალბათ, შორეული პერსპექტივაა, რადგან თვითმავალ ნაღმსატყორცნს კიდევ ბევრი ტესტის ჩაბარება მოუწევს და ამის შემდეგაც არავინ იცის, დაინტერესდებიან თუ არა მისით ქართველი გენერლები.
xxxxxxxxxxxxxxxxx
20 ივნისი 2016 10:09
რაა ერთი მითხარით ამათ აესენალში?
xxx
20 ივნისი 2016 10:08
ჭურში ზიხართ და ეგააააააა
999l
20 ივნისი 2016 10:07
სამარცხვინოები

რედაქტორის რჩევით