"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსული შვეულმფრენები დაწვა
30-05-2016
"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსული შვეულმფრენები დაწვა
მოსკოვი არ აღიარებს, რომ სირიის აეროდრომზე ისლამისტებმა ოთხი რუსული "მფრინავი ნიანგი" ააფეთქეს

რუსეთი სირიის კამპანიაში ოფიციალურად 2015 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო და დღემდე ოფიციალურად მხოლოდ ათამდე სამხედროს დაღუპვას და ერთი ბომბდამშენისა და ორი შვეულმფრენის (მათ შორის - თანამედროვე Ми-28Н "ღამის მონადირის") დაკარგვას აღიარებდა.

24 მაისს ამერიკულმა კომპანია შტრატფორ-მა (რომელსაც "ჩრდილოვან" ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც კი უწოდებენ, რადგან თითქმის მთლიანად ამ საიდუმლო ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული) გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია, რომ სირიაში,
ქ. პალმირიდან 60 კმ-ის დაშორებით, ტიასის სამხედრო აეროდრომზე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა საარტილერიო დაბომბვის შედეგად ოთხი რუსული საბრძოლო შვეულმფრენი Ми-24 და 20-მდე სატვირთო ავტომობილი გაანადგურეს.

"სტრატფორი" ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობოდა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოსურათს, რომელზეც კარგად ჩანს საარტილერიო დარტყმის შედეგები და ხანძრის კვალი. რუსეთის
თავდაცვის სამინისტროში კატეგორიულად უარყვეს რუსული შვეულმფრენების განადგურება და ამერიკელ ექსპერტებს დასცინეს კიდეც, რომ ხანძრის კვალი ამ აეროდრომზე კოსმოსიდან რამდენიმე თვის წინაც შეიმჩნეოდა. ამის საპასუხოდ "სტრატფორმა" გამოაქვეყნა ორი ფოტოფაქტი - კოსმოსიდან გადაღებულ 14 მაისის ფოტოზე ნათლად ჩანს სირიის ტიასის სამხედრო აეროდრომზე მდგარი ოთხი რუსული Ми-24, და ერთი Ми-8, ხოლო 17 მაისის ფოტოსურათზე ოთხი მათგანის ადგილზე ნახანძრალი და დამწვარი შვეულმფრენების დეტალები მოჩანს.

ანუ თავდასხმა ამ აეროდრომზე 14-17 მაისის შუალედში მოხდა და არა - თვეების წინ, როგორც მოსკოვი ამტკიცებდა. აეროდრომზე საარტილერიო თავდასხმის ვერსიას ამაგრებს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებული ფოტოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან ისლამისტები "გრადის" რაკეტებს ტიასის აეროდრომს.
სირიაში რუსეთის ძირითადი საჰაერო ბაზა ჰმეიმიმის აეროდრომზეა, ხოლო საზღვაო ბაზა - ტარტუსის პორტში. გარდა ამისა, ბაზირების პატარა ბანაკები რუს სამხედროებს მოწყობილი აქვთ სირიის სხვა რაიონებშიც, რის გახმაურება მოსკოვს არ სურს.

სირიაში რუსული საბრძოლო ავიაციის გადასროლასთან დაკავშირებით გასულ წელს "კვირის პალიტრაში" გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ შორსმსროლელი არტილერიის გამოყენებით "ისლამურ სახელმწიფოს" შეეძლო, გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა ჰმეიმიმის აეროდრომზე ბაზირებული რუსული ავიაციისთვის. პალმირასთან, ტიასის აეროდრომზე, სავარაუდოდ, სწორედ ასე მოხდა...

შემდეგი სამიზნე, სავარაუდოდ, ჰმეიმიმის აეროდრომი და ტარტუსის საზღვაო პორტია. ამაზე მეტყველებს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები ქ. ჯამბლაზე (რომელიც რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ჰმეიმიმის აეროდრომიდან) და ტერორისტი კამიკაძეების მოწყობილი აფეთქებები ქ. ტარტუსში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით