ჩუტყვავილას შიშის, თუ კრემლის არგაღიზიანების გამო?
13-06-2016
ჩუტყვავილას შიშის, თუ კრემლის არგაღიზიანების გამო?
პოლონეთში NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიან სწავლებაზე ქართული არმიის ასეულის ჩაუსვლელობის ნამდვილმა მიზეზმა ბევრი კითხვა გააჩინა...

6 ივნისს პოლონეთში დაიწყო "ცივი ომის" შემდგომი პერიოდის NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება - ANAცONDA-2016, რომელშიც 24 ქვეყნის 31 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ, სამი ათასამდე ჯავშანტექნიკამ, ასზე მეტმა თვითმფრინავმა და შვეულმფრენმა, ასევე - თორმეტმა სამხედრო ხომალდმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ამ 24 ქვეყანას შორის უნდა ყოფილიყო საქართველოც, რომელიც პოლონეთში მე-4 მექანიზებული ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულის გაგზავნას აპირებდა,
თუმცა ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ გადაიფიქრა. ქართული მხარის ამ მოულოდნელ გადაწყვეტილებას ბევრი კითხვა მოჰყვა. ამას დაემატა "რადიო თავისუფლების" რუსული ბიუროს გავრცელებული თითქმის სენსაციური ინფორმაციაც, რომელიც ქართულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, თითქოს NATO-ს შტაბბინიდან საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს, "ანაკონდას" სწავლებაში მონაწილეობა არ მიეღო, რათა ვარშავის სამიტის წინ რუსეთის
ხელისუფლება არ გაეღიზიანებინა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელშიც განმარტა პოლონეთში ქართული ასეულის გაუშვებლობის მიზეზი: ასეულის ორი სამხედრო ჩუტყვავილათი დაავადდა და გენშტაბმა გადაწყვიტა, ასეულის პირადი შემადგენლობა პოლონეთში არ გაეგზავნა, რათა ეს ინფექციური დაავადება სწავლებაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც არ გადასდებოდათ.

შეიძლება სწავლებაზე გასაგზავნი ასეულის რამდენიმე მებრძოლს მართლაც ჰქონდა ჩუტყვავილა, მაგრამ სამხედრო უწყების ოფიციალური მიზეზი გარკვეულ ეჭვს აჩენს, რადგან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, ან სულაც მთელი ოცეულის ჩანაცვლება ძნელი არ იქნებოდა. ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ბრიუსელიდან მართლაც გამოგზავნეს ასეთი მესიჯი, ქართული მხარე კი პარტნიორების გამართლებას ცდილობს.

მეორე მხრივ, იქნებ მართლაც არ ღირდეს კრემლის ზედმეტად გაღიზიანება, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რად დაუჯდა საქართველოს 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტზე მხოლოდ სიტყვიერად დაპირებული "ალიანსში აუცილებლად გაწევრება", რაც რვა წლის შემდეგაც მხოლოდ დაპირებად რჩება, 2008 წლის აგვისტოში კი საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის მთავარი საბაბი გახდა. მაგრამ ასე რომ ვიფიქროთ, მაშინ აღარც ქართულ პოლიგონებზე ერთობლივი სამხედრო სწავლებები უნდა ჩავატაროთ ალიანსის წევრი ქვეყნების მონაწილეობით, რადგან კრემლის მესვეურთ ესეც აღიზიანებთ.

თუმცა "ანაკონდა-2016" მართლაც განსაკუთრებით გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა რუსეთის ხელისუფლებისთვის, რადგან ალიანსის გენერლები არც მალავენ, რომ ამ ფართომასშტაბიანი სწავლებით მათ რუსეთის მზარდი მილიტარისტული სურვილების დაოკება სურთ და თანაც ამოწმებენ, რამდენად სწრაფად შეუძლიათ ჯავშანსატანკო შენაერთების გადასროლა გერმანიიდან ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი - ბალტიისპირეთში.

პენტაგონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დასავლურ პრესას განუცხადა, რომ რუსეთს დაახლოებით 60 სთ დასჭირდება NATO-ს წევრი ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის სრული სამხედრო ოკუპაციისთვის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სათანადო რეაგირებას ვერ მოასწრებს. ალიანსი მხოლოდ 2017 წლის ბოლოსთვის გეგმავს ამ მიმართულებით ამერიკული არმიის ჯავშანსატანკო ბრიგადის დონის საბრძოლო დაჯგუფების მუდმივად განთავსებას, თუმცა ესეც არ იქნება საკმარისი, რადგან ეს საბრძოლო დაჯგუფება მხოლოდ 4 743 სამხედროს, 90 "აბრამსს",­ 90 "ბრედლის", 112 ჯავშანტრანსპორტიორსა და რამდენიმე თვითმავალ დანადგარს ითვლის, მაშინ, როცა ამდენივე ტანკი რუსეთის არმიის დასავლეთის სამხედრო ოლქის (რომელიც უშუალოდ ესაზღვრება NATO-ს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებს)­ მხოლოდ ერთ სატანკო პოლკს ჰყავს, მთლიანად ოლქის შეიარაღებაში კი 700-ზე მეტი ტანკი, 900-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 600-მდე ჯავშანტრანსპორტიორია.

საქართველომ არ გაგზავნა ასეული პოლონეთში, NATO-ს სწავლებაზე და თუნდაც ამის მიზეზი მართლაც ჩუტყვავილა იყოს, კრემლში გაღიზიანების საბაბი აღარ ექნებათ. მაგრამ ნიშნავს კი ეს, რომ ჩვენს ქვეყანას საფრთხე აღარ ემუქრება?

როდემდე უნდა გვეშინოდეს ვიღაცის "გაღიზიანების" და როდემდე ვიყოთ ვიღაცის "შეშფოთება-აღშფოთების" იმედად?

გავაზელი
27 ივნისი 2016 16:58
ვაჟა ბატონო, დიდი იმედი მაქვს, ორივე მოვესწრებით იმ ბედნიერ (შენთვის უბედურ) დღეს, რუსეთი სსრკ-სავით რომ დაიშლება მარტივ მამრავლებად. აი მაშინ დიდი სიამოვნებით მოვსმენ შენს კომენტარებს. სტალინის შემდეგ სსრკ-მ 45 წელი გაქაჩა და როგორ გგონია, რამდენს გაქაჩავს რუსეთი სტალინის კარიკატურა პუტინის შემდეგ?
ვაჟა17
22 ივნისი 2016 10:15
grigori-ს

ისე, რა ჩამოყალიბებული თოკაძე ხარ, თუ ხვდები?
ბუჩქებში ჩეძვერითო, დორბლიანმა რო უთხრა, შენ იმ თაობისა იქნები! გამოძვერი?
მართალს
21 ივნისი 2016 19:09
ხო ჩვენთვის არავინაა და ისევ რუსებს დავუწვეთ ჯობია. თუმცა ბევრი დაწოლილებიც ხართ და თან ეხვეწებით კიდეც მიდი მიდიო!

რედაქტორის რჩევით