არაბები ქართულ საბრძოლო მოდულს ცდიან
13-06-2016
არაბები ქართულ საბრძოლო მოდულს ცდიან
საუდის არაბეთის არმიის ჯავშანტექნიკაზე მალე "დელტაში" აწყობილ დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულებს დაამონტაჟებენ

დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული თავდაპირველად "ლაზიკაზე" გამოიცადა, თუმცა მისი დამონტაჟება თითქმის ყველა ტიპის ჯავშანმანქანაზე შეიძლება

ამ დღეებში საუდის არაბეთის ერთ-ერთ პოლიგონზე საქართველოდან ჩასულმა სპეციალისტებმა სროლით გული იჯერეს - მათ ადგილობრივი სამხედროების თვალწინ გამოცადეს "დელტაში" აწყობილი დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული, რომლის დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკაზეა შესაძლებელი. უკვე ბევრმა იცის, რომ "დელტამ" საუდის არაბეთში შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების დიდი პარტიის გაყიდვით
ბილიკი გაჭრა შეიარაღების მსოფლიო ბაზრისკენ, სადაც ასეთი დიდი კონკურენციაა.

ამჯერად ამ ბილიკის გასაფართოებლად მუშაობა გრძელდება და არაბებთან ახალი კონტრაქტის განხორციელება იწყება.
"დელტას" გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს მოვალეობა, ერთი თვის წინ სწორედ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პირველად მიანიშნა არაბებთან ახალი, რამდენიმე ათეულმილიონიანი კონტრაქტის
დადების შესაძლებლობაზე.

მოგვიანებით გაირკვა, რომ "დელტა" საუდის არაბეთისთვის 67 მლნ ლარამდე ღირებულების დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულების მიწოდებას აპირებს,­ რომელთა დამონტაჟება თითქმის ყველა ტიპის ბორბლებიან და მუხლუხებიან ჯავშანმანქანაზეა შესაძლებელი.

ამ საბრძოლო მოდულის ახლოს ნახვა და დათვალიერება შეეძლო ყველა მსურველს, ვინც ბოლო წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულებზე გამოფენილ ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე - "ლაზიკებზე" - აძრომა არ დაიზარა.
რატომ დაინტერესდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი არმიის სარდლობა ქართული დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულით?

ჯავშანმანქანების უმეტესობას ტყვიამფრქვევი ზემოდან, ღია ტურელში უმონტაჟდება, რის გამოც მეტყვიამფრქვევის თავი და ტანის ზედა ნაწილი მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლისგან თითქმის დაუცველია. მართალია, ქვეითთა საბრძოლო მანქანებში ქვემეხი და ტყვიამფრქვევი ჯავშანკოშკურაშია, მაგრამ ინტენსიური სროლისას წარმოქმნილი დამწვარი დენთის აირი საბრძოლო და სადესანტო ნაკვეთურებში მებრძოლებს სუნთქვას უშლის, რადგან გამწოვი სისტემა მომწამვლელ აირს ხშირად დროულად და ეფექტურად ვერ იწოვს. "დელტა" კი გვთავაზობს საბრძოლო მოდულის ჯავშანმანქანის სახურავზე დამონტაჟებას და მის დისტანციურად მართვას ჯავშანმანქანის კორპუსის შიგნით დამონტაჟებული ჯოისტიკითა და მონიტორით, ისე, რომ მსროლელიც დაცული იქნება და არც დამწვარი დენთის აირი მოწამლავს ეკიპაჟსა და დესანტს.

ეს, რა თქმა უნდა, "დელტას" ნოუ-ჰაუ არ გახლავთ - დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულები, დაახლოებით ორი ათეული წელია, დამონტაჟებულია სერიულად წარმოებულ ბევრ ჯავშანტექნიკაზე, თუმცა მისი აქტიურად გამოყენება დაიწყეს სატელევიზიო სისტემების განვითარების შემდეგ.

არაბების მოწონებულ "დელტას" საბრძოლო მოდულს ორი კამერა აქვს, რომლებიც ეკიპაჟს სამიზნის აღმოჩენის საშუალებას აძლევს დღე-ღამის განმავლობაში, თბოვიზურ რეჟიმშიც კი, როდესაც ეკრანზე მოწინააღმდეგის ტექნიკის მაღალტემპერატურიანი დეტალები (ძრავა, ბორბლები, მუხლუხები, ლულები) რამდენიმე კილომეტრიდან ღამითაც კი კარგად ჩანს, ისევე, როგორც რამდენიმე ასეულ მეტრში ადამიანის სხეულის დაუფარავი ნაწილები.

საბრძოლო მოდულზე დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხი და 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი. თუმცა, მონდომების შემთხვევაში (შესაბამისი შეკვეთის შემდეგ), შეიძლება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დაყენებაც, რომელიც "დელტას" ამ პროდუქციას უფრო უნივერსალურს გახდის.

მკითხველი შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ, აქვე განვმარტავთ: რა თქმა უნდა, არც ქვემეხი, არც ტყვიამფრქვევი და მით უმეტეს, თბოვიზორი "დელტას" არ დაუმზადებია. "დელტაში" მოხდა სხვადასხვა ქვეყანაში შესყიდული კომპონენტების შერწყმა დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულად, რაც დღეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

ჩვენი ინფორმაციით, "დელტასგან" ნაყიდი საბრძოლო მოდულების პირველი პარტია არაბმა სამხედროებმა შეიძლება ამერიკული MRAP-ების (ჩასაფრებებისა და ნაღმებისგან დაცული კარგად შეჯავშნული სატრანსპორტო მანქანები, რომლებსაც ერაყსა და ავღანეთში ინტენსიურად იყენებენ. რამდენიმე ათეული MRAP-ი ქართულ არმიასაც ჰყავს) სახურავებზეც დაამონტაჟონ, მომავალში კი არ არის გამორიცხული, საქართველოდან საუდის არაბეთისთვის მიწოდებული ჯავშანტექნიკა თავიდანვე აღიჭურვოს "დელტაშივე" აწყობილი დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით