პრეზიდენტის ვარჯიში სამიზნედ ქცევის საფრთხის ქვეშ... - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ვარჯიში სამიზნედ ქცევის საფრთხის ქვეშ...

ერთ-ერთმა ქართულმა ტელეკომპანიამ ინტერნეტში განათავსა პატარა ვიდეორგოლი, თუ როგორ ვარჯიშობს ავლაბრის რეზიდენციის აივანზე საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს, ივარჯიშოს სუფთა ჰაერზე, თუმცა ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განსხვავებით, ქვეყნის პირველი პირის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მეტად საფრთხილოა.

შეიძლება საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვაგვარად უდგებოდეს საქართველოს დღევანდელ თავკაცს, მაგრამ პრეზიდენტი ქვეყნის ისეთივე სიმბოლოა, როგორიც დროშა, გერბი, ჰიმნი, ამიტომ მისი დაცვა განსაკუთრებული ზომების მიღებას გულისხმობს.

ტელეკომპანიის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკლიპი 56 წამს გრძელდება. ის გადაღებულია პრეზიდენტის რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სასტუმრო "ამბასადორიდან".

ჩვენ გავზომეთ ზუსტი პირდაპირი მანძილი სასტუმროდან პრეზიდენტის რეზიდენციის აივნამდე, რომელიც 320 მ აღმოჩნდა, ანუ სულ რაღაც სამი ასეული მეტრიდან რამდენიმე წუთი თითქმის ერთ ადგილზე მდგომი პრეზიდენტი (ის სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა და თან მობილურ ტელეფონზე საუბრობდა) ვიდეოკამერის ობიექტივს ჰყავდა დაფიქსირებული.

საბედნიეროდ, ჟურნალისტები პრეზიდენტებზე მხოლოდ ფოტოაპარატებითა და ვიდეოკამერებით "ნადირობენ", მაგრამ ხომ შეიძლება გამოჩნდეს რეალური ძალა, რომელიც ვიდეოკამერის ობიექტივს სნაიპერული შაშხანის ოპტიკური სამიზნით შეცვლის?

300-400 მ პროფესიონალი სნაიპერისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, მით უმეტეს, თუკი ფიგურა თითქმის უძრავადაა.

თავის დამშვიდება პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს იმით შეუძლია, რომ აივანი შემინულია 2 მ სიმაღლეზე. მინის ფერი გვავარაუდებინებს, რომ ის ტყვიაგაუმტარია.

ეს გარემოება მნიშვნელოვნად ამცირებს აივანზე სავარჯიშოდ გამოსული პრეზიდენტისთვის საფრთხეს. თუმცა უსაფრთხოების სამსახურებმა ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ: ტყვიაგაუმტარი მინები 7,62 მმ კალიბრიან სნაიპერულ ტყვიებს უძლებს, რომელთა საწყისი ენერგია ლულიდან გამოტყორცნის მომენტში 2500-3600 ჯოულია (მაგალითად, საბჭოთა სნაიპერული შაშხანის CВД-ს 7,62 მმ კალიბრიანი ჯავშანგამტანი ტყვიის საწყისი ენერგია 3650 ჯოულია, ხოლო ამერიკული Remington 700-ით ნასროლი 7,62 მმ კალიბრიანი (.308 Win) ტყვიისაა კი 3695-მდე).

პრეზიდენტის შემინული აივანი იმედია, გაუძლებს ერთ ასეთ 7,62 მმ კალიბრიან სნაიპერულ ტყვიას და მეორე გასროლამდე, ალბათ მოასწრებენ და მთავარ სამიზნეს გადამალავენ.

მაგრამ სიტუაცია ბევრად სახიფათო გახდება, თუკი სავარაუდო სნაიპერმა მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა გამოიყენა.

12,7X99მმ კალიბრიანი დასავლური ვაზნა, იგივე .50BMG უკვე 90 წელია, აქტიურად გამოიყენება როგორც ტყვიამფრქვევებში, ისე თანამედროვე მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანებში, მათ შორის საქვეყნოდ ცნობილ Barret M82-ში. გასროლისას ამ თითქმის 46-გრამიანი ტყვიის საწყისი ენერგია 16.820 ჯოულს აღწევს, რაც 7,62 მმ კალიბრიანი სნაიპერული ტყვიის საწყის ენერგიაზე თითქმის 5-ჯერ მეტია. არანაკლები ჯავშანგამტანი თვისებებით გამოირჩევა 12,7X108 მმ კალიბრიანი საბჭოთა მსხვილკალიბრიანი ვაზნის 55,4 გ მასის БС ტიპის ტყვია. მისი საწყისი სალულე ენერგია 18.625 ჯოულია, ამასთან ეს ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ტყვიის გულა ვოლფრამის კარბიდის შენადნობისგანაა დამზადებული, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ჯავშანგამტანობას.

პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურებმა ალბათ უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების სნაიპერები (როგორც ГРУ-დან, ისე ФСБ-დან) ჩეჩნეთში უკვე დიდი ხანია აქტიურად იყენებენ 12,7მმ КСВК და ОСВ-96 ტიპის მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანებს, რომელთა საშუალებით 1000 მ სიშორიდან შეიძლება თუნდაც მსუბუქად შეჯავშნულ ავტომობილში მჯდარი ადამიანის დაზიანება.

მეტიც, რუსეთის ФСБ-ს სპეციალური დანიშნულების ცენტრმა (ЦСН) ამას წინათ შეიარაღებაში მიიღო მსხვილკალიბრიანი უხმაურო სპეციალური სნაიპერული შაშხანა 6С8 ВСК /ВССК Выхлоп.

"ვიხლოპის" დანიშნულებაა 600 მ დისტანციიდან დაცული ობიექტების (მძიმე ჯავშანჟილეტიანი ადამიანების) დაზიანება. მაყუჩი აქრობს გასროლისას წარმოქმნილ ცეცხლის ალს და 123 დეციბელამდე (ფაქტობრივად მცირეკალიბრიანი შაშხანის გასროლის ხმამდე) ახშობს ხმას. მართალია, ამ მსხვილკალიბრიანი შაშხანიდან ნასროლი სპეციალურად შექმნილი 12,7X54 მმ კალიბრიანი ვაზნის ტყვიის საწყისი სიჩქარე მხოლოდ 295 მ/წმ-მდეა (ბგერამდელი სიჩქარე) და საწყისი ენერგიაც 3650 ჯოულს არ აღემატება, მაგრამ თვითონ ტყვია 76 გრამს იწონის და 200 მ-ში 16 მმ სისქის ფოლადის მონოლითურ ფილას ხვრეტს!

ძნელი დასაჯერებელია, რომ პრეზიდენტის შემინული აივნის ჯავშანმდგრადობა 16 მმ სისქის ფოლადის ფილაზე მეტი იყოს...