ამერიკული სამხედრო ბაზები თუ ავღანეთში გასაგზავნი ქართული არმიის დანაყოფების გაძლიერება?! - კვირის პალიტრა

ამერიკული სამხედრო ბაზები თუ ავღანეთში გასაგზავნი ქართული არმიის დანაყოფების გაძლიერება?!

გასული კვირის ბოლოს ერთმანეთის მიყოლებით ორი სენსაციური ამბავი გახდა ცნობილი.

პირველი ეყრდნობა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს", რომელიც თითქოს იტყობინება, რომ პენტაგონის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაუგზავნეს აშშ-ის კონგრესს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტების განთავსების ნებართვის მოთხოვნით.

"როიტერის" თანახმად, ეს საჭირო იყო იმ ერთობლივი ოპერაციების მომზადების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რომლებსაც პენტაგონი ავღანეთში ახორციელებს.

"როიტერზე" დაყრდნობით ეს ინფორმაცია საქართველოს მასმედიის საშუალებებმა პარასკევს, 26 მარტს გაავრცელეს. მეორე დღეს, 27 მარტს კი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების მიერ მეორე ინფორმაცია გავრცელდა.

მასში ნათქვამია, რომ 26 მარტს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერების პროგრამის რეალიზაციას.

როგორც ხედავთ, ამ ორ საინფორმაციო შეტყობინებას შორის უდიდესი განსხვავებაა, რადგან ერთია, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსება საქართველოში და სულ სხვა - პენტაგონის დახმარების გაზრდა ქართული არმიის გასაძლიერებლად.

სხვათა შორის, პენტაგონის ამ განცხადებაში საქართველოს გარდა მოხსენიებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ხორვატია და უნგრეთიც, რაც უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ სიმართლესთან ახლოს უფრო მეორე ინფორმაციაა, ანუ პენტაგონი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსებას კი არ აპირებს საქართველოში, არამედ გააძლიერებს დახმარებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ავღანეთში თავიანთ სამხედრო კონტინგენტებს გაგზავნიან ან გაზრდიან მათ რაოდენობას.

ქაბულთან, ფრანგული სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება 173 ქართველი სამხედრო.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მეორე ქართული კონტინგენტის პირველი ნაწილი უკვე გაფრინდა ავღანეთში, ჰელმენდის პროვინციაში, სადაც 7 აპრილისთვის დანარჩენი ქართველი სამხედროებიც ჩავლენ.

საერთო ჯამში, ჰელმენდის პროვინციაში 750 (სხვა ინფორმაციით - უფრო მეტი) ქართველი სამხედრო ჩავა, რომლებსაც ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მოუწევთ რეალურ ბრძოლებში მონაწილეობა.

P.S. შაბათს, 27 მარტს, საღამოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ კონგრესს წარუდგინა სია იმ ქვეყნებისა, რომლებსაც სპეციალური ფინანსური დახმარება გაეწევათ. ეს ქვეყნებია: საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, ხორვატია, იემენი და ფილიპინები.

ამ ორ უკანასკნელს პენტაგონი დაეხმარება ქვეყნის შიგნით სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში, დანარჩენებს კი ავღანეთში სამშვიდობო მისიისთვის წვრთნისა და აღჭურვის პროცესის გაუმჯობესებაში.

როგორც ჩანს, "როიტერის" სახელით ზოგიერთმა რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ საგანგებოდ შეიყვანა შეცდომაში მკითხველი, აშშ საქართველოში სამხედრო კონტინგენტის განთავსებას აპირებსო. სინამდვილეში კი საუბარია მხოლოდ მორიგ ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე, რომელმაც ავღანეთში გასაგზავნი ქართველი სამხედროების მომზადება უნდა უზრუნველყოს...