ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?! - კვირის პალიტრა

ჯარისკაცები საქართველოდან სჭირდებათ, უვიზო ტურისტები - არა?!

გერმანია და საფრანგეთი "ტრადიციულად" ფეხს ითრევენ საქართველოს NATO-ში მიღებაზე და აჯანჯლებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა ითხოვენ ავღანეთსა და აფრიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტით დახმარებას...

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს, თბილისში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ MAP-ის დაბლოკვის ინიციატორები გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები იყვნენ.

მაშინ ეს გასაკვირი არც იყო, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი პუტინის თანამოაზრედ მიიჩნეოდა, იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონისთან კრემლის "მეფეს" სულაც ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა, გერმანიის ფედერალური კანცლერი კი მაშინაც მერკელი იყო.

დღეს უკვე დასავლურ მედიაშიც ხშირად ისმის და ზოგიერთი იქაური პოლიტიკოსიც აღიარებს, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ი რომ მიგვეცა, რუსეთი ვერ გაბედავდა სამხედრო აგრესიას ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის წინააღმდეგ და აღარც ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დაგვჭირდებოდა ალიანსის საბრძოლო დანაყოფების გადასროლაო.

თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა და უპირველესად, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, ბუქარესტის სამიტიდან რვა წლის შემდეგაც ფეხს ითრევენ საქართველოსთვის არათუ ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის, არამედ უვიზო რეჟიმის შემოღებაზეც. ამასთან, ზემოხსენებული ქვეყნების ხელისუფლებაში არ უარყოფენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც MAP-ის და უვიზო რეჟიმის მისაღებად არის საჭირო.

უსამართლობის გრძნობა, რომელიც მოტყუებულის სინდრომად იქცა, საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ეუფლება, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის "დამბლოკველებს" არ ჰყოფნით სითამამე, აშკარად განაცხადონ თავიანთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი - რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებისთვის თავის არიდება!

რუსეთის ფაქტორის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანიისა თუ საფრანგეთის ხელისუფლებას არ სურს, ამ ეტაპზე საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრად იხილოს. საქმე ის არის, რომ "ბებერ" ევროპას არ აქვს არც სამხედრო ძალა და არც ფინანსები, რომ კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველო რუსული სამხედრო აგრესიისგან დაიცვას, მით უფრო, რომ გერმანიის არმიის სამხედრო ბიუჯეტი ბოლო წლებში სისტემატურად მცირდება.

ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობაში უფრო ხშირად ისმის კითხვა: თუკი ქართული არმია მზად არის, გერმანელების დასახმარებლად ჯარისკაცები შორეულ ავღანეთში გაგზავნოს, ხოლო საფრანგეთის გვერდით უფრო შორეულ აფრიკაში დადგეს, რატომ არ არიან თანახმა ბერლინსა და პარიზში, საქართველოდან ჩასულები უვიზოდ მიიღონ და ალიანსის თავდაცვის მექანიზმები საქართველოსთვისაც აამოქმედონ?

ცალ კარში თამაში და თითიდან გამოწოვილი მიზეზების ძებნა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს კვლავ გაუჭიანურონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება, უახლოეს მომავალში შეიძლება მხოლოდ საქართველოსთვის იქცეს პრობლემად, მაგრამ მალე ეს ყველაფერი შეუტრიალდება ევროპას, რომლის სუსტი პოზიციით კრემლი აუცილებლად ისარგებლებს...