იყიდე დეტალები, ააწყვე, გაყიდე იარაღი (ექსკლუზივი)
27-06-2016
იყიდე დეტალები, ააწყვე, გაყიდე იარაღი (ექსკლუზივი)
სტატიის ავტორმა SMG-9-ის სროლისას არანაკლები სიამოვნება განიცადა, ვიდრე "ჰეკლერ-კოჰის" MP-5-ის სროლისას, რომელიც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს შორის მსოფლიო შედევრად არის მიჩნეული

ხელში გიჭირავს თანამედროვე დიზაინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც ტყვიებს 20-25 მ-ის დისტანციიდან მიზანში ზუსტად არტყამს. იარაღი ხელში კარგად "ზის", გასროლისას უკუცემის ძალა თითქმის არ იგრძნობა - მეტი რაღა უნდა გინდოდეს, მით უმეტეს, იცი, რომ თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ეს იარაღი შენს სამშობლოში, "დელტაშია" აწყობილი...

თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - "დელტაში" მხოლოდ ლულის კომპენსატორი
დამზადდა და იარაღის ჩარჩოს ქვედა კორპუსის შიდა ნაწილის გამოჩარხვა დასრულდა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სხვა ნაწილები კი: ლულა, მჭიდი, კონდახი, დამრტყმელ-დამშვები მექანიზმი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერნეტით არის გამოწერილი.

შეიძლება ვინმეს დაცინვა მოუნდეს, ხომ გეუბნებოდით, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო, მაგრამ მწარედ მოტყუვდება, რადგან სხვადასხვა მწარმოებლისგან შეძენილი დეტალებით იარაღის აწყობა
დღეს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა და ცნობილი იარაღის ფირმებიც ხშირად იყენებენ კომერციის ამ მომგებიან მეთოდს. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილი "ზიგ-ზაუერი" თავისი იარაღის ბევრი სახეობისთვის დეტალებს მთელ მსოფლიოში ყიდულობს.

"დელტას" შეუძლია ამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის "პიკატინის" მიმმართველების, მჭიდების, ტიბჟირის, კონდახის დამზადება გამძლე პლასტმასისგან და ლულის გამოჩარხვაც ნამზადისგან, მაგრამ ეს შეიძლება ისე ძვირი დაჯდეს, რომ ფინანსურად წამგებიანი აღმოჩნდეს.
როგორც "კვირის პალიტრას" "დელტას" წამყვანმა ინჟინერ-კონსტრუქტორმა გიორგი სუხიაშვილმა განუცხადა, მას იდეის გაჩენიდან ამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ასაწყობად მხოლოდ ერთი თვე დასჭირდა და ისიც იმიტომ, რომ უცხოეთიდან დეტალების გამოსაწერად საბუთების შეგროვება და ტრანსპორტირება გაჭიანურდა.

"იყიდე დეტალები, ააწყვე, გაყიდე იარა­ღი!" - ამ პრინციპით აწყობილ იარაღს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - მას არ სჭირდება განსაკუთრებული გამოცდების ჩატარება, რადგან უცხოეთში ცნობილ ფირმებთან ნაყიდი იარაღის დეტალები უკვე სერტიფიცირებულია. ამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის აწყობა ათას დოლარზე მეტი დაჯდა, მაგრამ დეტალების მწარმოებლებთან დაკავშირებისა და პარტიის წამოღების შემთხვევაში მისი თვით­ღირებულება შეიძლება 700 დოლარამდეც კი დაეცეს.
საქართველოში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს, ძირითადად, სამთავრობო დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმები იყენებენ. ისინი­ რომც დაინტერესდნენ "დელტაში" აწყობილი ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით, მათი შეკვეთის რაოდენობა კომერციული თვალსაზრისით უმნიშვნელო იქნება.

"დელტა" უკვე გავიდა შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე საუდის არაბეთში სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულების გაყიდვით. ამ ორივე პროექტშიც თითქმის ყველა დეტალი საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი და "დელტაში" აწყობილი. თუკი ამ პროექტებმა კომერციულ წარმატებას მიაღწია, რატომ არ შეიძლება, "ჰეთ-თრიკი" SMG-9-დ წოდებულმა თბილისში აწყობილმა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა შეასრულოს?

P.S. "დელტას" წამყვან ინჟინერ-კონსტრუქტორ გიორგი სუხიაშვილს კიდევ ერთი, ოღონდ "ბულპაპის" სქემის (როდესაც მჭიდი სასხლეტის უკან არის განთავსებული) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის აწყობა აქვს ჩაფიქრებული, რომელიც თავისი ულტრათანამედროვე დიზაინით, ალბათ, უკან ჩამოიტოვებს­ ისრაელის "ტავორის" ნებისმიერ მოდელს.

ჩვენი დოსიე:

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ SMG-9-ის სიგრძე ტელესკოპურად დაკეცილი კონდახით 490 მმ-ია. კონდახის ბოლომდე გაშლისას იარაღის სიგრძე 590 მმ-მდე იზრდება. მასა 2,8 კგ-ია. Mმას "გლოკის" პისტოლეტის ორი სახის მჭიდი უკეთდება, რომლებშიც 10 ან 33 ცალი 9X19 მმ კალიბრის "პარაბელუმის" ვაზნა თავსდება. იარაღის ავტომატიკა დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის გადაადგილების პრინციპზე. დამრტყმელ-დამშვები მექანიზმი M4 ტიპის ავტომატურ კარაბინში გამოყენებული სქემის მსგავსია.
giga
07 ივლისი 2016 14:39
გვაღირსოს დელტამ ნორმალური ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემა
რეზო
04 ივლისი 2016 22:16
რაც შეიძლება მეტი იარაღი გვჭირდება, რათა რუსების შემოსევის დროს მეტი და მეტი ვხოცოთ! უნდა გამარტივდეს მოსახლეობაზე იარაღის შეძენის პროცესი!

რედაქტორის რჩევით