რუსულ-სომხური საჰაერო თავდაცვის "ქოლგა" ქართულ ცასაც დაჩრდილავს
27-06-2016
რუსულ-სომხური საჰაერო თავდაცვის "ქოლგა" ქართულ ცასაც დაჩრდილავს
რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საჰაერო სივრცის კონტროლის გაძლიერება, წესით, NATO-სთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს...

სომხების ნაწილი უფრთხის მოსკოვისთვის სომხეთის საჰაერო სივრცის კონტროლის უფლების გადაცემას...


უახლოეს პერიოდში რუსეთი სომ­ხეთთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული რეგიონული სისტემის შექმნას აპირებს­. ხელშეკრულებას გასული წლის ბოლოს მოეწერა ხელი და დღე-დღეზე ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში მისი რატიფიცირება უნდა მოხდეს.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-სომხური გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის "ქოლგის" ამოქმედება ნიშნავს, რომ კრემლი სამხრეთ კავკასიის ცის უდიდეს ნაწილს გააკონტროლებს,
რაც უფრო გააძნელებს ამ რეგიონში ჩრდი­ლოატლანტიკური ალიანსის გამოჩენას.
გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსეთმა უკვე აამოქმედა ბელორუსიასა და ყაზახეთთან, თუმცა სომხეთისგან განსხვავებით, რუსეთს ამ ქვეყნებთან საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს.

რუსეთისა და სომხეთის გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ ის თითქმის მთლიანად გააკონტროლებს ამ ორი ქვეყნის
შუაში მოქცეულ საქართველოს საჰაერო სივრცეს. ტექნიკურად ეს განხორციელდება, ერთი მხრივ, სომხეთის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორებისა და სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების, ხოლო მეორე მხრივ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში განთავსებული რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიერ. საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეეძლება თავისივე ტერიტორიიდან გამოიყენოს ადრეული აღმოჩენისა და რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავებიც.

ეს საქართველოსთვის კარგს არაფერს მოასწავებს, რადგან ქართული აეროდრომებიდან აფრენილი თითქმის ყველა თვითმფრინავი და შვეულმფრენი (ეს განსაკუთრებით ეხება მარნეულის სამხედრო აერო­დრომს, რომელიც საქართველოს საჰაერო ძალების ძირითადი ბაზაა) მაშინვე მოხვდება რუსულ-სომხური გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორებისა და რადიოტექნიკური დაზვერვის საშუალებების კონტროლქვეშ.

მოსკოვისა და ერევნის საერთო ჩანაფიქრით არც ბაქოში უნდა იყვნენ აღფრთოვანებული, რადგან ეს თითქმის შეუძლებელს ხდის აზერბაიჯანული საბრძოლო ავიაციის ეფექტურად გამოყენებას, არადა, ამ ქვეყანამ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი საჰაერო ძალების შესაქმნელად უზარმაზარი თანხა დახარჯა.
შეშფოთების საფუძველი უჩნდება თურქეთსაც, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სომხეთს, მით უმეტეს, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვართან თავმოყრილ შედარებით თანამედროვე რუსულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს თურქეთის ცის სიღრმეში არანაკლებ 300-500 კმ-ზე შეუძლიათ "შეჭვრეტა".
როგორც ხედავთ, რუსულ-სომხური გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედება საზრუნავს გაუჩენს არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსა და თურქეთსაც.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საქართველოს თითქმის არაფრის შეცვლა არ შეუძლია; ვერც აზერბაიჯანი გააპროტესტებს მოსკოვისა და ერევნის "საჰაერო" დაძმობილებას, რადგან თვითონაც ცდილობს კრემლთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას და თანაც, რუსული იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. თურქეთი, რომელიც დღეს რუსეთთან მცირემასშტაბიანი "ცივი ომის" მდგომარეობაშია, ეცდება, სომხეთის საზღვართან თავისი სამხედრო ძალები გააძლიეროს, რაც უფრო გაამძაფრებს მოსკოვ-ანკარის დაპირისპირებას.

როგორი მოულოდნელიც უნდა იყოს, რუსულ-სომხური ერთობლივი საჰაერო თავდაცვის "ქოლგის" გაშლას კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა სომეხი საზოგადოების ერთი ნაწილის სახით. ისინი დაუფარავად აპროტესტებენ რუსეთის მიერ სომხეთის ცის კონტროლს, რადგან ეშინიათ, რომ გადამწყვეტ დროს რუსი სამხედროები აზერბაიჯანული მოიერიშეების ბომბებქვეშ მიატოვებენ, როგორც ა.წ. აპრილში მოხდა მთიან ყარაბაღში - სომხეთი ამაოდ ელოდა მოსკოვის არათუ სამხედრო, არამედ მორალურ და დიპლომატიურ მხარდაჭერასაც კი.
ვაჟა17
07 ივლისი 2016 14:46
ქართულ ცას ვერც ვერაფერი დაჩრდილავს და არც არაფერი, უტვინო გრანტიჭამია პოლიტიკოსების მიერ უსუსური ქმედებების გარდა!
შენს მეზობელს ომს მთელი მსოფლიო ვერ უბედავდეს და შენ იმასთან მრავალწლიან კონფრონტაციაზე მიდიოდე გიჟივით, ეგღა მაკლია, მაგათ რამე დავუთმოო, ეს არის სიჭკვიანის გამოვლინება? გაქეზებენ და მერე დაგცინიან, ეს არის საამაყო? ამდენი წელი ფარღალალა, ღია კარებში ვერ შესულხარ და თუთიყუშივით იმეორებ, ევროკავშირში და ნატოში გვღებულობენო, კიდევ რამდენ ხანს უნდა ატყუო საკუთარ თავსა და ხალხს?
რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საჰაერო სივრცის კონტროლის გაძლიერება საქართველოსათვისაც წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ანგლო-საქსებს ქართველი ხალხი ბევრს ვეღარ აბოგინებს, ჩვენ უნდა ვიყოთ რუსეთის მოკავშირე და ვიქნებით კიდეც!
დათო
07 ივლისი 2016 10:59
რაა აქ საკვირველი, ვუქნიოთ ხელი ახლა ,,ნატუკას" იქნებ აღშფოთდნენ ან შეშფოთდნენ, აბა რუსეთს რომ შემოუმწკრია ჯარი ამერიკამ რავა რუსეთს დაეძინდებოდა თუ , ამიტომაა საქართველომ ცოტა პრაგმატულად იფიქროს.და გაანებოს ყოველგვარ სამხედრო ბლოკებსა და აგურებს თავი.

რედაქტორის რჩევით