ისინი გვზვერავენ ციდან...
04-07-2016
ისინი გვზვერავენ ციდან...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან რუსი სამხედროები შეეცდებიან, აქტიურად გამოიყენონ უპილოტო საფრენი აპარატები დაზვერვისა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში სამხედრო წვრთნებითა და სწავლებებით უკვე ვეღარავინ გაგვაკვირვებს, თუმცა ცოტა ხნის წინ ცხინვალთან, ძარწემის პოლიგონზე, ჩატარებული საველე მომზადება მაინც გამოირჩეოდა და დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქართული არმიისთვის, ისე კონფლიქტის ზონის მიმდებარედ დასახლებული პუნქტების მოსახლეობისთვისაც.

მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის 1 500-მდე ჯარისკაცმა და ოფიცერმა ივნისში ძარწემის პოლიგონზე საველე
მომზადება გაიარა უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დაზვერვისა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირების მეთოდების დასახვეწად. საამისოდ გამოიყენეს "ზასტავას", "გრანატის", "ორლანისა" და "ლეერის" ტიპის უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები.

2006 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრილი რუსული საბრძოლო დანაყოფების მეთაურები მხოლოდ მოძველებული, სამამულო წარმოების "პჩოლას" იმედზე იყვნენ, რომლის კამერა
უხარისხო გამოსახულებას იძლეოდა. სენაკის სამხედრო ბაზის დაკავების შემდეგ რუსი მედესანტეების დაზვერვამ აღმოაჩინა ლაზერული დისკები, რომლებიც ქართული არმიის ისრაელის წარმოების უპილოტო "ჰერმესს" აფხაზეთის ციდან ჰქონდა გადაღებული. რუსი მზვერავები გააოცა "ჰერმესის" ვიდეოკამერის მიერ გადაღებული ფირების მაღალმა ხარისხმა - გამოკვეთილად ჩანდა გალის რაიონში დისლოცირებული რუსული საბრძოლო ტექნიკა სამეგრელოში შეჭრის წინ.

სწორედ აგვისტოს ომი იქცა იმ გარდამტეხ მომენტად, რის შემდეგაც რუსეთმა ისრაელისგან დაიწყო სხვადასხვა ტიპის უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების შესყიდვა. მაგალითად, 2009 წელს 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა იყიდა, ხოლო 2012 წელს 400-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბოლო მონაცემებით, რუსეთს ისრაელისგან, საერთო ჯამში, შეიძლება 1,7 მილიარდი დოლარის უპილოტოებიც ჰქონდეს შესყიდული.
პარალელურად, ისრაელმა შეაჩერა საქართველოსთვის უპილოტოების მიყიდვა, რასაც, შეიძლება, მოსკოვთან გაფორმებული ძვირად ღირებული კონტრაქტიც მოითხოვდა.

ისრაელის დახმარებით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ რამდენიმე წელიწადში შეივსეს უპილოტო საფრენი აპარატების დანაკლისი და აქტიურად დაიწყეს მათი გამოყენება თანამედროვე ჰიბრიდულ ომებში, მათ შორის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს კარგად გამოჩნდა ზუსტი საარტილერიო ზალპების დროს, როდესაც ცეცხლის კორექტირება სწორედ უპილოტოების გამოყენებით ხდებოდა.
ამისთვის ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში ჩამოყალიბდა უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების ასეულები, ხოლო ამ ოლქის პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა 2014 წლის მარტიდან აქტიურად გამოიყენებოდა ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისთვის, შემდეგ კი, დონბასში შესაჭრელად.

სწორედ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სტრუქტურულ შემადგენლობაშია მე-4 და მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზები ცხინვალსა და აფხაზეთში, ასევე, 102-ე ბაზა სომხეთში, გიუმრიში. შესაბამისად, არის დიდი საფრთხე, რომ "უკრაინულ" გამოცდილებას ამ რუსული უპილოტოების ოპერატორები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენებენ.
ბოლო მონაცემების თანახმად, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებაში არსებულმა უპილოტოებმა ერთი წლის განმავლობაში 6 ათასი საათი იფრინეს და 28 ათასი კილომეტრი დაფარეს, რაც მათი ოპერატორების მაღალი მომზადების დონეზე მიანიშნებს.
ვის და როგორ შეიძლება დაემუქრონ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსული უპილოტოები?

ჯერჯერობით, მე-4 საოკუპაციო ბაზაში შეიარაღებაში აქვთ ტაქტიკური დანიშნულების სადაზვერვო უპილოტოები, რომლებიც 10-20 კილომეტრის რადიუსში მოქმედებენ, თუმცა უპილოტო "ორლანს" 50-60 კილომეტრის რადიუსშიც შეუძლია სადაზვერვო ფრენების შესრულება. ეს კი ნიშნავს, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან გამოშვებული რუსული "ორლანი" უპრობლემოდ გადაიღებს სადაზვერვო ფოტო-ვიდეომასალას თუგინდ თბილისის თავზეც, რადგან მცირე ზომების გამო მის რადიოლოკაციური მეთოდით აღმოჩენა გართულებულია, ხოლო ვიზუალურად დანახვა 2-3 კილომეტრ სიმაღლეზე ძალიან ძნელია.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის განმავლობაში გადახდილ ომებში მოწინააღმდეგე ყველაზე მეტად ქართულ არტილერიას უფრთხოდა, მაგრამ რუსული უპილოტო სადაზვერვო სისტემების ხარისხობრივი, რაოდენობრივი და, რაც მთავარია, საბრძოლო გამოცდილების, ზრდის ფონზე ძალზე იზრდება იმის საფრთხე, რომ მოწინააღმდეგემ კონტრსაარტილერიო ბრძოლის დროს ქართული საარტილერიო დანადგარები უპილოტოებით კორექტირებული პირველივე გასროლებით გაანადგუროს.
nato
21 ივლისი 2016 14:09
რუსეთისთვის საქართველოს სამხედრო შე4საზლებლობა არაფერს არ წარმოადგენს, ამიტომ მთავარია რუსეტმა არ მოინდომოს თორემ ჩვენი შესაძლებლობები არ არის უსასრულო ..
ვაჟა17
08 ივლისი 2016 12:41
თანამედროვე რუსეთისა და თანამედროვე საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების შედარების იდეა რო დაგებადოს, ან დებილი უნდა იყო, ან დიდი ნამუსგარეცხილი! თუ ამ იდეას ფრთებსაც შეასხამ და სტატიასაც გამოაცხობ, "ან" შეგიძლია აღარ იხმარო!

რედაქტორის რჩევით