ტერორისტებმა აეროპორტს სპეცრაზმის ტაქტიკით შეუტიეს
04-07-2016
ტერორისტებმა აეროპორტს სპეცრაზმის ტაქტიკით შეუტიეს
თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ტერაქტების კვალი შეიძლება ჩეჩნეთისკენ მიდიოდეს

28 ივნისს თურქეთში, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში, ტერაქტი მოხდა - ტერორისტმა-კამიკაძეებმა გამოიყენეს ახალი ტაქტიკა, რომელიც დამახასიათებელია სხვადასხვა ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, როდესაც ისინი დივერსიულ ოპერაციას ატარებენ.

ტერორისტებმა წინას­წა­რი დაზვერვის შედეგად იცოდნენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ცეცხლსასროლი იარაღით ვერ შეაღწევდნენ აეროპორტის შენობაში, რადგან რენტგენული სკანერი აუცილებლად აღმოაჩენდა მათ საშიშ ტვირთს. ამიტომაც ყურადღების გადატანის მიზნით ხერხი იხმარეს (რასაც ასევე ხშირად მიმართავენ სპეცდანიშნულების დივერსიული ჯგუფები)
- აეროპორტის შესასვლელთან ავტომატებით ცეცხლი გახსნეს და აფეთქებაც მოახდინეს. პოლიციისა და დაცვის მთელი ყურადღება ამ მიმართულებით გამახვილდა, რითაც ისარგებლეს ტერორისტული ჯგუფის სხვა წევრებმა, შეაღწიეს აეროპორტის შენობაში და ორმა კამიკაძემ თავი მგზავრებს შორის აიფეთქა.

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 60 მილიონამდე ადამიანს ემსახურება, და მასზე
თავდასხმა მსოფლიოზე ტერორისტული თავდასხმის ტოლფასია

სამმაგი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 40-ზე მეტი კაცი, დაახლოებით 240-მდე კი დაიჭრა, რაც უდავოდ დიდი ტრაგედიაა, თუმცა ტერორისტებმა სხვა მიზანსაც მიაღწიეს - ააფეთქეს ერთ-ერთი ყველაზე დაცული სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, რადგან ათათურქის აეროპორტით წელიწადში თითქმის 60 მლნ მგზავრი სარგებლობს. ამიტომაც ეს ტერორისტული აქტი არა მარტო თურქეთზე, არამედ მთელ მსოფლიოზე თავდასხმას ნიშნავს.

თურქეთის მასმედიაში გაჩნდა ვერსიები იმის შესახებ, რომ აეროპორტზე თავდასხმის კვალი ყოფილი საბჭოთა კავშირისკენ მიდის. კერძოდ, შესაძლოა, სამი ტერორისტი-კამიკაძე დაღესტნელი, ყირგიზი ან უზბეკი იყო.

ასევე გაიჟღერა ჩეჩენი აჰმედ ჩატაევის გვარმაც, რომელიც ზოგიერთმა თურქულმა საინფორმაციო საშუალებამ ამ ტერაქტის შესაძლო ორგანიზატორადაც კი დაასახელა. აჰმედ ჩატაევი 2012 წელს ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ თბილისში გამართულ სასამართლო პროცესზე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის თურქეთში გაემგზავრა. თურქეთის სპეცსამსახურებს აჰმედ ჩატაევის ძებნა აქვთ გამოცხადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტის შემსრულებლად მაშინვე "ისლამური სახელმწიფო" ჩათვალეს, ეს ვერსია შეიძლება არც დადასტურდეს, რადგან ტერაქტიდან ორი დღის შემდეგაც მის წარმომადგენლებს ეს არ დაუდასტურებიათ.

ბოლო წლების ტერაქტების სერია მიუთითებს, რომ სამოქალაქო ავიაციის შემადგენელ კომპონენტებზე თავდასხმა (თვითმფრინავებზე, აეროპორტებზე) საერთაშორისო ტერორისტების ხშირ სამიზნედ იქცა, რადგან ეს უფრო დიდ რეზონანსს იწვევს მსოფლიოში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით