არაოფიციალური ემბარგო შეიარაღების შესყიდვაზე საქართველოს აშშ-მა მოუხსნა?! - კვირის პალიტრა

არაოფიციალური ემბარგო შეიარაღების შესყიდვაზე საქართველოს აშშ-მა მოუხსნა?!

შეუძლია კი ქვეყნის ბიუჯეტს, ასეულობით მილიონი ლარი "ჯაველინებისა" თუ "სტინგერების" შესაძენად გამოყოს?

"თუკი ახლა თეთრი სახლი აპირებს, კრემლთან ურთიერთობაში "გადატვირთვის" პოლიტიკა დაასრულოს და უფრო ხისტი ნაბიჯები გადადგას, მაშინ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევაც წარსულს უნდა ჩაჰბარდეს"

6 ივლისს თბილისში საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.

"მემორანდუმი, რომელსაც ახლა ხელი მოვაწერეთ, ხელს შეუწყობს თავდაცვასა და მისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას ქართული ძალების თავსებადობის, მდგრადობისა და განთავსების გასაუმჯობესებლად, რათა მათ შეძლონ ნატოს სხვა ძალებთან თანამშრომლობა. ეს დაეხმარება წვრთნასა და სწავლებაში, ოპერატიული და ტაქტიკური პერსონალის გაცვლაში, რაც შესაძლებელს გახდის ჩვენი ოპერაციების გაუმჯობესებას. ეს იქნება თავდაცვის მართვის საუკეთესო პრაქტიკა... ეს ასევე გულისხმობს ერთობლივი და კომბინირებული წვრთნების ჩატარებას გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობას სასაზღვრო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების განსამტკიცებლად; ასევე გაგრძელდება ინფორმაციის გაზიარება", - განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ სამხედრო დახმარებას ადრეც დაგვპირებია და არაერთი ათეული მლნ დოლარიც დახარჯულა, მაგრამ ეს დაპირებები მაინც არამთავარ მიმართულებებს ეხებოდა და ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეებში თავდაცვითი საბრძოლო ოპერაციებისთვის მზადყოფნის ზრდას არ ემსახურებოდა.

რა თქმა უნდა, ქართული არმიისთვის მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებისას ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ერაყის მისიაგამოვლილმა 5-6 ათასმა სამხედრომ ეს გამოცდილება აგვისტოს ომში თითქმის ვერ გამოიყენა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ამერიკელი ინსტრუქტორები ჩვენს სამხედროებს, ძირითადად, ჩეკ-პოინტების მოწყობას და პატრულირებას ასწავლიდნენ, რაც ერაყის ანტიპარტიზანულ ოპერაციებში სწორედ საჭირო იყო, მაგრამ არ გამოდგებოდა რუსული სატანკო კოლონების შესაჩერებლად თუ ავიაციის შემოტევებისგან თავდასაცავად.

კონვენციური ომებისთვის მომზადებული ქართული ჯარი თავდაცვითი საბრძოლო ოპერაციების წარმატებით ჩასატარებლად რომ არ გამოდგებოდა,D აგვისტოს ომის შემდეგ თითქოს ვაშინგტონშიც იგრძნეს, რასაც 2009 წლის დასაწყისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის გაფორმება მოჰყვა. ამ ქარტიის მეორე თავი ეხებოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას. დოკუმენტში აღნიშნული იყო: "ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას, დააკმაყოფილოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ლეგიტიმური საჭიროებები, მათ შორის - ჯეროვანი, ნატოსთან თავსებადი სამხედრო ძალების განვითარების გზით."

ამის შემდეგ საქართველოში იმედი მიეცათ, რომ პენტაგონი ქართულ არმიას ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს თუ არ აჩუქებდა, მიჰყიდდა მაინც, მაგრამ ეს იმედი მალევე გაცრუვდა. ამის ნაცვლად აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო გამოუცხადებელი ემბარგოს პირობებში აღმოჩნდა. დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ არათუ შემტევი, არამედ თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღების მოყიდვაზეც, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინათ.

იმედის ახალი ნაპერწკალი 2012 წლის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც ვაშინგტონში, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა გაიმართა და მიიღეს გადაწყვეტილება, ქართულ მხარესთან გაეღრმავებინათ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ექვს კონკრეტულ საკითხზე, მათ შორის - საჰაერო თავდაცვის სფეროსა და სატრანსპორტო შვეულმფრენების პარკის განახლებაზე.

მას შემდეგ კიდევ ოთხი წელი გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ არმიას თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებისას ამერიკული მხარის დახმარება არ დასტყობია.

თუკი 2016 წლის 6 ივლისს თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი ფარატინა ქაღალდად არ დარჩა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დანაპირები გამართლდა, მაშინ მართლაც უნდა ველოდოთ ყინულის დაძვრას როგორც ქართული არმიის გადაიარაღების, ისე - ამერიკული სამხედრო დახმარების სახით.

ამერიკულმა მხარემ კარგად იცის, რა სჭირდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად და მისთვის ამის გაკეთება ძნელი არ არის არც ფინანსური თვალსაზრისით.

აქამდე ამერიკელთა თავშეკავების მიზეზი რუსეთი იყო, მაგრამ თუკი ახლა თეთრი სახლი აპირებს, კრემლთან ურთიერთობაში "გადატვირთვის" პოლიტიკა დაასრულოს და უფრო ხისტი ნაბიჯები გადადგას, მაშინ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევაც წარსულს უნდა ჩაჰბარდეს.

მისასალმებელია, როდესაც ვაშინგტონი აცხადებს, რომ "მემორანდუმი... "ხელს შეუწყობს თავდაცვასა და მისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას ქართული ძალების თავსებადობის, მდგრადობის და განთავსების გასაუმჯობესებლად", მაგრამ ეს ახალ პრობლემას აჩენს.

აშშ-მა საქართველოს შეიძლება მართლაც მოუხსნას გამოუცხადებელი ემბარგო თავდაცვითი შეიარაღების შეძენაზე, მაგრამ შეუძლია კი ქვეყნის ბიუჯეტს, ასეულობით მლნ ლარი "ჯაველინებისა" თუ "სტინგერების" შესაძენად გამოყოს?

თუმცა ჯერჯერობით არც ვიცით, ამერიკული მხარე დათანხმდება თუ არა ასე საჭირო ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებისა" და მით უმეტეს - საზენიტო "სტინგერების" მოყიდვას. Mმისი შემოთავაზება შეიძლება ისევ არალეტალური შეიარაღებით შემოიფარგლოს, რომელიც, რა თქმა უნდა, აუცილებელია ქართული არმიისთვის (მაგალითად, კონტრსაბატარეო რადიოლოკატორები, რომლებიც მოწინააღმდეგის არტილერიის საცეცხლე პოზიციების ოპერატიულად გამოსავლენად გამოიყენება. პენტაგონმა გასულ კვირას უკრაინას 14 ასეთი რადიოლოკატორი აჩუქა), მაგრამ ის შეტევაზე გადმოსულ რუსულ ტანკს ვერ შეაჩერებს.

დასანანია, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ აგვისტოს ომიდან მხოლოდ რვა წლის შემდეგ იწყებს საუბარს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებაზე (აქამდე ხომ ყურადღება, ძირითადად, ქართული დანაყოფების ერაყისა და ავღანეთის მისიებისთვის მზადებას ეთმობოდა), მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და იმედია, ამ მემორანდუმში შეტანილი და საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაპირებები ამჯერად მაინც არ დარჩება შეუსრულებელი.