ნატო VS რუსეთი - შავი ზღვა დაპირისპირების ახალ კერად იქცევა?
18-07-2016
ნატო VS რუსეთი -  შავი ზღვა დაპირისპირების ახალ კერად იქცევა?
შავ ზღვაში დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ახალი კერა იქმნება

ახალი "ცივი ომის" ფრონტის­ ხაზი მალე უფრო მკვეთრად გამოიხატება შავ ზღვაში და საქართველოს ტერიტორიულ წყლებთანაც, რადგან რუსეთიც და ჩრდი­ლოატლანტიკური ალიანსიც­ შავი ზღვის აკვატორიაში თა­ვიან­თი სამხედრო-საზღვაო ძალების­ მნიშვნელოვნად გაძლიერებას იწყებენ.

შავი ზღვის აკვატორია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დაპირისპირებისას ჩაკეტილ ზონად მიიჩნეოდა, რადგან NATO-ს წევრ თურქეთს ყოველთვის შეეძლო, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაეკეტა და საბჭოთა სამხედრო ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში არ გაეშვა, მაგრამ დღეს,
სარაკეტო ტექნიკის განვითარების პირობებში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თანამედროვე ფრეგატებს, კორვეტებსა და დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ შავი ზღვის აკვატორიიდან ფრთოსანი რაკეტებით (მათ შორის - ბირთვულქობინიანებით) დაემუქრონ NATO-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს, რაც კარდინალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს არა მარტო შავი ზღვის აკვატორიაში.

ამ ინფოგრაფიკაში ვეცდებით, ვაჩვენოთ, რა
შესაძლებლობები აქვთ შავიზღვისპირა ქვეყნების­ საზღვაო ძალებს და ვის მხარეს არის უპირატესობა - NATO-ს­ თუ რუსეთის...

NATO-ს ვარშავის სამიტზე ჩრდი­ლოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ გააჟღერა სურვილი შავ ზღვაში გააქტიურების დაწყებაზე, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლის საპასუხო რეაქცია გამოიწვია. სახიფათო ინციდენტები შავ ზღვაში ბოლო დროს არაერთხელ მოხდა ამერიკულ და რუსულ საზღვაო ძალებს შორის. როგორც ჩანს, NATO არ აპირებს, შავი ზღვის სრული კონტროლი რუსეთს დაუთმოს და ეცდება, გააძლიეროს თავისი შავიზღვისპირა ქვეყნებისა და ასევე მოკავშირეების საზღვაო შესაძლებლობები. შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი (თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი) NATO-ს წევრია, ორი მოკავშირე (საქართველო და უკრაინა) და მხოლოდ ერთი, რუსეთია დაპირისპირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს აფხაზეთისა და უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ შავი ზღვის აკვატორიაში დღესდღეობით რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკეთესი სტრატეგიული პოზიციები უკავია და შავი ზღვის­ აკვატორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.

ალიანსს მოუწევს NATO-ს სამხრეთი ფლანგის გაძლიერება, რაც შეიძლება საქართველოს სანაპირო ზოლისა და ტერიტორიული წყლების კონტროლისა და დაცვის განმტკიცების სახითაც გამოიხატოს, რისთვისაც სასურველი იქნება საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების, როგორც შეიარაღებული ძალების სახეობის აღდგენა.

რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები

რუმინეთის ძირითადი საზღვაო ბაზები კონსტანცასა და მანგალიას პორტებშია.
შეიარაღებაშია ერთი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი (არასაბრძოლო მდგომარეობაში), ოთხი ფრეგატი, ოთხი კორვეტი, ექვსი სარაკეტო კატარღა, ხუთი მტრალავი.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები


2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ უკრაინამ დაკარგა ძირითადი საზღვაო ბაზა სევასტოპოლში. მას დარჩა ერთი მთავარი საზღვაო ბაზა ოდესაში და ორი ბაზირების ადგილი ნიკოლაევსა და ოჩაკოვში.
შეიარაღებაშია თითო ფრეგატი, კორვეტი, საშუალო-სადესანტო ხომალდი, მტრალავი, სარაკეტო და სადესანტო კატარღა და ორი ჯავშანკატარღა. საზღვაო ავიაციის შემადგენლობაში ირიცხება ხუთი თვითმფრინავი და ცხრა შვეულმფრენი.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი


რუსეთს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების ბაზირების ადგილები ნოვოროსიისკის, ანექსირებული სევასტოპოლის, დონუზლავის და ფეოდოსიის პორტებში აქვს. შავ ზღვაში რუსეთს ყველაზე მეტი სამხედრო დანიშნულების მცურავი საშუალება ჰყავს. მათი უმეტესობა მოძველებულია, თუმცა რუსეთმა სწრაფად დაიწყო შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღება.
შეიარაღებაშია ხუთი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი (მომავალ წელს კიდევ ორი დაემატება), ერთი სარაკეტო კრეისერი, ხუთი სადარაჯო ხომალდი, რვა დიდი სადესანტო ხომალდი, ექვსი მცირე სარაკეტო ხომალდი, ექვსი სარაკეტო კატარღა და ორმოცზე მეტი სხვა­დასხვა ტიპის დამხმარე მცურავი საშუალება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შედის საზღვაო ავიაციის ორი პოლკი, მათგან ერთი - საფრონტო ბომბდამშენების.

ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალები


ბულგარეთის საზღვაო ძალებში 3,5 ათასამდე მეზღვაური მსახურობს. მას ორი ძირითადი საზღვაო ბაზა აქვს ვარნასა და ბურგასის პორტებში. შეიარაღებაშია ოთხი ფრეგატი, ორი კორვეტი, სამი სარაკეტო კატარღა, ოთხი მტრალავი და შვიდი დამხმარე მცურავი საშუალება.

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები


თურქეთი შავ ზღვაში ორ ძირითად საზღვაო ბაზას იყენებს სინოპისა და სამსუნის პორტებში. მისი ძირითადი ძალები ხმელთაშუა ზღვაშია თავმოყრილი, თუმცა დაუბრკოლებლად შეუძლია მათი ოპერატიულად გადმოსროლა შავ ზღვაში. შეიარაღებაშია ცამეტი ერთეული დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი, თექვსმეტი ფრეგატი და რვა კორვეტი.

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა


საქართველო ერთ­ადერთი შავიზღვის­პირა­ ქვეყანაა, რომელსაც სამხედრო-საზღვაო ძალე­ბი არ ჰყავს. ტერიტ­ორიულ წყლებს შსს-ს­­ დაქვემდებარებული სანაპირო დაცვა აკონტროლებს; ბაზირების ადგილები აქვს ფოთსა და ბათუმში.
შეიარაღებაშია თერთ­მეტი საპატრულო (მათ შორის "სოხუმი", "ფოთი", "გენერალი მაზნიაშვილი" და სხვ.) და ექვსი მცირე საპატრულო კატარღა.

დათო
29 ივლისი 2016 15:54
ნეტა ჩვენი რა საქმეა ყირიმი, ჩვენი თავისთვის ვერ მოგვივლია, რაც შეეხება შავ ზღვაში დაპირისპირებას ამაზე უარესი ჩვენთვის არ იქნება. ისე ყირიმი, რომ რუსეთია ამაზე არ უნდა იყოს ორი აზრი.
o.k.
25 ივლისი 2016 17:48
გასაგებია შენი პოზიცია და ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ რუსეთმა და დასავლეთმა აღიარა ყირიმი როგორც უკრაინის ნაწილი სამაგიეროდ ბირთვულ არსენალზე ათქმევიეს უარი უკრაინას..
გავიღვიძოთ, დეპოში ვართ
23 ივლისი 2016 15:22
ყირიმის ანექსია თავის დროზე ხრუშოვმა მოახდინა. რომ შეგვეძლოს ტაო-კლარჯეთზე უარს ვიტყვით?, ან მტყუანი ვიქნებით?

რედაქტორის რჩევით