ვარდიკოდან თინიკომდე... - ვინ იქნება შემდეგი - კვირის პალიტრა

ვარდიკოდან თინიკომდე... - ვინ იქნება შემდეგი

საქართველოს მე-17 თავდაცვის მინისტრი ჰყავს, რომელმაც რამდენიმე დღეში თანამდებობა უნდა დატოვოს. ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის მინისტრი უნდა დაემორჩილოს კანონს და საარჩევნო პროცესის დაწყებამდე გადადგეს.

აქამდე თავდაცვის მინისტრებს ქვეყნის პირველი პირები ნიშნავდნენ და ხსნიდნენ, თანაც ხშირად - მოულოდნელად.

მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მცირე ისტორიული მიმოხილვა, თუ ვინ და როდის ედგა სათავეში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რით დაამახსოვრეს მათ თავი არმიას და საზოგადოებას.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 15 სექტემბერს პირველ თავდაცვის მინისტრად გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი დანიშნა, თუმცა მაშინ თენგიზ კიტოვანს ეროვნული გვარდიის დიდი ნაწილი რკონში ჰყავდა გაყვანილი და ცოტა ხანში შეიარაღებული დაპირისპირებაც დაიწყო. ასე რომ, გენერალმა ფირცხალაიშვილმა თავდაცვის მინისტრობა ვერც მოასწრო. მან ეს პოსტი გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოგდებისთანავე, 1992 წლის 2 იანვარს დატოვა.

1992 წლის 7 იანვრიდან 8 მაისამდე თავდაცვის მინისტრის პოსტზე სამხედრო საბჭომ რესპუბლიკის ყოფილი სამხედრო კომისარი, გენერალ-ლეიტენანტი ლევან შარაშენიძე დანიშნა. იმ განუკითხაობის პერიოდში, როდესაც ყველაფერს "კალაშნიკოვი" წყვეტდა, შარაშენიძის მინისტრობა უფრო ბუტაფორია იყო.

1992 წლის 9 მაისს თავდაცვის მინისტრის პოსტი თენგიზ კიტოვანმა ჩაიბარა და ერთი წელი - 1993 წლის 5 მაისამდე, დაჰყო ამ თანამდებობაზე. ეს პერიოდი ემთხვევა აფხაზეთის ომის პირველ ეტაპს, როდესაც ქართული არმია მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში იყო. მაგრამ კიტოვანი ვერ შეასრულებდა თავდაცვის მინისტრის ფუნქციას, რადგან მას არც სათანადო ცოდნა ჰქონდა და არც რომელიმე სტრუქტურის მართვის გამოცდილება.

1993 წლის 6 მაისიდან კიტოვანი გია ყარყარაშვილმა შეცვალა. საბჭოთა არმიის ყოფილ კაპიტანს, როგორც გაბედულ მებრძოლს, ჯარი ენდობოდა და დიდ პატივს სცემდა, მაგრამ თითქმის სულ წინა ხაზზე მყოფი ყარყარაშვილი თავდაცვის მინისტრის სავარძელში ჯდომისთვის ვეღარ იცლიდა და ეს პასუხსაგები თანამდებობა თავისი ბიუროკრატიული წესებით მისთვის მძიმე ტვირთად იქცა. ამიტომაც 1994 წლის 12 თებერვალს მან თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ, რუსეთის ხელისუფლების ზეწოლით, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მოსკოვისთვის სასურველი პირების დანიშვნა დაიწყო.

თუმცა, სანამ თავდაცვის მინისტრის სავარძლისთვის შესაფერის კანდიდატურას ეძებდნენ, 14 თებერვლიდან 25 აპრილამდე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ შეითავსა.

1994 წლის 26 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის სავარძელში რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, გენერალმა ვარდიკო ნადიბაიძემ გადმოინაცვლა და ამ პოსტზე 1998 წლის 27 აპრილამდე დაჰყო. ოთხწლიანი მინისტრობისას ნადიბაიძეს არასოდეს დაუმალავს, რომ ის საბჭოური მენტალიტეტის გენერალი იყო და საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვთან. რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვიც კი მონათლა. მაშინ ედუარდ შევარდნაძეს კრემლთან ურთიერთობისას თავისი პოლიტიკური ძალაუფლების განსამტკიცებლად სწორედ ასეთი პირები სჭირდებოდა. ვარდიკო ნადიბაიძე ცდილობდა, ქართული არმია საბჭოთა ყაიდაზე ჩამოეყალიბებინა. ამისთვის რუსეთის სამხედრო აკადემიებში გაგზავნა ათობით ომგამოვლილი ოფიცერი, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება კი ჰქონდათ, მაგრამ თეორიაში მოიკოჭლებდნენ. ნადიბაიძის დამსახურებად მიიჩნევენ იმას, რომ აფხაზეთში წაგებული ომის შემდეგ მან ქართულ არმიას წვერი გაპარსა და ყაზარმებში შეიყვანა, თუმცა მისი პრორუსული პოზიცია არსად გამქრალა.

1998 წლის 28 აპრილს თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე დაინიშნა, რითაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ კრემლს ქართული არმიის პრორუსული კურსიდან დასავლურ ყაიდაზე გადასვლა ამცნო. ფილოსოფიის დოქტორმა თევზაძემ აფხაზეთის ომში დიდი საბრძოლო გამოცდილება მიიღო, რასაც 1994 წლიდან დაემატა თეორიული ცოდნის ამაღლება იტალიის, გერმანიის და აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ის იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა, რადგან მისი მინისტრობისას სამხედრო ნაწილებში ამბოხებების სერია დაიწყო. ჯერ 1998 წელს სენაკის ბრიგადიდან აკაკი ელიავამ ტანკები გამოიყვანა და ქუთაისისკენ დაიძრა, შემდეგ 2001 წელს მუხროვანის სატანკო ნაწილში გამოთქვეს უკმაყოფილება, 2003 წელს კი უკვე თბილისში, მეტროსადგურ "ისანთან", ეროვნული გვარდიის ნაწილში დაქოქეს ტანკები ვეტერანმა გვარდიელებმა...

ცხადია, მინისტრ თევზაძეს ამ "სამხედრო ამბოხებებს" პრორუსული ძალები განზრახ უწყობდნენ, თუმცა ისნის ინციდენტში მოგვიანებით გამოიკვეთა უწყებრივი ქიშპიც და სავარაუდოდ, ვეტერანი გვარდიელები მაშინდელი უშიშროების სამინისტროდან შეაგულიანეს...

თევზაძის მინისტრობის პერიოდს ემთხვევა მიზერული სამხედრო ბიუჯეტი, მისი სეკვესტრი, კორუფციის ფაქტების მატება. მაგრამ ამავე პერიოდში დაიწყო ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა და ქართული არმიის საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა.

"ვარდების რევოლუციის" შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული სააკაშვილის ხელისუფლება თავდაპირველად დაჰპირდა თევზაძეს, რომ ის პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, მაგრამ 2004 წლის 17 თებერვალს ამ პოსტზე მისი მოადგილე გელა ბეჟუაშვილი დანიშნეს.

2004 წელი გინესის წიგნში შეიძლება შევიდეს, რადგან ერთ წელიწადში საქართველოში ოთხი თავდაცვის მინისტრი შეიცვალა.

გელა ბეჟუაშვილი მხოლოდ ოთხიოდე თვე იყო ამ პოსტზე, თუმცა მოასწრო მაისში, ბათუმის მოვლენებში, მინისტრის რანგში მონაწილეობა. 2004 წლის 10 ივნისს ის გია ბარამიძემ შეცვალა, რასაც მალე ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა.

2004 წლის 17 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ოქრუაშვილი მიდის, რის შემდეგაც, ერთი მხრივ, სამხედრო ბიუჯეტის ზრდა და გადაიარაღების პროცესი იწყება, მეორე მხრივ კი - სამხედროების მასობრივი გაყრა და შეურაცხყოფა. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი თავისი სკანდალური განცხადებებით ხშირად პრეზიდენტის კომპეტენციაში იჭრება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. ამაზე მეტყველებს თუნდაც თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ ქართული არმია ახალ წელს ცხინვალში შეხვდება. ამით უდიდესი ზიანი მიადგა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ეს კარგად გამოიყენა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დასაწყისში.

თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილის პოლიტიკური ამბიციების ზრდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რომელსაც თავისი ამბიციებიც თავზე საყრელი ჰქონდა და ოქრუაშვილი 2006 წლის 10 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს.

მის ადგილზე 28 წლის დავით კეზერაშვილი დანიშნეს, რომელსაც ოქრუაშვილის მსგავსი პოლიტიკური ამბიციები არ ექნებოდა. კეზერაშვილის მინისტრობისას მოხდა ომი რუსეთთან, რომელსაც არათუ ის, არამედ უფრო გამოცდილი თავდაცვის მინისტრიც კი ვერ გაუმკლავდებოდა. მისი მინისტრობის პერიოდი 2008 წლის 9 დეკემბრამდე გაგრძელდა. საზოგადოებაში გავრცელებულია ეჭვი, რომ ამ პერიოდში შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესყიდვისას ხდებოდა მრავალმილიონიანი კორუფციული გარიგებები.

2008 წლის 9 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩაუდგა დავით სიხარულიძე, რომელსაც მინისტრის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ მისი კანდიდატურა, სავარაუდოდ, იმ მოსაზრებით შეარჩია, რომ დასავლეთისთვის დაენახებინა, - თავდაცვის მინისტრად აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს ვნიშნავ, რომლისთვისაც უცხოა მილიტარისტული რიტორიკაო.

თუმცა მინისტრ სიხარულიძეს სააკაშვილმა მოადგილედ ბაჩო ახალაია დაუნიშნა, რომელსაც შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან ურთიერთობისას შეუზღუდავი უფლებები ჰქონდა და საკადრო პოლიტიკაშიც ერეოდა.

2009 წლის 5 მაისს ხელისუფლებამ მუხროვანის სატანკო ნაწილში სამხედრო ამბოხის შესახებ განაცხადა, რამაც მას საშუალება მისცა, ქართულ არმიაში რეპრესიები დაეწყო. ამისთვის მინისტრი სიხარულიძე არ გამოდგებოდა, ამიტომაც 2009 წლის 27 აგვისტოს ის მისმა მოადგილე ბაჩო ახალაიამ შეცვალა.

ახალაიას მინისტრობის პერიოდი, ისევე, როგორც ოქრუაშვილის, დიდხანს ეხსომებათ თავდაცვის სამინისტროშიც და შეიარაღებულ ძალებშიც, რადგან მათმა უკანონო ქმედებებმა არაერთი სამხედრო მოსამსახურის და მათი ოჯახების ბედი განსაზღვრა.

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ შექმნა სადამსჯელო მანქანა, რომელმაც არმიაში შიში დანერგა, შეშინებული ჯარისკაცი და ოფიცერი კი, რომელთაც ასობით თანამებრძოლის თვალწინ შეურაცხყოფას აყენებენ და საბრძოლო სულს უკლავენ, ქვეყნის დამცველად არ გამოდგება.

2012 წლის 4 ივლისიდან ახალაია დიმიტრი შაშკინმა შეცვალა, რაც მოულოდნელი და გაუგებარი საკადრო ცვლილება იყო; არა იმიტომ, რომ ახალაია არ უნდა წასულიყო, არამედ იმიტომ, რომ ვერავის გაეგო, რა ესაქმებოდა შაშკინს ქვეყნის თავდაცვასთან.

Oოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ახალი ძალების გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ალასანიამ დაიკავა, რომელსაც უკვე ჰქონდა უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება და ამ პოსტისთვის ყველაზე შესაფერისი ჩანდა.

იგი მინისტრის მოვალეობას 2014 წლის 4 ნოემბრამდე ასრულებდა. მთავარი, რაც შეძლო, არმიისა და თავდაცვის სამინისტროს დეპოლიტიზება იყო, რაც აუცილებელი გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ. მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას გადადგომის მთავარი მიზეზი პოლიტიკური გახლდათ, კერძოდ, მისი დაპირისპირება ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან - ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილთან.

ალასანიას ადგილზე 2014 წლის ნოემბერში პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი პროტეჟე მინდია ჯანელიძე დანიშნა, რომელსაც უშიშროების სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ალასანიასგან განსხვავებით, მას არ იცნობდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და პენტაგონში.

შეიძლება სწორედ ეს გარემოება იქცა მთავარ მიზეზად, რომ 2015 წლის 1-ელ მაისს მინდია ჯანელიძე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა შეცვალა. უდავოა, რომ ამერიკული მხარისთვის მისაღებ კანდიდატურას მხარი ექსპრემიერმა ივანიშვილმა დაუჭირა, რადგან იმ დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამას არაფრისდიდებით არ იზამდა.

Pპირველი ქალბატონი თავდაცვის მინისტრის 15-თვიანი ხელმძღვანელობის პერიოდში გამოიკვეთა მისი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე. საფრანგეთთან დაიდო საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის ხელშეკრულება, გააქტიურდა მუშაობა აშშ-ისგან შეიარაღების შესყიდვის საკითხზეც. ხიდაშელი პირველი თავდაცვის მინისტრი იყო, რომელმაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ღიად მოუწოდა, საქართველოს ალიანსში გაწევრების ბუქარესტის შეპირება, ბოლოს და ბოლოს, საქმედ ექციათ. ამასთან, დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო "დელტასა" და საყოველთაო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით, რასაც წინასაარჩევნო პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.

ცოტა ხანში საქართველოს ახალი, მე-18 (თუკი შევარდნაძის მიერ რამდენიმე თვით თავდაცვის მინისტრობის შეთავსებასაც ჩავთვლით, მაშინ - მე-19) თავდაცვის მინისტრი ეყოლება. რამდენიმე კანდიდატურას ასახელებენ, მაგრამ მარჩიელობას ჯობს, დაველოდოთ.

ახალმა თავდაცვის მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ რთულ სიტუაციაში მოუწევს მუშაობა. ეს არის სისტემა, სადაც, სამწუხაროდ, თითქმის წესად იქცა ენის მიტანა, ხმების გავრცელება, ჭორაობა, პოლიტიკური ხასიათის თავდასხმები და ა.შ.