სამხედრო საიდუმლოების გაცემა თუ თითიდან გამოწოვილი პოლიტიკური თამაშები?
08-08-2016
სამხედრო საიდუმლოების გაცემა თუ თითიდან გამოწოვილი პოლიტიკური თამაშები?
თადარიგის პოლკოვნიკი წითელაშვილი, რომლის საქმიანობის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს გაჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, როგორც სამხედროების, ისე საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში ნდობას არ იმსახურებს

უფრო საინტერესოა, რა დაჯდა ამ დაუმთავრებელი და გამოუყენებელი თავდაცვითი ზღუდეების აგება და ვინ მოითბო ხელი "ატკატებით"


ოპოზიციონერ პოლიტიკ­ოსებსა და ხელმოცარულ ყოფილ ოფიცრებს ქართული არმიის პოლიტიკურ ორომტრიალში ჩათრევა სურთ, რისი დაშვებაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ძალზე დააზ
არალებს...

მთელი გასული კვირის განმავლობაში მასმედიაში, პოლიტიკურ წრეებსა თუ საზოგადოების ნაწილში არ შეწყვეტილა დავა და სჯა-ბაასი იმის შესახებ, პოლკოვნიკმა წითელაშვილმა მართლაც შეაღწია თუ არა საიდუმლო სამხედრო ობიექტზე, ვინ დაეხმარა მას ამაში და გადასცა თუ არა მან საიდუმლო მასალები რუსეთ
ის დაზვერვას.

ბოლოს და ბოლოს, ის გამოიკვეთა, რომ თადარიგის პოლკოვნიკი წითელაშვილი მართლაც ყოფილა თელეთის თავდაცვის ზღუდის ობიექტზე, სადაც ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელმა შეიყვანა, რითაც დაარღვია სარეჟიმო წესი და ამისთვის დაისაჯა კიდეც. ასეთია მაშინდელი თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის პოზიცია.

თუ რატომ თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ციხიდან ახალგათავისუფლებულ წითელაშვილთან, ესეც მეტ-ნაკლებად გასაგებია - გენინსპექცია ეძებდა თავდაცვითი ზღუდეების აგების დროს დაშვებული კანონდარღვევის ფაქტებს და ჩათვალეს, რომ თადარიგის პოლკოვნიკ წითელაშვილს შეეძლო მოძიებაში დახმარებოდა.

სწორედ წითელაშვილის ფაქტორი გამოიყენეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან დაკავშირებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სამხედროებმა, რათა პოლიტიკური დარტყმა მიეყენებინათ საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნებისთვის". თადარიგის პოლკოვნიკი წითელაშვილი, რომლის საქმიანობის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს გაჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, როგორც სამხედროების, ისე საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში ნდობას არ იმსახურებს. ამ ფაქტორის თავის სასარგებლოდ გამოყენება სცადა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისდამი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დახმარებით.

არადა, ეს ყველაფერი ჭიქა წყალში ქარიშხლის დატრიალების მცდელობას ჰგავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თელეთის თავდაცვის ზღუდის ობიექტზე ისეთი გრანდიოზული სამხედრო საიდუმლოება არ არსებობს, რომლის გამჟღავნება ქვეყანას დააქცევს.

აგვისტოს ომში მწარედ დამარცხების შემდეგ, რომელშიც ლომის წილი სწორედ იმდროინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და გენშტაბს უძევთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო თავდაცვითი ზღუდეების აგება თბილისის გარშემო.

საერთოდ, თავდაცვითი პოზიციების წინასწარ მოწყობა და მათი გამაგრება საინჟინრო ფორტიფიკაციებით სწორი გადაწყვეტილებაა, რაც ასე გვაკლდა გაგრისა და სოხუმის დაცვისას, რომ აღარაფერი ვთქვათ, აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბიდან მომავალი გზისა თუ დიდი გუფთის ხიდის ჩაუხერგაობაზე. ეს ხომ დიდად შეამცირებდა მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონების სვლის ტემპს როკის გვირაბიდან გუფთის ხიდამდე მიმავალ ერთად­ერთ საავტომობილო გზაზე.

თბილისის გარშემო დაწყებული თავდაცვითი ზღუდეების სისტემის აგება, ძირითადად მოიცავდა ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და ბეტონირებული ბუნკერების მშენებლობას. პირველს უნდა შეეფერხებინა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის შეტევა გზების მიღმა, მინდვრად, ხოლო გზების სიახლოვეს აგებული ბეტონირებული ბუნკერებიდან ტანკები და ქვემეხები ზუსტ ცეცხლს გაუხსნიდნენ მტრის ჯავშანკოლონას, მათ კი რამდენიმემეტრიანი რკინაბეტონის კედლები დაიცავდა საპასუხო ცეცხლისგან.

ერთი შეხედვით ჩანაფიქრი კარგი ჩანდა, თუმცა ის პირველი თუ მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკას უფრო შეესაბამებოდა, რადგან
თანამედროვე ომებში სტაციონარული თავდაცვითი ბუნკერები ანაქრონიზმად იქცა,

განსაკუთრებით საშვეულმფრენო დესანტისთვის - მოწინააღმდეგეს შეუძლია (მით უმეტეს, როდესაც საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებს) სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი თითქოსდა ამ აუღებელი ბეტონირებული ციხესიმაგრის ზურგში ჩამოგისვას და აგიფეთქოს.

გარდა ამისა, სტაციონარული ობიექტის, თუნდაც რკინაბეტონით აგებულის, განადგურება "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტებითა და ბომბებით არც ისე ძნელია, რადგან, მაგალითად, ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების 500 კგ-იან ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბს 1,2 მ სისქის რკინაბეტონის განგრევა შეეძლო, ხოლო 1 500 კგ-იანს თითქმის 3 მ სისქისა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ბუნკერსაწინააღმდეგო კორექტირებადი საავიაციო ბომბი თანამგზავრული მართვის სისტემით არის აღჭურვილი და მიზანს 2-4 მ-ის სიზუსტით მაინც ხვდება, ადვილად მისახვედრია, რომ თანამედროვე ომების დროს სტაციონარულ ბუნკერში ჩაკეტილ სამხედროებს გადარჩენის ძალიან მცირე შანსი ექნებათ.

სააკაშვილის თავდაცვის ბუნკერებს, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, კიდევ ერთი დიდი ნაკლიც აქვს: ამ ბუნკერებში დატანებულია მოზრდილი ამბრაზურები, საიდანაც ტანკებმა და ქვემეხებმა უნდა ისროლონ.

ამბრაზურების ფართობი მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტა შიგ ბუნკერში "შეაგდოს" და თუკი ეს რაკეტა თერმობარული ქობინითაც იქნება აღჭურვილი, მისი აფეთქება ბუნკერის დახურულ სივრცეში ტრაგედიას დაატრიალებს...

რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, საიდუმლოების გაცემა არ არის, უბრალოდ, იმის ანალიზია, თუ რამდენად გამოსადეგია სააკაშვილის დროს აგებული თავდაცვის ობიექტები, რაც ჩვენი სტატიისგან დამოუკიდებლად, დიდი ხანია შეაფასეს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მზვერავებმა იმ უპილოტო აპარატების საშუალებით, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ სისტემატურად ზვერავენ ყველაფერს, თბილისის ჩათვლით.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის თავდაცვითი ზღუდეების აგებაზე, რომელთა უმეტესი ნაწილი დაუმთავრებელია, არანაკლებ 42 მლნ ლარი დაიხარჯა. ისინი გორიდან მცხეთამდე (ასევე თელეთსა და რამდენიმე სხვა ადგილას) ცენტრალური გზის ორივე მხარეზეა მიმობნეული და მგზავრების გაოცებულ მზერას იპყრობს.

თითოეული მათგანის უზუსტესი კოორდინატები დიდი ხანია დადგენილი აქვს რუსეთის კოსმოსურ დაზვერვას და ამაში თადარიგის პოლკოვნიკ წითელაშვილის დახმარება არ სჭირდება, უფრო მეტიც, ვინც არ დაიზარებს,­ სახლიდან გაუსვლელად, Google Map -ის საშუალებით შეუძლია თელეთის ბუნკერს სიგრძე-სიგანე გაუზომოს და მისი ხედებით "დატკბეს".

სიმართლე ითქვას, უფრო საინტერესოა, რა დაჯდა ამ დაუმთავრებელი და გამოუყენებელი თავდაცვითი ზღუდეების აგება და ვინ მოითბო ხელი "ატკატებით", მაგრამ ამას ვინ გეტყვით, როდესაც გენშტაბის მიერ ჩატარებული აგვისტოს ომის მოკვლევის საქმე ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია და არ დასჯილან ის პოლიტიკური და სამხედრო პირები, ვისაც იმ ომში არასწორი ქმედებებისთვის ან სულაც უმოქმედობისთვის მკაცრი სასჯელი ეკუთვნით.

და ერთიც - სამხედრო საიდუმლოების გაცემად, რამაც მსხვერპლიც გამოიწვია, უფრო 2008 წლის 8 აგვისტოს შუადღისას მომხდარი ფაქტი მიმაჩნია, როდესაც ჩემ თვალწინ რამდენიმე ტელეარხმა პირდაპირი სატელევიზიო ჩართვა დაიწყო ცხინვალისკენ მიმავალი გზიდან - კადრში მოჩანდა აბრა "მეღვრეკისი" და გზა, რომელზეც ქართული სატანკო კოლონა ერგნეთის გავლით ცხინვალის შესასვლელისკენ მიემართებოდა, ანუ პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ და, რა თქმა უნდა, ცხინვალში გამაგრებულებმაც იხილეს, თუ როგორ ჩაიარა სოფელ მეღვრეკისის გადასახვევთან ქართულმა სატანკო კოლონამ, რამდენი ტანკი, რამდენი ავტომობილი და შეიარაღებული სამხედრო იყო და როდის, რა მიმართულებიდან და რა ძალებით მიადგებოდნენ ცხინვალს...

შედეგმაც არ დააყოვნა, კოლონა რუსული მოიერიშეების საჰაერო დარტყმების ქვეშ მოხვდა, ხოლო ცხინვალთან ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით მომზადებული დახვდნენ...

სწორედ ეს, დროსა და ადგილთან მიბმული კონკრეტული ქმედებაა დაზვერვისთვის სანუკვარი ლუკმა და არა ის სტაციონარული და, სამწუხაროდ, თითქმის არაფერში გამოსადეგი ბეტონის ბუნკერები, რომელთა მშენებლობისა და გადახურვის ყველა ეტაპი რუსეთის კოსმოსურ და საჰაერო დაზვერვას დაფიქსირებული და გაანალიზებული აქვს.

good job
24 აგვისტო 2016 08:53
სრულიად გეთანხმებით ბატონო ირაკლი, ნამდვილი პროფესიონალის სტატიაა. თქვენნაირ საქმის მცოდნე ხალხს რომ არ უჯერებდნენ ის "მამულიშვილები " , მაგიტომაც დაძვრებოდა მთავარსარდალი ბუჩქებში, ხოლო თბილისის მერს ლოჯისტიკა ებარა 2008 წელს .
ვაჟა 17-s
17 აგვისტო 2016 13:41
რას ძრომიალობ მუდმივად პუტინოიდო სამხედრო თემაში?
არ გამოვა გორელი პრარაბისგან სამხედრო ექსპერტი, როგორც ჩურჩხლისგან სალამური.
gia
15 აგვისტო 2016 10:29
სტატიის ავტორი ექსპერტია...ომი ლაივ კამერებით არუნდა მიმდინარეობდეს...ეს გაითვალისწინეთ ჟურნალისტებმა განსაკუთრებით.......

რედაქტორის რჩევით