"დელტაში" აწყობილი სნაიპერული შაშხანა DELTA-308 ებრაულ Galatz-ებს ჯაბნის
15-08-2016
"დელტაში" აწყობილი სნაიპერული შაშხანა DELTA-308  ებრაულ Galatz-ებს ჯაბნის
"დელტაში" აწყობილი სნაიპერული შაშხანა DELTA-308 თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით ჯაბნის ქართული არმიის სნაიპერების ებრაულ Galatz-ებს

ჩვენი დოსიე: სნაიპერული შაშხანა DELTA-308-ის საერთო სიგრძე 995 მმ-ს შეადგენს და 5,6 კგ-ს იწონის. უშუალოდ ლულის სიგრძე 508 მმ-ია. მჭიდში 7,62ხ51მმ (.308 WIN) კალიბრის 20 ვაზნა ეტევა.


100 მ-იდან 10-იანში არტყამ, როდესაც სამიზნე წრის რადიუსი მხოლოდ 9 სმ-ია და თანაც ოპტიკური სამიზნე ბოლომდე არ არის გასწორებული - ეს ცუდი შედეგი არ არის.

ასეთი სიზუსტე სახელმწიფო სამხედრო
სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" აწყობილმა სნაიპერულმა შაშხანა DELTA-308-მ გამოავლინა, რომლის ტესტირების საშუალება "კვირის პალიტრას" მიეცა.

სნაიპერული შაშხანა "დელტას" კონსტრუქტორმა გიორგი სუხიაშვილმა ააწყო, ისევე როგორც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SMG-9, რომლის წარმატებულ გამოცდაზე ორი თვის წინ "კვირის პალიტრაში" უკვე ვწერდით.

სნაიპერული შაშხანა, ისევე როგორც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, ცნობილი საიარაღო ფირმების წარმოებული და
ინტერნეტით გამოწერილი დეტალებისგანაა აწყობილი, რაც მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა.

იდეა იმ პრობლემიდან წამოვიდა, რაც რეალურად დგას ქართული არმიის სნაიპერების წინაშე. საქმე ის არის, რომ სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის, ასევე სუს-ის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების პროფესიონალი სნაიპერები ისეთი მაღალი ხარისხის სნაიპერული შაშხანებით არიან აღჭურვილნი, მათ შორის მსხვილ­კალიბრიანებით, რომ ბევრი ქვეყნის სპეცრაზმი ინატრებდა ასეთი დონის სნაიპერულ შეიარაღებას.

თუმცა ასეთი ძალზე ძვირად ღირებული სნაიპერული შაშხანებით აღჭურვილი პროფესიონალების რიცხვი ქართულ სპეცრაზმებში მხოლოდ რამდენიმე ათეულია, სნაიპერების ძირითად ბირთვს კი ის ასობით სამხედრო შეადგენს, რომლებიც ქართული არმიის ოცეულებში მსახურობენ და რომლებსაც მოუწევთ მოწინააღმდეგის ქვეითების განადგურება უშუალოდ ბრძოლის ველზე.

პრინციპში, შეიძლება არმიის სნაიპერების მომზადება უმაღლეს დონეზე და მათი შეიარაღება საუკეთესო "ბარეტებით" თუ "მაკმილანებით", მაგრამ 20-30-ათასდოლარიანი სნაიპერული შაშხანებით არმიის სნაიპერებს ვერ გადაიარაღებ, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც საქართველოზე მრავალჯერ ძლიერ აშშ-საც კი ვერ მოუხერხებია.

ამიტომაც, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის არმიების სნაიპერები შედარებით იაფი და, აქედან გამომდინარე, ნაკლებად ზუსტი სნაიპერული შაშხანებით არიან აღჭურვილნი, ვიდრე სპეცრაზმების მაღალპროფესიონალი სნაიპერები.

ქართული არმიის სნაიპერები თავდაპირველად საბჭოთა წარმოების CDL-ტიპის სნაიპერული შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი, აგვისტოს ომის შემდგომ კი მათი გადაიარაღება ისრაელის წარმოების Galatz-ებით დაიწყო. სიმართლე ითქვას, არც CDL და არც Galatz-ი ითვლება სრულყოფილ სნაიპერულ შაშხანად და ისინი უფრო კარგად მსროლელი ჯარისკაცის აღსაჭურვად გამოდგება. მეტიც, Galatz-ი, ფაქტობრივად, ებრაული ავტომატ "გალილის" გრძელლულიანი ვარიანტია, თავად "გალილი" კი ფინური "ვალმეტიდანაა" კოპირებული, რომელიც, თავის მხრივ, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა "კალაშნიკოვის" ლიცენზირებული მოდიფიკაციაა.

ანუ გამოდის, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ქართულ არმიას, ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოშვებული AK-47-ის მრავალჯერ გადაწყობილი ვარიანტი უყიდეს, რომელსაც სროლის სიზუსტე ვერანაირად ვერ ექნება მაღალი, რადგან "კალაშნიკოვის" ავტომატიკის (აირდგუშის გადაადგილება) პრინციპზეა აწყობილი.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის შემდეგ თითოეული Galatz-ი ოპტიკური სამიზნით არანაკლებ 7 ათას დოლარადაა ნაყიდი. თუკი მართლაც ასეა, ჩათვალეთ, რომ ვიღაცამ ხელი კარგად მოითბო, რადგან ებრაულ Galatz-ს შეიძლება ისევ საბჭოთა CDL-მ აჯობოს სროლის სიზუსტეში მასზე ორფეხა საყრდენის დაყენების შემდეგ.

სნაიპერული DELTA-308-ის აწყობა მხოლოდ 2.800 დოლარი დაჯდა და ისიც იმიტომ, რომ დეტალების თითო-თითო ეგზემპლარი იყო გამოწერილი. უშუალოდ მწარმოებელი ფირმებიდან დეტალების დიდი რაოდენობით გამოწერა იარაღის აწყობის თვითღირებულებას მნიშვნელოვნად დასწევს, შეიძლება გაანახევროს კიდეც.

საშუალო დონის ოპტიკური სამიზნით (რაც მისაღები იქნება ფასიდან გამომდინარე) DELTA-308 შეიძლება კარგ ვარიანტად იქცეს ქართული საარმიო სნაიპერების გადასაიარაღებლად, რადგან "დელტაში" აწყობილი სნაიპერული შაშხანა გამოირჩევა დიდი სიზუსტით, მოდულური კონსტრუქციით (სურვილის შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვა სიგრძის ლულის დაყენება), კარგი ერგონომიკით (მოსახერხებელია, რადგან რეგულირდება კონდახის სიგრძე და შაშხანა აღჭურვილია წინა და უკანა სადგამებით), "პიკატინის" უნივერსალური მიმმართველებით, რომლებზეც ოპტიკური სამიზნისა და სხვა საიარაღო აქსესუარების დამაგრება შეიძლება. შაშხანას ასევე ურეგულირდება სასროლი სასხლეტიც, რაც სნაიპერს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს კომფორტული ვარიანტი, თუ რა ძალით დაუშვას სასხლეტი.

"დელტაში" აწყობილი სნაიპერული შაშხანის სროლის მაღალ სიზუსტეს ისიც განაპირობებს, რომ მისი ავტომატიკა დაფუძნებულია არა აირდგუშის გადაადგილებაზე, როგორც "კალაშნიკოვში", არამედ აირგამტარი მილაკის გამოყენებაზე, როგორც ეს ავტომატურ კარაბინ M4-ს აქვს. მართალია, ავტომატური ჯერებით ხშირად სროლისას M4-ის აირგამტარი მილაკი იბინდება და გაწმენდას მოითხოვს, მაგრამ ნახევრად ავტომატურ DELTA-308-ს ეს ნაკლებად ემუქრება, რადგან სნაიპერი ბრძოლის დროს, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმეჯერ თუ ისვრის.

აგვისტოს ომის შემდგომ ნაყიდი ებრაული Galatz-ების ტექნიკური მდგო­მარეობა მთლად დამაკმაყოფილებელი შეიძლება აღარც არის, ამასთან, ქართული არმიის სნაიპერების შეიარაღება უკვე მოითხოვს არა მარტო განახლებას, არამედ გაუმჯობესებასაც. აქედან გამომდინარე, ალბათ, ურიგო არ იქნებოდა, თუკი თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა დაინტერესდებოდა "დელტაში" აწყობილი სნაიპერული შაშხანა DELTA-308-ით და მის საბრძოლო შესაძლებლობებს პროფესიონალ სნაიპერებს გამოაცდევინებდა.
ვინ იცის, იქნებ სპეციალისტებს მოეწონოთ DELTA-308 და ქართული არმიის სნაიპერების შეიარაღებაში, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდეს მართლაც ზუსტად მსროლელი თანამედროვე სნაიპერული შაშხანა, რომელიც, ამასთან, საქართველოში იქნება აწყობილი.

ირაკლი ალადაშვილი
sandro
30 სექტემბერი 2016 18:11
1944 წლის მოსინის სნაიპერულ შაშხანას 100 მეტრზე 5-6 სმ. აქვს გაბნევა და თანამედროვე იარაღს სნაიპერულად წოდებულს მინიმუმ იგივე რეზულტატი უნდა ქონდეს ცჰემი აზრით
ზურა
26 აგვისტო 2016 17:43
მაგარი სტატიაა.))
" 100 მ-იდან 10-იანში არტყამ, როდესაც სამიზნე წრის რადიუსი მხოლოდ 9 სმ-ია და თანაც ოპტიკური სამიზნე ბოლომდე არ არის გასწორებული - ეს ცუდი შედეგი არ არის."
ია, როცა სამიზნეს გაასწორებ ბოლომდე, მაშინ რა, 11- იანში გაარტყამ??)))))
ramazi
26 აგვისტო 2016 02:20
რამდენი "პროფესორი" გამოხტა :D

რედაქტორის რჩევით