რუსულ საოკუპაციო ბაზაში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სახელობის დროშა ფრიალებს(?!) - კვირის პალიტრა

რუსულ საოკუპაციო ბაზაში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სახელობის დროშა ფრიალებს(?!)

ამ დროშით რუსულმა მე-9 დივიზიამ საქართველოს პირველი ოკუპაცია 1921 წელს განახორციელა, მეორედ კი ამ დივიზიის შვილობილი მაიკოპის 131-ე ბრიგადა 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთში შემოიჭრა...

დღევანდელ რთულ რეალობაში ზოგჯერ ძალიან ალოგიკური რამ ხდება. მაგალითად, როდესაც აგვისტოს ომამდე აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარები ლიანდაგებს არემონტებდნენ და იქ რუსული საბრძოლო ტექნიკით დატვირთული ეშელონები შედიოდა საქართველოს დასაპყრობად, ელმავლებს ამშვენებდა ქართული ასოები - "თემქ" (თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა).

ახლა კი ირკვევა, რომ გუდაუთაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მე-7 გაერთიანებული ბაზის თავზე თურმე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სახელობის დროშა ფრიალებს(?!).

გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაჯგუფებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადასცა წითელი საბრძოლო დროშა, რომელზეც ამოქარგულია - 9-ая мотострелковая Краснодарская Краснознаменная орденов Кутузова и Красной Звезды дивизия имени Верховного Совета Грузинской СССР.

დიდი სამამულო ომის დასაწყისში ეს დივიზია ბათუმში იდგა და თავდაცვით ზღუდეებს აგებდა, წლის ბოლოს მისი ორი პოლკი გადაისროლეს ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე და სადესანტო ნაწილებად იყენებდნენ.

კავკასიის დაცვისას ამ დივიზიას ევალებოდა თურქეთის საზღვრიდან ფოთამდე მონაკვეთის თავდაცვა. 1942 წლის აგვისტოში დივიზიის ერთი პოლკი სოხუმში გადაისროლეს, სადაც ის ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში ქლუხორის უღელტეხილზე, სოფელ გვანდრასთან. 1942 წლის ბოლოს დივიზიის ეს პოლკი ქლუხორიდან მოხსნეს და ტუაფსეში ამიერკავკასიის ფრონტის შავი ზღვის დაჯგუფებას გადასცეს. თავად მე-9 დივიზია 1943 წლიდან მონაწილეობდა კრასნოდარის ოპერაციასა და ქ. მაიკოპის გათავისუფლებაში. 1951 წელს დივიზიის მუდმივი დისლოცირების ადგილად ქ. მაიკოპი შეირჩა.

1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მე-9 მოტომსროლელი დივიზია რუსეთის შეიარაღებული ძალების 131-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადად გადაკეთდა.

ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, გროზნოს საახალწლო იერიშისას (2004 წელს 31 დეკემბერი - 2005 წლის 1-ელი იანვარი) ჩეჩენმა მებრძოლებმა მაიკოპის ბრიგადას სერიოზული დარტყმა მიაყენეს - ბრიგადამ 189 კაცი, 20 ტანკი (26 ცალი Т-72-დან), 102 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (120-დან) და ექვსივე საზენიტო საარტილერიო-სარაკეტო "ტუნგუსკა" დაკარგა გროზნოს ქუჩებში ბრძოლისას.

2008 წლის 18 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბრიგადამ დატოვა მაიკოპი და ახალი დისლოკაციის ადგილზე - გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომზე განთავსდა. ამ ბრიგადის ორი მოტომსროლელი ბატალიონი გალის რაიონში მდ. ენგურის გასწვრივ ასრულებს საბრძოლო დავალებას, ერთი გაძლიერებული მოტომსროლელი ასეული კი - კოდორის ხეობაში.