"არავის დაურეკავს ოჯახში, რომ ეთქვა, თქვენი შვილი დაიკარგაო. ტელევიზიით უნდა ვიგებდეთ ამბავს"?!
18-08-2016
"არავის დაურეკავს ოჯახში, რომ ეთქვა, თქვენი შვილი დაიკარგაო. ტელევიზიით უნდა ვიგებდეთ ამბავს"?!
"ბიჭებისგან ვიცი, რომ იაგოს ყურების ანთება ჰქონდა, თუმცა, არ მგონია, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს მომხდართან, რადგან ჩაყვინთვა სრული აღჭურვილობით ხდება"

გონიოში წვრთნების დროს დაკარგული თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომლის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებისას ზღვაში დაიკარგნენ. (იხილეთ: "მკვდარი მაინც მყავდეს სახლში, მომეხმარეთ" - ზღვაში დაკარგულთა
ძებნა გრძელდება).


გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ღონისძიებაში ხვალ დილიდან თურქეთის საზღვაო ძალების კიდევ ერთი ხომალდი ჩაერთვება.

"საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით 17 აგვისტოს შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობა", -
ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იაგო შარაძის და "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს: "უშველე მეორეს და ამ დროს ორივე უკვალოდ გაქრით, ისე, რომ კვალიც არ დაგვიტოვეთ... ეს საქმე ასე არ დარჩება, აქ სხვა რაღაც ხდება... არ მესმის თქვენი ლეიტერნანტებო, გენერლებო! ცარიელ-ტარიელი, მხოლოდ ბალონით, 25 მეტრით სიღრმზე უნდა ჩავიდეს, ამოვიდეს და შემდეგ ნაპირზე დაბრუნდეს?.. არავის დაურეკავს ოჯახში, რომ ეთქვა, ქალბატონო დედავ ან მამავ თქვენი შვილი დაიკარგაო. ტელევიზიით უნდა ვიგებდეთ ამბავს"?! (წყარო)

ჩვენ ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის მეგობარს ვესაუბრეთ.

- ზუსტად არავინ იცის წყალქვეშ, ზღვის ფსკერზე რა მოხდა, როგორც ამბობენ, დაახლოებით 20-მდე მეტრის სიღრმეში იყვნენ. ეს არც ერთი მათგანისთვის, მით უფრო, ჩემი მეგობარი იაგოსთვის პირველი წვრთნა არ ყოფილა... იაგო 7 წელია სამხედრო სამსახურშია. ადრე თბილისში იყო, ბოლო ხანებში, მისივე სურვილით, ბათუმში გადმოვიდა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და კარგად მომზადებული იყო. 26 წლისაა, ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა... ჯერ კიდევ არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, თუმცა, მისი ცოცხლად პოვნის შანსები სულ უფრო და უფრო იკლებს.

- დაკარგულების ოჯახის წევრები ინსტრუქტორის ბრალეულობაზე ლაპარაკობენ, მათი თქმით, წვრთნები შტორმის დროს მიმდინარეობდა..
- მესმის მშობლების. თუმცა, არ მგონია, ისეთი შტორმი ყოფილიყო, წვრთნა რომ ჩაშლილიყო. ისე კი, ძალიან რთულია შტორმის დროს ცურვა, მაგრამ ეს სპეციალური დანიშნულების ნაწილია. ყველანირი ემოცია მესმის, მესმის, რომ მშობლებისთვის რთულია, მაგრამ ეს ბიჭები გაცილებით სახიფათო და სარისკო ოპერაციებში მონაწილეობენ, ვიდრე ჩვენ, ჩვეულებრივი ჯარისკაცები და შესაბამისად, უფრო რთული ნორმატივების ჩაბარება უწევთ... გარდა ამისა, სხვადასხვა სპეციალისტს სხვადასხვა სირთულის ნორმატივის ჩაბარება ევალება, ამის განსაზღვრა სამხედროების სპეციალობების მიხედვით ხდება... ეს გეგმიური წვრთნები იყო, კურსის ბოლო ნაწილი, - ზედაპირიდან ფსკერის მიმართულებით ჩაყვინთვა... ამ დროს, რაც უნდა მოზმადებული იყო ადამიანი, ხანდახან მაინც ხდება ისე, რომ პანიკა იწყება, რაც ჰაერის უკმარისობას და სხვა გართულებებს იწვევს. თან ბიჭებისგან ვიცი, რომ იაგოს ყურების ანთება ჰქონდა, თუმცა, არ მგონია, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს მომხდართან, რადგან ჩაყვინთვა სრული აღჭურვილობით ხდება... ჩვენ გვყავს მეგობარი, რომელიც სპეციალური დანიშნულების ნაწილში იყო, ერთხელაც, წვრთნების დროს, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, იხრჩობოდა და გადაარჩინეს, მაგრამ იმდენად იქონია იმ დღემ მასზე გავლენა, რომ მას შემდეგ, ზღვაში კი არა, მდინარეშიც არ შედის... ამის გამო წავიდა სპეცდანიშნულებიდან და თავდაცვის სამოქალაქო სექტორში გადავიდა.

- ასეთი ტიპის წვრთნების დაწყებამდე სამხედროები სამედიცინო შემოწმებას არ გადიან?
- კი, როგორ არა, მაგრამ სამხედრომ თავად უნდა თქვას, რა აწუხებს. ყველა კურსის წინ ხდება სამედიცინო შემოწმება, მთლიანი ნაწილი მიჰყავთ ჰოსპიტალში, სადაც სამედიცინო კომისიას გადიან, თუმცა, როგორც გითხარით, სწავლების დროს თავად თუ არ მიმართა ექიმს, სამედიცინო პერსონალმა რა იცის მას რამე კონკრეტული პრობლემა აქვს თუ არა... ამასთანავე, როდესაც სამხედრო სწავლების კურსს გადის, ბუნებრივია უნდა წარმატებით დაასრულოს. ამის ახსნა ძნელია ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, მაგრამ მე ვიცი, რომ ბიჭები ასეთი სახის კურსს ნებისმიერი რისკის ფასად გადიან.

- დაოჯახებულები იყვნენ?
- გიორგი არ ვიცი, იაგოს კი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

ვიტალი
25 აგვისტო 2016 21:56
დღეს გიორგის დაბადების დღეა.
...
19 აგვისტო 2016 16:48
Imedia male ipovnian
I
19 აგვისტო 2016 16:46
Jariskacsa da chveulebriv moqalaqes shoris gansxvavebas tu ver xedav raga unda gelaparako

რედაქტორის რჩევით