"კავკასია-2016" რუსული სტრატეგიული სამხედრო სწავლება არა მარტო მეზობლების დასაშინებლად - კვირის პალიტრა

"კავკასია-2016" რუსული სტრატეგიული სამხედრო სწავლება არა მარტო მეზობლების დასაშინებლად

აგვისტოს ომიდან მერვე წლისთავზე რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს, რაც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ახალ სამხედრო აგრესიაში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართული სოფლების მცხოვრებთ ბოლო დღეებში ხშირად აწუხებთ ინტენსიური სროლისა და აფეთქების ხმა და ისინი, ვინც აგვისტოს ომის დაბომბვები გადაიტანეს, ბუნებრივია, შეშფოთებული არიან - ახალი ომი ხომ არ იწყება?

შეგვიძლია ნაწილობრივ დავაწყნაროთ - ომი არა, მაგრამ რუსეთი სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკასია-2016"-ს იწყებს სამხრეთის სამხედრო ოლქში და მათ შორის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე.

რუსულ სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის შიში გასაგებია, რადგან სწორედ ანალოგიური ფართომასშტაბიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკასია-2008"-ის ჩატარების საფარქვეშ მოუყარა თავი მოსკოვმა ჯარებს ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდგომ საქართველოში შემოიჭრა ორი მიმართულებიდან.

საქართველოზე არანაკლებად უფრთხიან რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების დაწყებას კიევშიც, რადგან ვითარება უკიდურესად დაიძაბა არა მარტო დონბასში, არამედ საოკუპაციო ხაზთან, ყირიმის ნახევარკუნძულზე.

რუსეთის სამხედრო ოლქის კონტროლქვეშ არიან ჩრდილო კავკასიაში, სომხეთში, ასევე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე დისლოცირებული რუსეთის სახმელეთო ჯარების შენაერთები და ცალკეული დანაყოფები. ამავე ოლქის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არიან შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ზღვის ფლოტილია და საჰაერო-კოსმოსური ძალების მე-4 არმია.

აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რა მასშტაბით და რა ფართობზე გაიმართება "კავკასია-2016", რომლითაც კრემლს არა მარტო უშუალო მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის დაშინება სურს, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "შეშფოთებაც" და ამერიკელების დაფიქრებაც.

სწორედ სამხრეთი მიმართულებიდან "გაიჭრა" რუსეთი ახლო აღმოსავლეთში, იმ რეგიონში, რომელზეც თეთრ სახლს ეგონა, რომ სრული გავლენა ჰქონდა. შარშან სირიაში რუსული საბრძოლო ავიაციის გამოჩენა ვაშინგტონისთვის დიდ მოულოდნელობად იქცა, ისევე როგორც ერთი კვირის წინ ახალი რუსული საჰაერო ბაზის ამოქმედება ირანის აეროდრომზე.

უნდა თუ არა დასავლეთს ამის აღიარება, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბოლო ხანს ყველგან ასწრებს და დასავლელ ლიდერებს "შეშფოთებულებსა და აღშფოთებულებს" ტოვებს. ასე იყო რვა წლის წინ საქართველოში შემოჭრის დროს, ასე მოხდა 2014 წელს ყირიმის ანექსიისა თუ დონბასში ომის დაწყებისასაც და ასევე გაგრძელდა სირიაშიც.

"კავკასია-2016"-ს ქართველებზე მეტად უკრაინელები უნდა უფრთხოდნენ, რადგან ძალზე მაღალია დონბასში უფრო აქტიური საბრძოლო მოქმედებების განახლების ალბათობა, თუმცა, საერთო ჯამში, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის სწავლება მაინც ახლო აღმოსავლეთით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების გაძლიერებას ემსახურება, მათ შორის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის სამხრეთის სამხედრო ოლქიდან სირიისა და ირანის (არ არის გამორიცხული, ერაყისაც) მიმართულებით ოპერატიულად გადასროლას.

ახლო აღმოსავლეთის საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ფეხმოკიდებული რუსული სამხედრო მანქანა ბევრ რამეს ძირეულად შეცვლის მსოფლიოში და, სავარაუდოდ, ფასს ნავთობზეც, რომლის ძველ ნიშნულზე (ბარელი 100 დოლარზე მეტი) დაბრუნება კრემლის მესვეურთა მთავარი თავსატეხია.

აქედან გამომდინარე, "ისლამური სახელმწიფოს" არსებობა მოსკოვს ჰაერივით სჭირდება, რათა მასთან ბრძოლის მოტივით გააძლიეროს სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ალბათ, ამიტომაცაა, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქის გადაიარაღება ბოლო წლებში გამალებული ტემპით მიდის, რაც რუსეთის ამ სამხედრო -ადმინისტრაციულ ერთეულს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ბევრი ქვეყნის არმიაზე უფრო გააძლიერებს. თავად განსაჯეთ - რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებაშია არანაკლებ 400 ტანკი, 1 000-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ათასზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, 450 თვითმავალი და 250 ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი, 200 ნაღმსატყორცნი, 250-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 150 მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, საჰაერო თავდაცვის 250-მდე დანადგარი, 280-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 170-ზე მეტი შვეულმფრენი, ასევე შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ზღვის ფლოტილიის 4 წყალქვეშა ნავი და რამდენიმე ათეული საბრძოლო ხომალდი, რომლებიდანაც გაშვებულ ფრთოსან რაკეტებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბევრ სტრატეგიულ პუნქტამდე შეუძლიათ მიღწევა.

პენტაგონში ხვდებიან "კავკასია-2016"-ის მასშტაბებსა და ჩანაფიქრს და სურთ, დამკვირვებლების სტატუსით დაესწრონ მას, რისთვისაც თხოვნით მიმართეს მოსკოვს, თუმცა, ჯერჯერობით, თანხმობა არ მიუღიათ.