"კავკასია-2016" რუსული სტრატეგიული სამხედრო სწავლება არა მარტო მეზობლების დასაშინებლად
22-08-2016
"კავკასია-2016" რუსული სტრატეგიული სამხედრო სწავლება არა მარტო მეზობლების დასაშინებლად
აგვისტოს ომიდან მერვე წლისთავზე რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს, რაც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ახალ სამხედრო აგრესიაში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართული სოფლების მცხოვრებთ ბოლო დღეებში ხშირად აწუხებთ ინტენსიური სროლისა და აფეთქების ხმა და ისინი, ვინც აგვისტოს ომის დაბომბვები გადაიტანეს, ბუნებრივია, შეშფოთებული არიან - ახალი ომი ხომ არ იწყება?

შეგვიძლია ნაწილობრივ დავაწყნაროთ - ომი არა, მაგრამ რუსეთი სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკასია-2016"-ს იწყებს სამხრეთის სამხედრო ოლქში
და მათ შორის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე.

რუსულ სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის შიში გასაგებია, რადგან სწორედ ანალოგიური ფართომასშტაბიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკასია-2008"-ის ჩატარების საფარქვეშ მოუყარა თავი მოსკოვმა ჯარებს ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდგომ საქართველოში შემოიჭრა ორი მიმართულებიდან.

საქართველოზე არანაკლებად უფრთხიან რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო
სწავლების დაწყებას კიევშიც, რადგან ვითარება უკიდურესად დაიძაბა არა მარტო დონბასში, არამედ საოკუპაციო ხაზთან, ყირიმის ნახევარკუნძულზე.

რუსეთის სამხედრო ოლქის კონტროლქვეშ არიან ჩრდილო კავკასიაში, სომხეთში, ასევე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე დისლოცირებული რუსეთის სახმელეთო ჯარების შენაერთები და ცალკეული დანაყოფები. ამავე ოლქის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არიან შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ზღვის ფლოტილია და საჰაერო-კოსმოსური ძალების მე-4 არმია.

აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რა მასშტაბით და რა ფართობზე გაიმართება "კავკასია-2016", რომლითაც კრემლს არა მარტო უშუალო მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის დაშინება სურს, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "შეშფოთებაც" და ამერიკელების დაფიქრებაც.

სწორედ სამხრეთი მიმართულებიდან "გაიჭრა" რუსეთი ახლო აღმოსავლეთში, იმ რეგიონში, რომელზეც თეთრ სახლს ეგონა, რომ სრული გავლენა ჰქონდა. შარშან სირიაში რუსული საბრძოლო ავიაციის გამოჩენა ვაშინგტონისთვის დიდ მოულოდნელობად იქცა, ისევე როგორც ერთი კვირის წინ ახალი რუსული საჰაერო ბაზის ამოქმედება ირანის აეროდრომზე.

უნდა თუ არა დასავლეთს ამის აღიარება, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბოლო ხანს ყველგან ასწრებს და დასავლელ ლიდერებს "შეშფოთებულებსა და აღშფოთებულებს" ტოვებს. ასე იყო რვა წლის წინ საქართველოში შემოჭრის დროს, ასე მოხდა 2014 წელს ყირიმის ანექსიისა თუ დონბასში ომის დაწყებისასაც და ასევე გაგრძელდა სირიაშიც.

"კავკასია-2016"-ს ქართველებზე მეტად უკრაინელები უნდა უფრთხოდნენ, რადგან ძალზე მაღალია დონბასში უფრო აქტიური საბრძოლო მოქმედებების განახლების ალბათობა, თუმცა, საერთო ჯამში, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის სწავლება მაინც ახლო აღმოსავლეთით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების გაძლიერებას ემსახურება, მათ შორის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის სამხრეთის სამხედრო ოლქიდან სირიისა და ირანის (არ არის გამორიცხული, ერაყისაც) მიმართულებით ოპერატიულად გადასროლას.

ახლო აღმოსავლეთის საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ფეხმოკიდებული რუსული სამხედრო მანქანა ბევრ რამეს ძირეულად შეცვლის მსოფლიოში და, სავარაუდოდ, ფასს ნავთობზეც, რომლის ძველ ნიშნულზე (ბარელი 100 დოლარზე მეტი) დაბრუნება კრემლის მესვეურთა მთავარი თავსატეხია.
აქედან გამომდინარე, "ისლამური სახელმწიფოს" არსებობა მოსკოვს ჰაერივით სჭირდება, რათა მასთან ბრძოლის მოტივით გააძლიეროს სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ალბათ, ამიტომაცაა, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქის გადაიარაღება ბოლო წლებში გამალებული ტემპით მიდის, რაც რუსეთის ამ სამხედრო -ადმინისტრაციულ ერთეულს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ბევრი ქვეყნის არმიაზე უფრო გააძლიერებს. თავად განსაჯეთ - რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებაშია არანაკლებ 400 ტანკი, 1 000-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ათასზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, 450 თვითმავალი და 250 ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი, 200 ნაღმსატყორცნი, 250-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 150 მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, საჰაერო თავდაცვის 250-მდე დანადგარი, 280-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 170-ზე მეტი შვეულმფრენი, ასევე შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ზღვის ფლოტილიის 4 წყალქვეშა ნავი და რამდენიმე ათეული საბრძოლო ხომალდი, რომლებიდანაც გაშვებულ ფრთოსან რაკეტებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბევრ სტრატეგიულ პუნქტამდე შეუძლიათ მიღწევა.

პენტაგონში ხვდებიან "კავკასია-2016"-ის მასშტაბებსა და ჩანაფიქრს და სურთ, დამკვირვებლების სტატუსით დაესწრონ მას, რისთვისაც თხოვნით მიმართეს მოსკოვს­, თუმცა, ჯერჯერობით, თანხმობა არ მიუღიათ.
ირაკლი ქუთაისელი
02 სექტემბერი 2016 13:52
ვაჟიკო რაფერ მომნატრებია შენი ნააზრევი რომ იცოდე? რუსული რაკეტების მიზანში მორტყმას ადგილზე ესწრებოდი და მანძილი სანტიმეტრებში გაქვს გაზომილი ხომ კი? ერთი წელი ხდება უკვე რაც უბრახუნებენ რუსები და რა ყარსის ციხე აიღეს აქედანაც კო ჩანს. მაგარ რეგვენ ვინმეს თუ მოატყუებ თორემ მაგნაირი სისულეების ფრქვევით ხანდახან გვამხიარულებ მარტო. დაიწვას ის ფსბ შენნაირების იმედზე თუ არის მართლა
გიო44
30 აგვისტო 2016 13:32
888-ს ყვავილებით შენი საყვარელი სააკაშვილი დახვდა რუსებს კოდორში ტყვიის გაუსროლელად რომ გადასცა ხეობა ამაზე თქვი და არა იმაზე რაც არ მომხდარა ნაც პროპაგანდას რომ ეწევი და ყველას რუსეთუმეს ეძახი ფაქტების მიხედვით ილაპარაკე და ამიცსენი თუ რუსეთუმე არ იყო სააკაDვილი კბილებამდე შეიარაღებული ხეობა რატომ ჩააბარა უომრად? როდესაც ამ ხეობაში ადგილობრივი გმირების შიშით ვხვიტს ვერ ყობდნენ რუსები ჯერ ადგილობრივევს იარაღი ჩამოართვა მერე კოდორს ზემო აფხაზეთი დაარქვს გზაც კი გაუკეთა სოხუმის მხრიდან და ბოლოს უომრად ჩააბარა ეს არის რუსეთუმეობა და ღალატი და არა ის პოლიტიკოსები რომ ლაპარაკობენ ფაქტია რუსეთუმე ქმედება არცერთ ამ ზემოთ მოხსენიებულ პოლიტიკოსს არ განუხორციელება ეს შენმა საყვარელმა "მთავარ სარდელმა" მიშიკომ გააკეთა ესარის სიმართლე
ვაჟა17
30 აგვისტო 2016 09:57
"ისლამური სახელმწიფოს" არსებობა მოსკოვს ჰაერივით სჭირდება, რათა მასთან ბრძოლის მოტივით გააძლიეროს სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში."............


ე.ი., როგორც მე გავიგე, ამერიკელები ალ-კაიდებსა და ისის-ებს სპეციალურად ქმნის რუსეთის გასაძლიერებლად! ნატოს წევრი თურქეთის ტერიტორიის გავლით ხდება ისის-ის ახალი ტერორისტებით შევსება-დაკომპლექტება! თურქეთიდანვე ხდება ტყვია-წამლისა და იარაღის მიწოდება ნავთობში გაცვლით და ეს ყველაფერი ხდება რუსეთის გასაძლიერებლად! ყოჩაღ,ნატო და პენტაგონო!
ერთი რამე ბევრმა ვერ გაიგო, რო თანამედროვე შეიარაღებაში რუსეთმა უკვე გაუსწრო დასავლეთს, როცა "დონალდ კუკს" შავ ზღვაში ყველა სისტემა გაუთიშა და მოფარფატე "ლახანკასავით" დატოვა, მერე კი კასპიის ზღვიდან ტერორისტების ბაზები 3 მეტრის ცთომილებით დაბომბა, ეს კი 1500 კილომეტრია!
და ბოლოს, რუსეთს საქართველოს შეშინებს სურს! არ არის ეს ფრაზა სასაცილო? რა გაქვს, ბიჭო, შესაშინებელი, რას წარმოადგენ, რო ზესახელმწიფომ შენს შეშინებაზე საერთოდ დრო დაკარგოს? 2008-ში თუ ჟანგიანი ტანკებით 5 დღეში გადაგიარა, ეხლა 5 საათიც არ უნდა, ვის ეტორღიალები, დაეტიე და დაატიე რაა!

რედაქტორის რჩევით