მფრინავი "კროკოდილები" ცხინვალიდან - კვირის პალიტრა

მფრინავი "კროკოდილები" ცხინვალიდან

ავღანეთში საომრად ქართული მიწიდან ყველაზე პირველად ცხინვალის საშვეულმფრენო პოლკი გაგზავნეს

1980 წლის 7 იანვარს, ღამით, მთელი ცხინვალი განგაშის ხმამ გააღვიძა - ქალაქის სამხრეთით, სოფელ ზემო ნიქოზის გვერდით განთავსებულ აეროდრომზე, საბრძოლო განგაში გამოცხადდა და ცხინვალში მცხოვრები მფრინავები და ტექნიკური პერსონალი სასწრაფოდ აეროდრომზე გაემართნენ.

ცხინვალის პოლკს იმ დროისთვის უახლესი საბრძოლო შვეულმფრენები Ми-24-ები ჰყავდა შეიარაღებაში და, როგორც ჩანს, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ავღანეთში ომის დაწყებიდან (1979 წლის დეკემბრის ბოლო) ათიოდე დღეში სწორედ ამ პოლკის ეკიპაჟები გამოიძახეს განგაშით.

1980 წლის 7 იანვარს განგაშგამოცხადებული პოლკის Ми-24-ები სასწრაფოდ ცხინვალიდან ვაზიანის აეროდრომზე გადმოფრინდნენ. მათ ვაზიანის აეროდრომზე Ми-24-ებს, რომლებსაც უკვე შერქმეული ჰქონდათ არაოფიციალური სახელი - მფრინავი "კროკოდილები" - დაუყოვნებლივ დახსნეს ხრახნები და ფრთები. 8 იანვრის დილით ორ-ორი "კროკოდილი" უზარმაზარ სატრანსპორტო თვითმფრინავებში, Ан-22 "ანტეიში", ჩატვირთეს, რომლებმაც რამდენიმე რეისით ცხინვალის ყველა "კროკოდილი" შუა აზიაში, კოკაითის სამხედრო აეროდრომზე გადაიყვანეს.

კოკაითში შვეულმფრენები ააწყვეს და უკვე 10 იანვარს ცხინვალის "კროკოდილები" პირველად გამოჩნდნენ ავღანეთის ცაში.

13 იანვარს შესრულებული პირველი საბრძოლო გაფრენების შემდეგ, ცხინვალის პოლკის შვეულმფრენები კოკაითიდან ავღანეთში, ყუნდუზის აეროდრომზე გადაბარგდნენ. მათ მოსამსახურებლად ცხინვალიდან ავღანეთში ასევე გადაისროლეს სააეროდრომო-ტექნიკური მომსახურებისა და დაცვის ცალკეული ბატალიონი, კავშირგაბმულობის ცალკეული ასეული და ტექნიკური ექსპლუატაციის ნაწილი.

ცხინვალის პოლკის პირველი ესკადრილია ყუნდუზში დიდხანს არ შეყოვნებულა, უკვე თებერვალში მისი Ми-24-ები ჯალალაბადში მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გადაისროლეს.

ცხინვალის 292-ე ცალკეული საშვეულმფრენო პოლკი ავღანეთში 19 თვე, 1981 წლის 14 ივლისამდე იბრძოდა. იმავე წლის 23 აგვისტოს ცხინვალის პოლკის მფრინავებმა შვეულმფრენები შეცვლაზე მისულებს გადასცეს, თვითონ კი საქართველოში დაბრუნდნენ.

ავღანური 19-თვიანი "მივლინების" დროს ცხინვალის პოლკმა საბრძოლო მოქმედებების შედეგად ექვსი Ми-24 და სამი Ми-8 ტიპის შვეულმფრენი დაკარგა. 12 მფრინავი და ბორტმექანიკოსი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქართველი, გოლოშვილი, რომელიც რადიოელექტრონული აპარატურის ავიამექანიკოსი იყო.

მიუხედავად ასეთი დანაკარგებისა, ცხინვალის პოლკის მფრინავები შედარებით მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, რადგან მანამდე შიდა ქართლის ჩრდილოეთით, მთაგორიან რელიეფზე ემზადებოდნენ და მეტ-ნაკლებად ერკვეოდნენ მთებში ფრენის სპეციფიკაში, რაც მათ ავღანეთშიც გამოადგათ.

საქართველოში, ცხინვალის აეროდრომზე დაბრუნებულმა 292-ე ცალკეული საშვეულმფრენო პოლკის პირადმა შემადგენლობამ ახალი Ми-24-ები მიიღო.

1990 წლის ნოემბრისთვის მის შეიარაღებაში 48 ცალი სხვადასხვა მოდიფიკაციის Ми-24 და 20 ერთეული Ми-8 შედიოდა.

ცხინვალის რეგიონში 1991 წელს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს იქ დისლოცირებული 292-ე ცალკეული საშვეულმფრენო პოლკი, ისევე როგორც 37-ე საინჟინრო-მენაღმეთა პოლკი, არაოფიციალურად მხარს სეპარატისტებს უჭერდა. საშვეულმფრენო პოლკის შვეულმფრენებმა არაერთხელ დაბომბეს ქართული პოზიციები, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

1992 წლის ივნისში, დაგომისის ხელშეკრულების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტიდან 20 დღეში ორივე პოლკს ცხინვალი უნდა დაეტოვებინა.

ასეც მოხდა, თუმცა საინჟინრო პოლკმა სეპარატისტებს სამი ათასზე მეტი ნაღმი გადასცა. მართალია, საშვეულმფრენო პოლკს ცხინვალის რეჟიმისთვის შვეულმფრენები არ დაუტოვებია (თუ არ ჩავთვლით ცხინვალში პოსტამენტზე მდგარ Ми-24А-ს, რომელიც ზოგიერთ ქართველ "მხედართმთავარს" კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე საბრძოლო მზადყოფნაში მოეჩვენა), თუმცა მხარდაჭერა გაუწია.

ამ სტატიის ავტორმა 1992 წლის ივლისიდან რამდენიმე თვე გაატარა ზემო ნიქოზში, აეროდრომზე განთავსებულ ქართულ სამშვიდობო ბატალიონში, და საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა 292-ე საშვეულმფრენო პოლკის საქმიანობას მათი გასვლის პერიოდში. ერთხელ, როდესაც ცხინვალის გავლით ზემო ნიქოზში ბატალიონის ტერიტორიაზე ორი Т-72 ტიპის ტანკი შემოვიყვანეთ ქართული დროშებით, აეროდრომიდან აფრენილი ორი Ми-24 ჩვენს თავზე "ჩამოეკიდა" და მზად იყო, ტანკები რაკეტებით აეფეთქებინა. უკან არც ტანკების ეკიპაჟებს დაუხევიათ, რომლებმაც ლულები შვეულმფრენებისკენ მიმართეს. შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა, ტანკები ჩვენს ბატალიონს დარჩა და მათ ქართული სოფლებისკენ მიმავალ გზებზე არაერთი ნაღმი ტრალებით ააფეთქეს.

292-ე ცალკეულმა საშვეულმფრენო პოლკმა ცხინვალი 1992 წლის ზაფხულში დატოვა და რუსეთში გადაფრინდა. თუმცა ამ პოლკის 6 ცალი Ми-24, რომლებიც თელავის აეროდრომზე გადაიყვანეს, ქართულ მხარეს დარჩა და ისინი აფხაზეთის ომში გამოვიყენეთ.