თბილისში აწყობილს იემენში გვიფეთქებენ, მაგრამ... - კვირის პალიტრა

თბილისში აწყობილს იემენში გვიფეთქებენ, მაგრამ...

"დიდგორის" სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის ავარიისა და აფეთქების ვიდეოკადრებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია არამარტო საქართველოში

საუდის არაბეთს იემენში ჰუსიტებმა იმდენი "აბრამსი" და "ჰამვი" აუფეთქეს, რომ დაკარგულ "დიდგორი მედევაკს", ალბათ, ვერც შეამჩნევენ...

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 28-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელზეც იემენში ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის არმიის ჯავშანკოლონის განადგურებაა ასახული. აფეთქებულ მანქანებს შორის არის საქართველოში "დელტას" მიერ აწყობილი შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო "დიდგორი მედევაკი".

ვიდეოსიუჟეტი ჰუსიტებმა გადაიღეს სამი ვიდეოკამერით. თავდაპირველად ჰუსიტები კლდის თავზე მოწყობილ საუდიტების საგუშაგოს, რომელიც გზას ზემოდან გადმოჰყურებს და აკონტროლებს, უკნიდან ესხმიან თავს და ანადგურებენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ საგუშაგოზე მყოფებმა გამოიძახეს დამხმარე ძალა სამედიცინო მანქანასთან ერთად დაჭრილების საევაკუაციოდ.

შემდეგ კადრში მოულოდნელად ჩნდება დაახლოებით 60-65 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი "დიდგორი მედევაკი", რომელიც უსწორმასწორო გრუნტის გზაზე ზედიზედ ორჯერ ორმოში ეხეთქება, სავარაუდოდ, უზიანდება სავალი ნაწილი, ჩერდება და ორიოდე წამში მას უკნიდან ძლიერად ეჯახება დაახლოებით ამავე სიჩქარით მიმავალი რვაბორბლიანი და 90 მმ კალიბრიანი ქვემეხით შეიარაღებული ჯავშანმანქანა, რომელიც იქვე რჩება. მას მარჯვენა ბორტზე ორი საბურავი სძვრება. ჯავშანკოლონის მესამე მანქანის, შეჯავშნული "ჰამვის" მძღოლი დიდი სისწრაფით მარჯვნიდან უვლის გვერდს გაჩერებულებს და ჰუსიტების ჩასაფრების ადგილიდან უვნებლად გადის (თუმცა ბოლოს ჩანს, რომ ჰუსიტებმა ეს "ჰამვიც" ააფეთქეს).

"დიდგორი მედევაკიდან" არავინ გადმოდის. ალბათ, 16-ტონიანი ჯავშანმანქანის შეჯახების შედეგად, რამაც თითქმის 9-ტონიანი "დიდგორი მედევაკი" რამდენიმე მეტრზე გადაისროლა, მძღოლი ან მძიმედ დაშავდა, ან დაიღუპა. ფატალურ შედეგს ვერც რვაბორბლიანი "ლავის" მძღოლი-მექანიკოსი გადაურჩებოდა.

"დელტას" ჯავშანსასწრაფოდან ორი ზედა საკაცის მოხსნა, კორპუსის დადაბლება და შევიწროება მანქანის საერთო მასას ერთი ტონით მაინც შეამსუბუქებდა...

საუდელების ორი უძრავი ჯავშანმანქანა ჩასაფრებული ჰუსიტებისთვის საუკეთესო სამიზნე ხდება და ისინიც დაუნდობლად ცხრილავენ მათ "კალაშნიკოვებით", ტყვიამფრქვევებითა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით. "დიდგორი მედევაკის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არც ტყვიამფრქვევების ჯერებისა და არც ორჯერ ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი ჭურვის მოხვედრის შემდეგ არ აფეთქებულა, რვაბორბლიანი ჯავშანმანქანა კი პირველი ჭურვის მოხვედრისთანავე აალდა. ჰუსიტები იძულებული ხდებიან, გზაზე ჩავიდნენ და რამდენიმე მეტრიდან "დიდგორი მედევაკის" ძირში ხელყუმბარები შეყარონ, რომ როგორმე დაწვან.

2016 წლის დასაწყისიდან "დელტამ" საუდის არაბეთს უკვე მიაწოდა რამდენიმე ათეული "დიდგორი მედევაკი", რომლებსაც აქტიურად იყენებენ იემენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაჭრილების დროული და უხიფათო ევაკუაციისათვის.

"დელტას" ჯავშანსასწრაფოებს ჰუსიტები ზემოხსენებულ შემთხვევამდეც დასხმიან თავს და მას შემდეგაც, მაგრამ ყველაზე დიდი რეზონანსი სწორედ ამ ინციდენტმა გამოიწვია, რადგან მისი ვიდეო გავრცელდა და ზოგმა თავის თავს უფლება მისცა, იემენის გზაზე მომხდარ საბრძოლო ეპიზოდში "დიდგორი მედევაკის" სუსტი სავალი ნაწილი დაედანაშაულებინა, არადა, ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ სავალი ნაწილის მწყობრიდან გამოსვლა მძღოლის მიერ ჯავშანმანქანის ზედიზედ ორ ორმოში დიდი სიჩქარით ჩახეთქებამ გამოიწვია. თუმცა მძღოლის დადანაშაულებაც ძნელია, რადგან ის მანამდე ორმხრივ სროლაში მოჰყვა (არ არის გამორიცხული, ამ დროს "დიდგორი მედევაკის" სავალმა ნაწილმა საბრძოლო დაზიანებაც მიიღოს), დაბნეული იყო და ცდილობდა, სწრაფად გასცლოდა ჩასაფრების ადგილს.

სტატიის ავტორი 2008 წელს დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციაში მოხვდა ერაყში, სადაც ჩვენი კოლონის პირველი შეჯავშნული "ჰამვი" თვითნაკეთი ნაღმით აგვიფეთქეს და კოლონაც შეჩერდა, ამიტომ გასაგებია, რას იგრძნობდნენ ჯავშნმანქანებში მყოფნი, როდესაც ჩასაფრებაში, ორმხრივ ცეცხლში მოხვდნენ.

კრიტიკოსების არგუმენტი ასეთია: "დიდგორი მედევაკი" დამძიმებულია, რის გამოც სუსტმა სავალმა ნაწილმა ვერ გაუძლო ორმოებში ჩარტყმას, დაიშალა და მანქანაც გაჩერდა.

"დიდგორი მედევაკის", ისევე, როგორც "დიდგორების" სავალი ნაწილი, "ფორდის" F550 მოდელის პიკაპიდან არის აღებული (როდესაც 2011 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმის (სადაც "დიდგორები" პირველად იხილა საზოგადოებამ) კომენტირებისას განვაცხადე ამის შესახებ, მაშინდელი ხელისუფლების დიდი გულისწყრომა დავიმსახურე, რადგან ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ "დიდგორები" მთლიანად საქართველოში იყო აწყობილი).

"დელტაში" "ფორდის" პიკაპს შლიან, სავალ ნაწილს დამატებითი ამორტიზატორებით აძლიერებენ, ახალ ტყვიამდგრად საბურავებს უყენებენ და შასიზე ჯავშანკორპუსს ამონტაჟებენ. ასე რომ, "დიდგორი მედევაკის" სავალი ნაწილი, ძრავისა და ტრანსმისიის ჩათვლით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ბრენდის - "ფორდისაა", რომელზეც სხვა ქვეყნებიც აწყობენ ჯავშანმანქანების სხვადასხვა მოდელს. ასეთი სიჩქარით იმ ორმოებში ჩარტყმას ვერც სხვა ორღერძიანი ჯავშანმანქანების სავალი ნაწილები გაუძლებდა.

მეორე მოსაზრებით, "დიდგორების" და მათ შორის - "დიდგორი მედევაკის" მასა შესამცირებელია. მათი დიზაინის დახვეწით შეიძლება რამდენიმე ასეული კილოგრამის "ჩამოჭრა", რაც ამ ჯავშანმანქანებს შეამსუბუქებს და სავალი ნაწილების დატვირთვაც შემცირდება.

ჰუსიტებმა, როდესაც ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარსატყორცნებით ვერ შეძლეს თბილისში აწყობილი ჯავშანსასწრაფოს დაწვა, მას ქვეშ ხელყუმბარები შეუგდეს...

რაც შეეხება "დიდგორი მედევაკს", ის თავდაპირველად მხოლოდ ორი მწოლიარე დაჭრილის გადასაყვანად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ არაბების მოთხოვნით, გადასაყვანი დაჭრილების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, შესაბამისად, მოიმატა ჯავშანსასწრაფოს სიმაღლემ, ფართობმა და წონამაც, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში (მძღოლი, მეთაური, სანიტარი და ოთხი დაჭრილი) 9 ტონას აღემატება. მაგრამ რა საჭიროა ოთხ დაჭრილზე გათვლა, როდესაც ხშირად ბრძოლის ველიდან ერთი ან ორი დაჭრილის გამოყვანა უფრო საშურია, ვიდრე იმის ლოდინი, სანამ კიდევ ორი დაიჭრება და საკაცეები შეივსება?!

საკაცეების რაოდენობის ორამდე შემცირება, ექვსივე შეჯავშნულშუშიანი სარკმლისა და სანიტრის ადგილის გაუქმება, ტიხრის მოხსნა და მეთაურის მარჯვენა სავარძლის ისე შემოტრიალება, რომ იქ მჯდომმა ექიმმა შეძლოს ორივე დაჭრილისთვის ყურადღების მიქცევა, შვიდიდან ოთხამდე შეამცირებდა ჯავშანსასწრაფოში მყოფთა რიცხვს, დაადაბლებდა და შეავიწროებდა ჯავშანკორპუსს, რაც ტონაზე მეტად შეამცირებდა ახალი "დიდგორი მედევაკის" მასას, ეს კი "ამოასუნთქებდა" სავალ ნაწილს და ჯავშანსასწრაფოც უფრო მობილური გახდებოდა.

შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე ჯუნგლის კანონი მოქმედებს და კონკურენტების ჩასაძირად ყველა მეთოდს იყენებენ. ადვილი მისახვედრია, რომ ცნობილ თუ უცნობ ფირმებს არ გახარებიათ, რომ პატარა საქართველოს ასევე პატარა ფირმა "დელტამ" მოახერხა და შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე ბილიკი გაიკვალა, ამიტომაც ისინი მუდმივად ეცდებიან, გამოიყენონ უმნიშვნელო საბაბიც კი, რომ "დელტას" პროდუქციას სახელი გაუტეხონ. ამისთვის მათ შეიძლება გამოიყენონ თავიანთი ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ლობები თუ საერთაშორისო გრანტების გამცემი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ფარული თუ აშკარა გავლენა საქართველოს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციაზე საიდუმლო არ არის.

თავდასხმების მეორე ტალღა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის, სადაც ინტერნეტსივრცისა თუ მედიის გამოყენებით მუდმივად ცდილობენ, დასცინონ და გააშარჟონ ყველაფერი ქართული. იემენის საბრძოლო ეპიზოდის განხილვისასაც რუსული მედია ქართული "დიდგორების" დაცინვას ცდილობს, თუმცა ავიწყდება, რომ აგვისტოს ომის დროს ცხინვალში შემოჭრილ მათ ჯავშანმანქანა "ტიგრებს" ამერიკული დიზელის ძრავები და ტრანსმისია ეყენა.

"დიდგორი მედევაკებს" იემენში საბრძოლო დანაკარგი, ალბათ, მომავალშიც ექნებათ, რადგან ჰუსიტები აქტიურად იყენებენ გზებზე ჩასაფრების პარტიზანულ ტაქტიკას და საუდის არაბეთის მებრძოლები დაჭრილების საევაკუაციოდ კვლავ თბილისში აწყობილ ჯავშანსასწრაფოებს გამოიძახებენ...

ვინ არიან და რა უნდათ ჰუსიტებს?

"ანსარ ალაჰ", იგივე ჰუსიტები, შიიტური გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წლიდან იემენის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰუსიტებს მხარს უჭერს ირანი, "ჰესბოლა" და თანაუგრძნობს რუსეთი. გაერო არ ცნობს ჰუსიტებს და მხარს უჭერს იემენის პრეზიდენტ ჰადის, რომელიც იემენის სამხრეთში, ქ. ადენშია გამაგრებული. მისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად შეიქმნა 10 ქვეყნის (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, იორდანია, მაროკო, სუდანი, სენეგალი) საერთაშორისო კოალიცია (მათ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს აშშ, პაკისტანი, სომალი, ერიტრეა), რომელმაც სამხედრო ოპერაცია წამოიწყო იემენში ჰუსიტების გასანადგურებლად. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დიდი დანაკარგი განიცადა საუდის არაბეთმა, რადგან ჰუსიტები მის სასაზღვრო რაიონებსაც ესხმიან თავს.