ახალი ცივი ომი ქართულ მიწაზე
05-09-2016
ახალი ცივი ომი ქართულ მიწაზე
საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად სამხედრო სწავლებებს NATO და რუსეთის საოკუპაციო ჯარები ატარებენ...

რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საქართველოში გამართულ NATO-ს სწავლებებში? ერდოღანი თავის სამხედროებს აღარ ენდობა თუ პუტინის გაღიზიანება არ სურს?


ორი დაპირისპირებული სამხედრო-პოლიტიკური ბანაკის ერთდროული სამხედრო სწავლებები გაეროს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ცივი ომის დროსაც კი წარმოუდგენელი იქნებოდა, დღეს კი საქართველოში სწორედ ეს ხდება.

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის საოკუპაციო სამხედრო ბაზები ჩართული არიან სტრატეგიულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში "Кавказ-2016",
ორფოლოს პოლიგონზე კი დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit-2016, რომელშიც საქართველოსა და უკრაინის გარდა, NATO-ს წევრი აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ცივი ომის დაწყების შემდეგ საბჭოთა კავშირი და ვარშავის პაქტის ქვეყნები, ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები,
რეგულარულად ატარებდნენ სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებს.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ფართომასშტაბიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება,­ კოდური სახელწოდებით "Кавказ-85", 31 წლის წინ ჩატარდა, რომელზეც გათამაშებული იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბრძოლო შენაერთებისა და ავიაციის მოქმედება სამხრეთის მიმართულებით, NATO-ს წევრი თურქეთის წინააღმდეგ.
"Кавказ-2016"-ის მთავარი ამოცანა შავი და კასპიის ზღვე­ბის აკვატორიებში, ასევე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერება და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით საბრძოლო ოპერაციების დახვეწაა.

NATO-ს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit-2016-ის სამეთაურო-საშტაბო ეტაპი - ვაზიანში, საველე მომზადება კი ორფოლოს პოლიგონზე ჩატარდება. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ვაზიანისგან განსხვავებით, ორფოლოს პოლიგონის ფართობი უფრო შორს მსროლელი ამერიკული­ საარტილერიო დანადგარების­ გამოყენების საშუალებას იძლევა.

სამცხე-ჯავახეთში განთავსებული ორფოლო უშუალოდ­ ესაზღვრება NATO-ს წევრ თურქეთს და ალიანსის სარდლობისთვის სასურველია ასეთ მთაგორიან რელიეფზე საბრძოლო მოქმედებების დახვეწა, განსაკუთრებით "ტოუს" ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების ეფექტიანად გამოყენება პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების შესაჩერებლად.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ორფოლოს პოლიგონზე, ამერიკელი საზღვაო ქვეითების გარდა, ჩამოვიდნენ სამხედროები ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან და უკრაინიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, სადაც არ გამორიცხავენ რუსეთის სამხედრო აგრესიას, ხოლო უკრაინელი სამხედროები, მესამე წელია, რეალურად ებრძვიან მათ ტერიტორაზე შეჭრილ რუსულ ტანკებს.

კითხვები გააჩინა Agile Spirit-2016-ის მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზე თურქეთის არმიის დანაყოფის ჩამოუსვლელობამ. მანამდე, ივლისში, ბორჯომში, ამ სწავლების დაგეგმვის ბოლო კონფერენციაზე, გაცხადდა, რომ ზემოხსენებულ მონაწილეებთან ერთად საქართველოში თურქული დანაყოფიც ჩამოვიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთში ამას წინათ მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო, რასაც ათასობით თურქი სამხედროს დაპატიმრება და არმიიდან დათხოვნა მოჰყვა, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ გადაიფიქრა მეზობელ ქვეყანაში საბრძოლო დანაყოფის გამოგზავნა.

მეორე ვარაუდი შეიძლება უფრო სერიოზული და ძალზე დამაფიქრებელიც იყოს არა მარტო საქართველოს, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის - პრეზიდენტი პუტინი რომ არ გაეღიზიანებინა, მისმა თურქმა კოლეგამ რუსეთის მოსაზღვრე საქართველოში NATO-ს საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობას თავი აარიდა.
თუკი ჩვენი მეორე ვარაუდი უფრო სარწმუნოა, მაშასადამე, ოფიციალური ანკარა ითვალისწინებს კრემლის მზარდ სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებს­ სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში.

თურქეთ-რუსეთის დაახლოება შავი ზღვის აკვატორიაში NATO-ს პრობლემებს შეუქმნის, რადგან ალიანსის კიდევ ორი შავიზღვისპირა ქვეყნის - ბულგარეთისა და რუმინეთის - სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობები შავი ზღვის აკვატორიაში უმნიშვნელოა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ალიანსი, ძირითადად, სწორედ თურქეთის იმედად იყო.
Frone
11 სექტემბერი 2016 09:52
Frangebi Batumshi???
რამაზი
10 სექტემბერი 2016 10:18
საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია საჭიროა მოქნილი პოლიტიკა რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ პოლიტიკოსების მხრიდან. გამოდის ღმერთის იმედად ვართ
ვაჟა17
09 სექტემბერი 2016 11:01
ერდოგანმა გაიგო, რო რუსებს უნდა უფრთხილდეს! რუსები საშიში ხალხია, მაგათ თვით ჰიტლერი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და სხვას რას უზამენ! საქართველოს ხელმძღვანელობას,რომელიც ხალხზე არცა ფიქრობდა,არცა ფიქრობს და არც იფიქრებს, ეს არ აშინებს, ჩადგეს თითო "ქოხი" ამერიკა-ევროპებში და ჰგონიათ, გაასწრებენ და თავს უშველიან! როგორც დორბლიანი იტყოდა, ვერ მოგართვით, იქ თქვენი გახიზნული შვილებიც არ არიან დაზღვეულები!
200 წელია საქართველოში დიდ ნაგაზებს არ უჩხუბიათ,ხვდებით სადამდე მიიყვანეს საქმე ამ ვაიევროპელებმა? სანამ პეტრე მოდის, პავლეს ტყავს რო აძრობენ,არც ეს გაუგიათ?...ისიც,თუ მოდის და 2008 წელივით არა აფერისტობს!

რედაქტორის რჩევით