ისინი პირველად გაისვრიან საქართველოში - კვირის პალიტრა

ისინი პირველად გაისვრიან საქართველოში

ორფოლოში გამოყენებული TOW-2-ის მართვადი ორკუმულაციურქობინიანი რაკეტა დინამიკური დაცვის ელემენტის აფეთქების შემდეგ 850-900 მმ სისქის ტანკის ჯავშანს ხვრეტს, რაც რუსული საოკუპაციო ჯარების T-90 ტიპის ტანკების დაზიანების დიდ შანსს იძლევა.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება Agile Spirit-2016-ზე საქართველოს ტერიტორიაზე პირველად იქნება გამოყენებული შედარებით თანამედროვე, თუმცა ძალზე ეფექტიანი სამი ამერიკული საბრძოლო სისტემა - გადასატანი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი TOW-2, 155 მმ კალიბრის ჰაუბიცა M777 და ჯავშანტრანსპორტიორი LAV-25.

ტანკსაწინააღმდეგო "ტოუს" პირველი მოდელი აშშ-ის არმიამ შეიარაღებაში, მართალია, ჯერ კიდევ 1970 წელს მიიღო, მაგრამ მისი თანამედროვე მოდიფიკაცია TOW-2 დღესაც მრისხანე მოწინააღმდეგეა ტანკების, მათ შორის იმ რუსული T-72 და T-90-ებისა, რომლებსაც აქტიურად იყენებენ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრეები და თავად რუსი სამხედროები.

დღემდე სხვადასხვა მოდიფიკაციის "ტოუს" 700 ათასზე მეტი რაკეტაა წარმოებული, რომლებიც აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის გარდა, NATO-ს წევრი რიგი ქვეყნების, ასევე ისრაელის შეიარაღებაშია. სირიაში მას ზომიერი ოპოზიციის გარდა "ისლამური სახელმწიფოც" (ნაალაფარ რაკეტებს) იყენებს.

ორფოლოს პოლიგონზე ამერიკული LAV-25-დან ქართველ მებრძოლებსაც მოუწევთ დესანტირება

"ტოუს" უნივერსალურობა იმაშია, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც გადასატანი სამფეხიდან, ისე "ჰამვიდან", "ბრედლიდან" და ტანკსაწინააღმდეგო შვეულმფრენ "კობრადანაც" კი.

მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდიფიკაციაა TOW-2B, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ჯერ კიდევ 1991 წელს "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციაში (თუკი დავუჯერებთ პენტაგონს, მისმა ერთმა საზღვაო ქვეითთა დანაყოფმა 120 გასროლილი "ტოუთი" ერაყელების 93 ტანკი და ჯავშანმანქანა ააფეთქა, რაც ძალიან მაღალ შედეგიანობად ითვლება).

ამ რაკეტის სიგრძე 1 219 მმ-ია, კორპუსის დიამეტრი 149 მმ, სასტარტო მასა კი 22,6 კგ. სტარტის შემდეგ რაკეტა იმართება სადენებით და მისი ფრენის მაქსიმალური სიშორე 3 750 მ-ს შეადგენს, რის დაფარვასაც 21 წმ-ს ანდომებს. რაკეტის საბრძოლო ქობინში ტანდემურად განთავსებულია ორი კუმულაციური მუხტი, პირველი ტანკის დინამიკური დაცვის ელემენტს აფეთქებს, მეორე კი უშუალოდ ტანკის, არანაკლებ 850-900 მმ სისქის ეკვივალენტ მონოლითურ ჯავშანს ხვრეტს.

ასეთი მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები TOW-2B-ს საშუალებას აძლევს, წარმატებით შეებრძოლოს ძირითად რუსულ ტანკ T-90-ს, რომლებიც კრემლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰყავს შემოყვანილი.

ამ სტატიის ავტორი თხუთმეტიოდე წლის წინ უკრაინის ერთ-ერთ პოლიგონზე დაესწრო ბერძნული დანაყოფის მიერ "ჰამვიდან" "ტოუს" გაშვებისა და მიზნის აფეთქების პროცესს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

ორფოლოს პოლიგონზე პირველად გამოჩენილი 155 მმ კალიბრის ბუქსირებადი ჰაუბიცა M777 დღემდე რჩება ამერიკელი არტილერისტების საამაყო დანადგარად, რადგან მისი მასა მხოლოდ 4,2 ტონაა, მაშინ, როდესაც საბჭოთა 152 მმ-იანი ბუქსირებადი ჰაუბიცა МСТА-Б (რომელიც სხვათა შორის ქართველმა არტილერისტებმა ფართოდ გამოიყენეს აგვისტოს ომის დროს) 7 ტ-ს იწონის. ჰაუბიცა M777 მსხვრევად-ფუგასურ ჭურვებს მაქსიმალურ 24 კმ მანძილზე ისვრის, ხოლო მართვად ჭურვს Exscalibur-ს კი 40 კმ-ზე, თანაც ლაზერის სხივით მართვადი ეს ჭურვი მიზანს არა უმეტეს 5 მ-ით შეიძლება ასცდეს, რაც მიზნის გარანტირებულ განადგურებას ნიშნავს.

ორფოლოს პოლიგონზე მესამე სიახლე იქნება აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჯავშანტრანსპორტიორების - LAV-25-ების გამოჩენა. ეს ჯავშანტრანსპორტიორი ქართული არმიის საბჭოთა წარმოების, БТР-80-ს წააგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით, ძრავა კორპუსის წინა მარჯვენა მხარეს აქვს განთავსებული, რაც აადვილებს უკანა აპარელიდან მებრძოლების უსაფრთხო დესანტირებას.

12,8 ტ მასის LAV-25-ში ეკიპაჟის სამი წევრი და ექვსი მედესანტე ზის. ჯავშანმანქანა ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალურ 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. იგი შეიარაღებულია ერთი 25 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხით და ორი 7,62 მმ კალიბრიანი ტყვიამფრქვევით. მისი გამავლობა აღემატება ქართული "დიდგორისას", რადგან ოთხი ღერძი და რვა ბორბალი აქვს.

ორფოლოს პოლიგონის "პირველი მერცხლები" შეიარაღების სწორედ ის სახეობებია, რომლებითაც გაძლიერება ქართულ არმიას, როგორც ჰაერი, ისე სჭირდება.