"თურმე იმას, რაც მე მზადყოფნა მეგონა, უცოდინარობა ერქვა"
05-09-2016
"თურმე იმას, რაც მე მზადყოფნა მეგონა, უცოდინარობა ერქვა"
პირველივე ეტაპზე წყალქვეშა საძიებო ოპერაციები არასწორად დაიგეგმა. აქცენტი მხოლოდ მყვინთავების ჩართვაზე გაკეთდა და ჩათვალეს, რომ ასეთ რთულ საზღვაო მონაკვეთზე დაკარგული კურსანტების მოძიება მხოლოდ აკვალანგებით იყო შესაძლებელი.

"ყველა სწავლება გავლილი გვქონდა და მეგონა, მზად ვიყავი, მაგრამ... თურმე იმას, რაც მე მზადყოფნა მეგონა, უცოდინარობა ერქვა. ისე გაბრუებული ვიყავი, ინსტრუქტორი რომ სხვებს ეხმარებოდა, წამითაც ვერ გავიფიქრე, მეც რამეში მივეხმარო-მეთქი. ეგ კი
არა, ზემოთაც არ წამოვიდოდით, ინსტრუქტორი რომ არ ჩამოსულიყო. ვსუნთქავდი, ვხედავდი, მაგრამ აზროვნება არ ჩაირთო, სანამ არ მოგვქაჩა და ზედაპირისკენ არ წამოგვიყვანა", - ეს უამბო შავ ზღვაში სასწავლო ყვინთვის დროს გადარჩენილმა ერთ-ერთმა კურსანტმა მეგობრებს. ამის შემდეგ მას
და მეორე კურსანტს ოჯახის წევრებთან ლაპარაკიც კი აეკრძალათ.

დავით ნიკოლეიშვილი, საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ დიდ სიღრმეზე არასაკმარისად ნავარჯიშები და მოუმზადებელი მყვინთავი არაადეკვატური ხდება, დუნდება და შეიძლება გაითიშოს კიდეც.

"ეს ბიჭები ჯერ დაბალ (15-20 მეტრზე), მერე ცოტა მოზრდილ, მაგალითად, 25 მეტრამდე უნდა ევარჯიშებინათ და მერე გადაეყვანათ 30-ზე და უფრო მეტ სიღრმეებზე სავარჯიშოდ".

ოფიციალური ინფორმაციით, კურსანტებს 17 მეტრ სიღრმეზე ჩააყვინთვინეს, თუმცა ერთი ვერსიით, ჯარისკაცები 30 მეტრ სიღრმეზე ჩავიდნენ, სადაც, მათ არა მხოლოდ ცოდნამ, აღჭურვილობამაც უღალატა. პროფესიონალი მყვინთავების თქმით, ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი თუ დამაკმაყოფილებელი არ არის, 10 მეტრ სიღრმეზეც შეიძლება იგივე დაგემართოს, რაც იმ კურსანტს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყვინთვის დროს ჯარისკაცები სკოჩით" დაკემსილ სპეციალურ კოსტიუმებს და ჟილეტებს და 2006 წელს შეძენილ დაბალი ხარისხის, უკვე დაძველებულ აღჭურვილობას იყენებენ.

დიდი თანხები იხარჯებოდა თავდაცვის უწყების ადმინისტრაციული ნაწილის სარემონტოდ, ძვირფასი ავეჯისა და ჯიპების შესაძენად. არადა, ხელისუფლება აცხადებდა, რომ ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარს, სპეციალური ძალების ბატალიონს, სპეცრაზმს ქმნიდა, როგორც ჩანს, მხოლოდ სიტყვით...

2015 წლის ზაფხულში ურეხში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის (სწორედ ამ ბატალიონიდან იყვნენ დაკარგული კურსანტები იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი) ბაზის დათვალიერებისას წამითაც არ გამჩენია განცდა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის სამხედრო დანაყოფში ვიყავი. სასადილოში, სადაც ხვატში სადილ-ვახშმობა ნამდვილი ტანჯვაა, სუნთქვა მეკვროდა. გაოცებულმა ვიკითხე, რა გახდა ორიოდე კონდიციონერის დამონტაჟება-მეთქი? სწორედ მაშინ გავიგონე პირველად, ომმა არ იცის სიცხე და სიცივე, ყველაფრის გაძლება და ატანა უნდა შეგეძლოსო! ალბათ, ამაში იგულისხმება უხარისხო აღჭურვილობით წყალში დიდ სიღრმეზე ყვინთვაც.

დავით ნიკოლეიშვილი:
"სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა სრულიად უშედეგო გამოდგა და ეს ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო სამსახურებს ზღვაში დაკარგული ადამიანების ოპერატიულად მოძიების არც თანამედროვე ტექნიკა აქვთ და არც კარგად შემუშავებული გეგმა-მეთოდიკა.

როდესაც ზღვაზე ეს უბედური შემთხვევა მოხდა, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომპლექსური საძიებო ჯგუფი უნდა შეექმნა, სადაც სამხედრო მყვინთავების გარდა, უნდა მოეწვიათ ჰიდროგრაფები, ოკეანოლოგები და, რა თქმა უნდა, ის გამოცდილი ქართველი მყვინთავები და მეთევზეები, რომლებიც შავ ზღვას და განსაკუთრებით, გონიო-ჭოროხის წყალქვეშა მონაკვეთს კარგად იცნობენ.
პირველივე ეტაპზე წყალქვეშა საძიებო ოპერაციები არასწორად დაიგეგმა. აქცენტი მხოლოდ მყვინთავების ჩართვაზე გაკეთდა და ჩათვალეს, რომ ასეთ რთულ საზღვაო მონაკვეთზე დაკარგული კურსანტების მოძიება მხოლოდ აკვალანგებით იყო შესაძლებელი. თურქეთის სამხედრო ხომალდის შემოყვანამდე არ შეუსწავლიათ და არ გაუანალიზებიათ ამ მონაკვეთის ძლიერი ზედაპირული და წყალქვეშა დინებების სპეციფიკა, ფსკერის რთული რელიეფი, დაბალი მხედველობა, წყალქვეშ საჭირო ორიენტირების არარსებობა და მრავალი სხვა ფაქტორი.

ამჟამად ზღვაში დაკარგული სამხედროების მოძიება ბევრად ძნელი იქნება, მაგრამ, ჩვენი ანალიზით, მაინც არის იმის ალბათობა, რომ ორიდან ერთი კურსანტი გონიო-ჭოროხის ან, მაქსიმუმ, სარფი-ჭოროხის შესართავის ფსკერის მონაკვეთის 40-50-მეტრიან სიღრმის ზონაში იმყოფებოდეს. ეს ის ზონა და სიღრმეებია, რომლებიც შესაძლებელია ქართველმა ზღვის სპეციალისტებმა და მყვინთავებმა ერთობლივად დამუშავებული გეგმით შეამოწმონ. ამ ზონებში ჩვენს ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენს ღრმა ჭები და ღრმულები, რომელთა სიღრმე, მეთევზეების მონაცემებით, თვით 100 მეტრს და მეტსაც უტოლდება. ყველაზე ძნელი ასეთი ღრმულების სრულფასოვანი გამოკვლევა იქნება, თუმცა თუ თავდაცვის სამინისტრო და მთავრობა მხარში ამოგვიდგება და საჭირო აპარატურით დროულად უზრუნველგვყოფს, ამ ადგილების შემოწმებაც შეიძლება. შეიძლება ჩვენს სამუშაო ჯგუფსაც გაუჭირდეს დაკარგული სამხედროების მოძიება, მაგრამ თუ მთავრობის სათანადო მხარდაჭერა გვექნება, მათ იმის გარანტიას ნამდვილად მივცემთ, რომ მდინარე ჭოროხის შესართავიდან სარფის საზღვრამდე 40-50 მეტრი სიღრმის ზონაში ყველაფერს გადავქექავთ და ზუსტად გეტყვით, არიან თუ არა იქ დაკარგული კურსანტები.
თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სამუშაო ჯგუფს დროებით სამთავრობო სტატუსს მისცემს, შესაძლებელია, უფრო ღრმა სიღრმეებზე ყვინთვის (კერძოდ, 100-150 მეტრამდე) სამუშაოების დაგეგმვა უცხოელ ოკეანოლოგებსა და ღრმა ყვინთვის სპეციალისტებთან ერთად და შესაბამისი საძიებო აპარატურით მდინარე ჭოროხის კანიონის გამოკვლევა. დროებითი სამთავრობო სტატუსი ჩვენს ჯგუფს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან და წყალქვეშა აღჭურვილობა-აპარატების მწარმოებელი მსხვილი კომპანიებიდან ამ ოპერაციისათვის საჭირო თანხები და ტექნიკა მოიზიდოს".

კურსანტებს პატივი მიაგეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შავ ზღვაში ორი გვირგვინი ჩაუშვეს, ბოლოს კი, საგანგებო ზალპით პატივის მიგების პარალელურად, ეროვნული გვარდიის სამხედროებმა დაკარგული ჯარისკაცების მშობლებს საქართველოს დაკეცილი დროშები გადასცეს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მადლობა გადაუხადა თანადგომის გამოხატვისთვის.

"მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს სახელით პატრიარქს მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის. ეს არის თითოეული ჯარისკაცის მიმართ გამოხატული თანადგომა და უდიდესი მხარდაჭერა... კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახის წევრებს, ჩვენ სულ მათ გვერდით ვიქნებით".

ეკა ლომიძე
ნაზი
12 სექტემბერი 2016 14:53
ეს რა უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხო!!!! როგორ შეიძლება არ ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები დაცული?!!!30 მეტრზე სიღრმეში რომ უშვებდენ არ უნდა გაეთვალისწინათ!!!!ვაი თქვენ ჩამდენს და გამკეთებელს რომ ეგრე უყურადღებობით დაღუპეთ იაგო ორი ბავშვი უმამოდ დატოვეთ და ეხლა ისიცკი არ გიმდათ ოჯახს დაუდგეთ გვერდით და აპოვნინოთ რომ დედემ შვილი დაიტიროს
tea
12 სექტემბერი 2016 09:22
საწყალი დედამისი როგორ უნდა მოისვენოს შვილის საფლავიც არ აქვს .რამდენად ძნელია წარმოიდგინოს თავის შვილი წყალშია და შველაზე არაა საუბარი უბრალოდ დაკრძალოს მაინც .რომ სიმშვიდე მოიპოვოს

რედაქტორის რჩევით