"ვიცი, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, ოსები, ჩეჩნები და კაზაკები აწამებდნენ..."
10-09-2016
"ვიცი, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, ოსები, ჩეჩნები და კაზაკები აწამებდნენ..."
ორი სამშვიდობო მისია მოილია ავღანეთში, ახლა მესამისთვის ემზადება... - ძმის სახელის უკვდავსაყოფად გაკეთებული არჩევანი

წლები გავიდა, მაგრამ აგვისტო მისთვის და მისი ოჯახისთვის წელიწადის ყველაზე მძიმე, განსაკუთრებული თვეა - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომში ერთადერთი ძმა დაკარგა. 24 წლის შმაგი (ოჯახის წევრები მას შაკოს ეძახდნენ) ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა, მაგრამ ბიჭი ხელებში ჩააკვდა; მკვდარსაც არ ტოვებდა... შემდეგ, ის და მისი თანამებრძოლები ოსებს ჩაუვარდნენ ტყვედ... მათგან შვიდი გამოიხსნეს. შმაგი დახვრიტეს,
რადგან ხელებზე შეატყვეს, ტანკისტი რომ იყო...

24 წლის უმცროს სერჟანტს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭეს. მისმა დამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ძმის სულის უკვდავსაყოფად, ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა, რომელსაც ღირსეულად ატარებს. ორი სამშვიდობო მისია მოილია ავღანეთში, ახლა მესამისთვის ემზადება...
სოფო სოფრომაძე, ოფიცერი, სამხედრო ექიმი:
-
ჩემი ძმა 19 წლის იყო, როდესაც სწავლა შეწყვიტა და `კომანდოს~ ბატალიონში ჩაირიცხა. კონტრაქტზე წავიდა. ჩემი ოჯახი ძალიან განიცდიდა მის ამ გადაწყვეტილებას... დედა ბავშვობაში სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მისმა შვილმა სამხედრო გზა აირჩია, ანერვიულდა. შაკომ ჩუმად მოაგროვა ყველა საჭირო საბუთი და ბიძაშვილთან, ზაზა გოგიაშვილთან ერთად წავიდა... მანამდე კი `კომანდოს~ ბატალიონში დედას სამი ბიძაშვილი ჩაირიცხა. ისინი გვიყვებოდნენ, თუ როგორ წვრთნებს გადიოდნენ და რა სირთულეები ჰქონდათ. შაკო მათ ნაამბობს რომ უსმენდა, ამბობდა, - ვაჟკაცი უნდა იყო და სამშობლო უნდა დაიცვაო... ძალიან მეგობრული ბიჭი იყო. საბურთალოზე ვცხოვრობდით და არაერთი შემთხვევა მახსენდება, როცა მისთვის შუაღამეს დაურეკავთ, სამგორში ან სხვა რაიონში, ზოგჯერ ფეხითაც წასულა, რადგან ტაქსის ფული არ ჰქონდა და რამდენჯერმე ნაცემიც დაბრუნებულა, - მეგობრის გამო თუ არ გაილახე, აბა, რა კაცი ხარო? - ასეთ დროს ხუმრობდა ხოლმე... უცნაურია, მაგრამ რატომღაც, ყველას ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს მას ძალიან მალე დავკარგავდით. შეიძლება იმიტომაც, რომ თანდაყოლილი ასთმით დაიბადა და მთელი ბავშვობა მკურნალობდა. მშობლები სულ ეფოფინებოდნენ. ოჯახი რომ შექმნა, ყველა ამბობდა, - იმდენად კარგი ურთიერთობა აქვთ, ათას წყვილში გამოარჩევო. ომამდე ცოტა ხნით ადრე, ერთი სამხედროს ქორწილში ვიყავით და მაშინ დავფიქრდი ამაზე, რადგან იმ ქორწილში ორი წყვილი იყო გამორჩეული: ჩემი ძმა და მისი მეუღლე და კირაკოზაშვილი, ცოლთან ერთად. ის ბიჭიც 2008 წლის ომში დაიღუპა...

- ოჯახი თანდათან შეეჩვია მისი ცხოვრების რეჟიმს?
- დიახ, თუმცა, მაინც ვნერვიულობდით... 2004 წელს, წვერიახოსთან მომხდარ შეტაკებებში მონაწილეობდა. მაშინ ამას `სწავლება~ დაარქვეს. არადა, ომი იყო, ორმხრივი სროლებით, იყვნენ დაჭრილები და დაღუპულები. შაკო სამსახურის დეტალებზე არასდროს საუბრობდა. მოგვიანებით, სხვებისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში 7 ბიჭი ძირითად ჯგუფს მოწყვეტილა და რამდენიმე დღის განმავლობაში ტყეში იყვნენ. - დაზაფრულები ვიყავით და შაკო გვამხნევებდა. ჩვენ რომ სანგრებში ვისხედით, მას ტყვიების წვიმაში უწევდა ყოფნაო... ღამით ხშირად მაღვიძებდა მისი ბორგვა, ზოგჯერ წამოხტებოდა კიდეც. ეტყობა, იქ გატარებულმა მძიმე დღეებმა თავისი კვალი დატოვა... 2008 წლის სექტემბერში, საოფიცრო კურსებზე აპირებდა წასვლას. დედას უთხრა, - დიდხანს ვიფიქრე და სამხედრო ფორმის ტარება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიაო. დედა რომ უსაყვედურებდა, - მთელი ცხოვრება შენზე უნდა ვინერვიულოო? პასუხობდა: არაფერი მითხრა, დედა, შენ გამზარდე ასე, მთელი ცხოვრება სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდიო... ვერ მოესწრო ოფიცრობას. 2008 წლის ომში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის ტანკისტი იყო და ომში ტანკის ეკიპაჟს მეთაურობდა...

- არაერთი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა თქვენი ძმა ცხინვალში. რა ინფორმაცია გაქვთ?
- შაკოს ტანკი სროლების შედეგად დაზიანდა და ცხინვალის მისადგომებთან, დაახლოებით ერგნეთთან გაჩერდა. მას ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოჰყავდა. ბოლოს ერთ-ერთი ასმეთაური გამოუყვანია, გვარად ტაბატაძე, რომელიც დაჭრილებით სავსე მანქანაზე დაუსვამს. მოგვიანებით, ის ბიჭი იხსენებდა თურმე: ვუთხარი, რომ თვითონაც გამოგვყოლოდა, რადგან უკან დახევის ბრძანება გვქონდა მიღებული, მაგრამ უარი მითხრა, ტყეში დაჭრილი ბიჭები იქნებიან და ვერ მივატოვებო. იარაღი მოიხსნა, რამდენიმე წუთი თავდახრილი, დაჩოქილი ლოცულობდა, შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და ტყისკენ წავიდაო... იქ მართლაც უნახავს დაჭრილი ჯარისკაცი, სავარაუდოდ, ეს იყო ლეიტენანტი ხურციძე, რომელიც მძიმედ გახლდათ. შაკოს სამხედრო ფორმა გაუხდია და დაუგლეჯია, რომ მისთვის სისხლდენა შეეჩერებინა. თუმცა, ბიჭი ვერ გადარჩა, ხელებში ჩააკვდა შაკოს, მაგრამ გარდაცვლილსაც არ ტოვებდა. მერე არავინ იცის, როგორ ჩავარდა ტყვედ... ვიცი, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, ოსები, ჩეჩნები და კაზაკები აწამებდნენ. ცხინვალის ქუჩებში გაჰყავდათ, ე.წ. ბირჟებზე აჩერებდნენ და სცემდნენ. ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს ინტერნეტში... შემდეგ საქართველოს დროშა დაუფენიათ და ფეხით შედგომა უბრძანებიათ. შაკომ ეს არ გააკეთა. მერე ცალკე გაუყვანიათ, რადგან ინფორმაცია მიიღეს, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების ძალები ტყვეების გაცვლაზე მუშაობდნენ და როგორც ჩანს, აჩქარდნენ, ტყვეები რომ არ გაეშვათ. შაკო დახვრიტეს. შემდეგ ერთი ოსი ბიჭი გაუყვანიათ და ღალატში დაუდანაშაულებიათ. მას თავი მოჰკვეთეს. საფლავებიც გაუთხრევინებიათ ტყვეებისთვის და თითოეული მათგანის მოკვლას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს, ამასობაში რუსული სპეცრაზმი მოვიდა. 10 წუთმა გადაწყვიტა ყველაფერი... ამ ტრაგედიის შესახებ არაფერი ვიცოდით. დედას ეგონა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო. შემდეგ, ცხინვალში სასულიერი პირები შევიდნენ და 43 მეომრის ცხედარი გამოასვენეს. `დეენემის~ ანალიზმა კი უჩვენა, რომ მათ შორის შაკოც იყო... მადლობა უფალს, რომ ჩემს ძმას საოცრად კარგი მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა. ეს ჩვენთვის დიდი ნუგეშია. (გაგრძელება)
nino
11 სექტემბერი 2016 21:37
რა ტყუილად გვაწვალებთ და გვათხრევინებთ თვალებს. იმხელა არზა დავწერე, აბა სად არის?
ნანა1
11 სექტემბერი 2016 17:29
ასეთი უბედურების შემდეგ,ისევ მიშა მიშას რომ გაიძახიან ზოგიერთნი ისაა გასაკვირი
!
10 სექტემბერი 2016 19:54
ქალი ვარო, ამან უნდა თქვას.

რედაქტორის რჩევით