აქ ქართველები ჩვენს წილ საქართველოს იცავენ... "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ავღანური მისია
12-09-2016
აქ ქართველები ჩვენს წილ საქართველოს იცავენ... "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ავღანური მისია
"აქ საერთაშორისო მისიაა და მასში ქართველების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია"

ალეკო დევაძე, ავთო საბაშვილი და შალვა დალბაშვილი ჩემი ეკიპაჟის წევრები არიან. ერთი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კახური შოთი ენატრება, მეორეს - ხინკალი, მესამეს - შვილები... ყველას ერთად კი ოჯახი და სამშობლო. ამბობენ, რომ აქ საფრთხე ყოველ წამს გემუქრება, ამიტომ პატრულირებაზე გასვლის დროს განსაკუთრებულად ფრთხილობენ, ნაღმი შეიძლება ყველგან იყოს


რამდენიმე წლის წინ ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების შესახებ წიგნს
ვწერდი, იმ ბიჭებზე, რომელთა სიცოცხლეც უდროოდ შეწყდა და ისტორიას გმირებად შემორჩნენ... მაშინ დავიწყე ფიქრი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში წასვლაზე. ამაზე ხომ ყველა ჟურნალისტი ოცნებობს... წიგნი მივიდა მკითხველამდე, მსოფლიოს ცხელ წერტილში მოხვედრის სურვილი კი აუხდენელ ოცნებად დამრჩა...

წლები გავიდა და ამ ოცნებასაც შეესხა ფრთები. მე ავღანეთში
მივდივარ! იქ წასვლამდე დარჩენილ დღეებს პატარა ბავშვივით საგულდაგულოდ ვითვლიდი. და აი, ის ნანატრი დღეც...

25 აგვისტო, 17 საათი და 25 წუთი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ამ თარიღიდან ჩემი ცხოვრებისა და კარიერის სულ სხვანაირი, უფრო საინტერესო ისტორია იწყება, რეისით: თბილისი-სტამბოლი-ქაბული... ეს საქართველოს თავდაცვის ახალდანიშნული მინისტრის პირველი ვიზიტია და ის სწორედ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში შედგა. ლევან იზორიასთან ერთად, "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ორი ჟურნალისტი ვართ.

ქვეყანა, სადაც დრო გაჩერდა


26 აგვისტო, 01 საათი და 05 წუთი. სტამბოლი-ქაბულის რეისის მგზავრების უმრავლესობა ავღანელია. ხუთსაათიანი მგზავ­რობის შემდეგ, ავღანეთის თავზე ვართ.
უდაბნოსფერი ქვეყნის ნაცრისფერი ციდან კანიონები და უსახური მიწურები მოჩანს. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები ტყვიების ზუზუნში იზრდებიან... იარაღი, მძიმე პირობები და გაურკვეველი მომავალი - ეს ახლანდელი ავღანეთია. ქვეყანა, სადაც მშვიდობიან ისლამისტებთან ერთად, რადიკალი, ალაჰის სახელით მებრძოლი ტერორისტები იზრდებიან.

სწორედ აქ,"მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", ქართველები სხვა ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად მშვიდობისთვის იბრძვიან. ეს არ არის "სხვის ომში" ბრძოლა," აქ ქართველები ჩვენს წილ საქართველოს იცავენ...

ქაბულის აეროპორტში რამდენიმე ჯავშანავტომობილი გვხვდება. მკაცრად გვაფრთხილებენ: გვეკრძალება ფოტოს გადაღება აეროპორტსა და გარკვეულ ადგილებში... რამდენიმე წუთი და, ბაზაში ვართ, იქ ქართველი სამხედროები გვხვდებიან... უდაბნო, ცხელი ქარი, კიდევ უფრო ცხელი, მდოგვისფერი ქვიშა და თითქმის დუღილის ტემპერატურა.

ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად შეხვედრებს ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის" სარდალთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან, შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ იურგენ ვეითსა და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელთან ავღანეთში ისმაილ არამაზთან მართავს. მერე მისიის შტაბბინაში დისლოცირებულ IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ""ალფა" ასეულის სამხედროებს ხვდება. შემდეგი ვიზიტი ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალში"" იმართება. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაში მივდივართ. მინისტრს ყველგან მაღალ დონეზე ხვდებიან. ქართული დელეგაცია შეხვედრებით კმაყოფილია. ახალ მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილია პირადი შემადგენლობაც.

ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი:
- "მინდა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ პატივისცემა და მადლიერება. ქართველები ყველა საპასუხისმგებლო პოზიციაზე არიან... ისინი ღირსეულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ ცოტანი ვართ პროცენტულად, თუმცა ჩვენში მოჭარბებულია მხედრული სულისკვეთება და ჩვენ გვენდობიან უცხოელი პარტნიორები. ვესაუბრე გენერლებს და მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ ჩვენი ბიჭების დიდი იმედი აქვთ. მათი დამსახურებაა საერთაშორისო დონეზე ჩვენი აღიარება. რაც აქ ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მშვიდობას. მეც მათნაირი ჯარისკაცი ვარ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ".

ქაბულიდან ბაგრამამდე ვერტმფრენით უნდა გავფრინდეთ. ორ დღეს იქ გავატარებთ, მანამდე კი ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტს ვირგებთ. აი, ამ დროს ვხვდები, რომ მართლაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ვარ...
ჰაერში ვართ. ფოტოაპარატს ვიმარჯვებ და ვცდილობ, კადრში შევაჩერო ციდან დანახული ავღანეთი... კარგად ჩანს, ავღანელთა საცხოვრებლები, ალიზით ნაშენი სახლები, ღობეები და ნასახლარები... აქ დრო შუა საუკუნეებში გაჩერებულა და არავინ იცის, რამდენი ხნით...

15 წუთში ბაგრამის საავიაციო ბაზაში ვართ. ქართველი ჯარისკაცები სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახებში გვანაწილებენ. აქ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ... საათი მუდმივად ბრძოლის დროს აჩვენებს, აქ მშვიდობიანი დღე სულ სხვანაირად თენდება, აქ, უდაბნოში, სხვა ჯარისკაცებთან ერთად ქართველები მშვიდობისთვის იბრძვიან.

ქართველ სამხედროებს დაცული ტერიტორიის საზღვართან, სათვალთვალო კოშკთან მივყავართ. აქაც ქართველები აკონტროლებენ გარე პერიმეტრს. იქიდან ავღანეთის ერთ უბანს გადავყურებ. ხელისგულივით მოჩანს ქალაქის ერთი დასახლება. ერთი შეხედვით, ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდის.

მოდელირებული პატრულირება


სპეციალურად ჩვენთვის 52-ე ბატალიონი ბაზის ტერიტორიაზე იმიტირებულ პატრულირებას გვაჩვენებს. ეს ის ოპერაციაა, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ყოველდღიურად ბაზის გარეთ, დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიებზე ატარებენ. ერთ-ერთ ჯავშანტრანსპორტიორში ვჯდები და იმიტირებული პატრულირება იწყება. ეკიპაჟის შემადგენლობაში ექვსი სამხედროა. ბიჭები მეუბნებიან, რომ მალე ხუთი თვე გახდება, რაც აქ არიან, და კიდევ ორი თვე მოუწევთ დარჩენა. ალეკო დევაძე, ავთო საბაშვილი და შალვა დალბაშვილი ჩემი ეკიპაჟის წევრები არიან. ერთი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კახური შოთი ენატრება, მეორეს - ხინკალი, მესამეს - შვილები... ყველას ერთად კი ოჯახი და სამშობლო... ამბობენ, რომ პატრულირებაზე გასვლის დროს განსაკუთრებულად ფრთხილობენ, ნაღმი შეიძლება ყველგან იყოს. ჯავშანტრანსპორტიორიდან გადმოსული 52-ე ბატალიონის მეთაურის, 33 წლის ვიცე-პოლკოვნიკ გრიგოლ ავალიანისთვის ეს მესამე მისიაა.

- გასულ კვირას, პატრულირებისას, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოტოციკლზე ამხედრებული კამიკაძე შენიშნეს, მოახლოებულ თვითმკვლელ ტერორისტს, რომელიც გაფრთხილებას არ დაემორჩილა, ბიჭებმა ცეცხლი გაუხსნეს.

როდესაც პატრულირება მთავრდება და ბაზაში ბრუნდებიან, ჯარისკაცები აღჭურვილობას ამოწმებენ და უკან აბარებენ. შემდეგ ეწყობა ბრიფინგი, თუ რა ცვლილებებია გარე პერიმეტრზე, რა განწყობით ხვდებათ მოსახლეობა, რა საჭიროებები აქვთ მათ და ა.შ. შემდეგ ვწერთ მოხსენებით ბარათს და გადავცემთ ზემდგომებს.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ავღანელებს ქართველი ჯარისკაცების მიმართ?

- დადებითი. უარყოფითად განწყობილიც არიან, მაგრამ ძალიან ცოტა... ქართველები მათ ტრადიციებს, რელიგიასა და კულტურას პატივს სცემენ. მოსახლეობას ვაწვდით მედიკამენტებს, საკვებს, ტანსაცმელს და პირველადი საჭიროების ნივთებს. ვხვდებით უხუცესებს, მათგან ვიგებთ მოსახლეობის მდგომარეობას და ვარიგებთ საჭირო ინვენტარს. ერთ-ერთ სოფელში საფეხბურთო სტადიონი გავაკეთეთ, წყლის პრობლემის გამო, ჭების პროექტიც განხორციელდება. გარდა პატრულირებისა, ქართველები მეთვალყურეობას უწევენ უგანდელ სამხედროებს, რომლებიც კოშკურებზე პატრულირებენ. აქ სულ წვრთნებია და ეს თავისთავად სტრესია. ამიტომ ბაზაში არის გასართობი სივრცე: სპორტული და ფიტნესდარბაზები, სამაგიდო თამაშები, კარაოკე და სხვა გასართობი საშუალებები.

- ყველაზე მეტად რა გჭირდებათ ქართველებს აქ, ავღანეთში?

- ჩვენი ქართველები გვენატრებიან და ყველაფერი, რაც ქართულია...

- ხშირად ამბობენ, ჩვენი ჯარისკაცები სხვის ომში იბრძვიანო...

- ეს მსოფლიოს ომია და მათ შორის, ჩვენი. ყველა სახელმწიფო ვალდებულია ჩაერთოს ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერორისტები ჩვენთანაც მოვლენ და ნებისმიერ ქვეყანაში ჩაატარებენ ტერორისტულ აქტებს.

უდაბნოში გაცოცხლებული ქართული კულტურა


ბაზაში სამხედროების მიერ აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, აქ იკრიბებიან ქართველები და ისლამურ რესპუბლიკაში ყოველი გასვლის წინ ქართველი მოძღვარი მათ ლოცვა-კურთხევით აცილებს. ტაძრის გარე ფასადზე საქართველოს დროშა და რუკაა გამოსახული, რომელსაც სისხლისფრად ატყვია ოკუპირებული ტერიტორიები. აქ თითოეული დეტალი მათი ხელითაა შექმნილი. ეკლესია რკინის კონსტრუქციაა, გარე ფასადის ფილებით მოპირკეთების ნაცვლად, მავთულის ღობეში შეკრული ქვებია, სამრეკლოში, ზარების ნაცვლად ფოლადის კასრები გუგუნებენ.

სამხედრო ბაზაში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი ერთადერთი სასულიერო პირია.

მისიის კაპელანი მამა ზაქარია:
- აქ აღევლინება ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა. მრევლში გვყავს ინდოელები, ამერიკელები და სხვა ეროვნების სამხედროები. ერთ-ერთი უცხოელი ბაპტისტი ჯარისკაცი მოინათლა მართლმადიდებლად და ამან ძალიან გამახარა.
ეს საერთაშორისო მისიაა და აქ ქართველების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერია ჩვენი სარწმუნოება მაშინ, როცა ჯარისკაცები ცალი ხელით იარაღით ებრძვიან ტერორიზმს და მეორე ხელით კი ტაძარს აშენებენ. მისია 10 წელს ითვლის. ეკლესიის მშენებლობა წინა მისიის დროს დაიწყო და 52-ე ბატალიონმა დაასრულა. რამდენიმე სამხედრო სტიქაროსანია. ისინი მეხმარებიან ღვთისმსახურებაში. სპეცოპერაციები და წვრთნები მათთვის გარკვეულწილად სტრესია, ლოცვა, ეკლესიური ცხოვრება უმარტივებს მათ ყოფას და უფრო ძლიერდებიან სულიერად და მორალურად.

ჩემი ავღანური მისიის პირველი დღე სრულდება ფიქრით: ხვალ ახალი დღე დაიწყება. ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ ხვალ ჩვენი ჯარისკაცები ახალ გამოწვევას მიიღებენ. კიდევ ის ვიცი, რომ ხვალაც ისეთივე ამაყი ვიქნები, როგორიც დღეს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

თორნიკე ყაჯრიშვილი
ვაჟა17
16 სექტემბერი 2016 10:04
"- ხშირად ამბობენ, ჩვენი ჯარისკაცები სხვის ომში იბრძვიანო...
- ეს მსოფლიოს ომია და მათ შორის, ჩვენი. ყველა სახელმწიფო ვალდებულია ჩაერთოს ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერორისტები ჩვენთანაც მოვლენ და ნებისმიერ ქვეყანაში ჩაატარებენ ტერორისტულ აქტებს"...

ღმერთმა მშვიდობით ჩამოიყვანოს ავღანეთში მყოფი ყველა ქართველი, რომლებიც გაჭირვებამ და სიღატაკემ აიძულა მსოფლიო ჟანდარმ აშშ-NAТО-ს დროშის ქვეშ იარაღით ხელში ებრძოლოს ავღანელებს, რომლებსაც საქართველოსათვის არც ომი გამოუცხადებიათ და არც აპირებდნენ! ეს არის მისია, აგებული ხალხის გამომაშტერებელ დემაგოგიაზე, რომელსაც დასავლეთის გრანტებზე გაყიდული ე.წ. ქართული "ელიტა" ავრცელებს და გაჭირვებულ ახალგაზრდებს თვითმკვლელებად აქცევს, სამაგიეროდ თავისი შვილები ყველას "სასწავლებლად" ჰყავს გაგზავნილი, იმათ ნაშიერებს არ ეხებათ საქართველოს დაცვა არც ავღანეთის აულებში და არც გორის რაიონის სოფლებში!

რედაქტორის რჩევით