შავი ზღვა NATO-საქართველოს ურთიერთობის ქვაკუთხედი გახდება?!
18-09-2016
შავი ზღვა NATO-საქართველოს ურთიერთობის ქვაკუთხედი გახდება?!
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ძალიან გაუჭირდება, დაიბრუნოს სამხედრო-საზღვაო უპირატესობა შავი ზღვის აუზში, თუკი თურქეთ-რუსეთის "ჩახუტების" პროცესი უფრო გაღრმავდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალზე შეშფოთებულია შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერების გამო და საპასუხო ქმედებებს იწყებს, რაშიც საქართველოს დახმარების იმედი აქვს...

გასულ კვირას თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, ოფიციალურ ვიზიტს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა არამარტო საქართველოსთვის.

ჩრდილოატლანტიკური ალი­ანსის გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია შავი ზღვის აუზში რუსეთის სამხედრო გაძლიერებას ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ
და განაცხადა, რომ ალიანსიც იწყებს შავ ზღვაში ძალების მობილიზებას, რაშიც ალიანსის არაწევრი ქვეყნების - უკრაინისა და საქართველოს დახმარების იმედი აქვს.

საქართველო 17 წელია, ეხმარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ჯერ კოსოვოში, ახლა - ავღანეთში და ბუნებრივია, არც ამჯერად იტყვის უარს, რადგან ათასობით კილომეტრით დაშორებული კოსოვოსა და ავღანეთისგან განსხვავებით,
შავი ზღვა ჩვენი სანაპირო და ის ძირითადი არხია, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ასე რომ, შავი ზღვის აკვატორიაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივი სამხედრო-პოლიტიკური ქმედებები უფრო ხელსაყრელია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დასაცავად, ვიდრე ავღანეთში "დემოკრატიის" დამყარება (მით უმეტეს, როცა იცი, რომ ალიანსის ჯარების გამოყვანისთანავე ავღანეთში ძალაუფლებას ხელში ისევ თალიბანი ან "ისლამური სახელმწიფო" ჩაიგდებს).

შავი ზღვის აუზში ძალთა თანაფარდობაზე "კვირის პალიტრაში" რამდენიმე თვის წინ ინფოგრაფიკაც გამოვაქვეყნეთ, რომელშიც მითითებული იყო, რა სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობები აქვს თითოეულ შავიზღვისპირა ქვეყანას - რუსეთს, უკრაინას, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და საქართველოს.

ამ ექვსი ქვეყნიდან სამი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ორი ალიანსს თანაუგრძნობს და მხოლოდ ერთი, რუსეთი იყო ეულად დარჩენილი საპირისპირო მხარეს, თუმცა ბოლო ორ წელიწადში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღება სწრაფად მიმდინარეობდა, რამაც სტატუს კვო დაარღვია.

ცივი ომის შემდეგ შავი ზღვის აუზში ლიდერობისკენ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მიისწრაფოდნენ და შეიძლება სწორედ ამიტომაც ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში, თავს არხეინად გრძნობდნენ, თუმცა ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას კრემლში ეახლა და რუსული საფრონტო ბომბდამშენის ჩამოგდებისთვის ბოდიშიც მოუხადა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ერდოღან-პუტინის შერიგებისას ანკარამ მოსკოვს შეუთანხმა თურქული ტანკების შესვლა სირიის ტერიტორიაზე და სახმელეთო ოპერაციის დაწყება გარანტიის მისაღებად, რომ სირიის ცაში გაბატონებული რუსული ავიაცია თურქულ ტანკებს არ დაბომბავდა. ამიტომ ცხადია, სირიაში (და არამარტო იქ) ანკარასა და მოსკოვს საერთო სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები გაუჩნდათ. ამას დაუმატეთ პრეზიდენტ ერდოღანის მწვავე გამონათქვამები აშშ-ის მისამართით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიულენის, მფარველობის გამო და ევროკავშირის მწარე კრიტიკა დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის აუზში თავის მთავარ დასაყრდენ ძალად როგორ უნდა მიიჩნიოს თურქეთი, რომელსაც დღეს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე ალიანსის ზოგიერთ წევრთან, მაგალითად, გერმანიასთან?

Mმეორე მხრივ, ალიანსის წევრი ორი შავიზღვისპირა ქვეყნის - ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობები მაინცდამაინც ანგარიშგასაწევი არ არის და მათ გასაძლიერებლად ალიანსს დიდი თანხა და დრო დასჭირდება, ეს კი დღეს ბრიუსელს არ შეუძლია.

არის კიდევ ერთი გზა შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციების გასაძლიერებლად - მან ხმელთაშუა ზღვიდან უნდა შემოიყვანოს თავისი ესკადრები. თუმცა ალიანსს აქაც ელოდება წყალქვეშა დინებები - 1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, არაშავიზღვისპირა ქვეყნებს უფლება აქვთ, შავ ზღვაში არა უმეტეს 21 დღე-ღამისა შემოიყვანონ სამხედრო ხომალდები, რომელთა ჯამური წყალწყვა არ აღემატება 30 ათას ტონას.

ეს კი ნიშნავს, რომ ალიანსს შავ ზღვაში მუდმივმოქმედი საბრძოლო ესკადრის ყოლა ძალიან გაუჭირდება და ძალზე ძვირი დაუჯდება, რადგან ყოველ სამ კვირაში ერთხელ ხომალდები უნდა ცვალოს. ამასთან, მონტრეს კონვენცია თურქეთს უფლებას აძლევს, ბოსფორის სრუტეში არ გაატაროს არც ერთი ქვეყნის სამხედრო ხომალდი, თუკი ოფიციალური ანკარა ჩათვლის, რომ თურქეთს ომი ემუქრება.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ძალიან გაუჭირდება, დაიბრუნოს სამხედრო-საზღვაო უპირატესობა შავი ზღვის აუზში, თუკი თურქეთ-რუსეთის "ჩახუტების" პროცესი უფრო გაღრმავდება.

საქართველოსა და უკრაინის საზღვაო ძალების აღორძინება, ისევე, როგორც ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტების გაძლიერება, მეტ-ნაკლებად გაზრდის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას შავი ზღვის აუზში, მაგრამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან დაპირისპირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც თურქეთის პოზიციას ექნება...

NATO-ში შესვლამდე ჯერ ამერიკული სამხედრო ბაზები "მოვიწვიოთ"?


"სანამ ნატოს წევრობა რეალობად იქცევა, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებაზე უნდა იზრუნოს," - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

რამდენად რეალურია უკვე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ამ სურვილის ასრულება?
ბოლო ათი წლის განმავლობაში "კვირის პალიტრის" ფურცლებზე არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე საქართველოს ნატოს სრულუფლებიანი წევრობა, რასაც ერთი კი არა, 28-ვე ქვეყნის დასტური სჭირდება.
მართლაც, ვერც კანცლერი მერკელი გადაეღობება წინ ვაზიანში ამერიკული სატანკო ასეულის განთავსებას და ვერც პრეზიდენტი ოლანდი დაგვიშლის თბილისის ზღვაზე ამერიკული "პეტრიოტების" ბატარეების გაშლას - ეს მხოლოდ აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება.

რა თქმა უნდა, თუკი ქართულ მიწაზე ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსდება, ისინი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტებისა და ბომბდამშენების სამიზნე აღმოჩნდება, თუმცა ეს ახალი არ არის, რადგან თუკი ცივი ომის დროს საქართველოსა და მის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა სამხედრო ნაწილებისკენ ამერიკული ბირთვული იარაღი იყო მომართული (თბილისი იმ შვიდ საბჭოთა მსხვილ ქალაქს შორის მოხვდა, რომელთა ატომური დაბომბვა პენტაგონმა ჯერ კიდევ 1946 წლის საიდუმლო გეგმაში შეიტანა), დღეს იმავეს რუსეთი აკეთებს.

მეორე მხრივ, საქართველოში თუნდაც ერთი ამერიკული სამხედრო ბაზა რომ ყოფილიყო განთავსებული, შეიძლება, კრემლს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია ვერ გაებედა.

გაკვირვებას იწვევს ის, რომ ასეთ გაბედულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე აკეთებს. მას ხომ ამის არა მარტო გასაცხადებლად, არამედ განხორციელებისთვის ხელშესაწყობად მთელი ოთხი წელი ჰქონდა!
და ერთიც - ჩვენ როგორც უნდა მოვინდომოთ, თუ აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების სურვილი არ იქნება, ეს არ მოხდება, ხოლო თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნაზე კი არ უნდა ვიოცნებოთ, არამედ დროის ათვლა დავიწყოთ და დაველოდოთ, როდის დაშლის ამერიკის ახალი პრეზიდენტი ნატოს...
ირაკლი ქუთაისელი
26 სექტემბერი 2016 12:04
ჭიტა ვაიკო-117. რა ტალანტი იკარგები ჩვენთან. აფსუს. ყირიმის გარდა სანაპირო ზოლი არ ქონდა რუსეთს მანამდე? თუ იქიდან უფრო ზუსტად იფრენს რაკეტა? ჯიბიდან არ გაგივარდეთ?
მურადი მალაყმაძე
21 სექტემბერი 2016 15:34
ზოგიერთი რომ აქებთ ამ რუსებს.საერთოთ მსოფლიო ისტორია არ წაგიკითხავთ მგონი.მთელი 17 საუკუნე სად იყო რუსეთი და ეხლა საადაა,ეს მოუყვევი და ასწავლეთ ახალგაზრდობას. შეგირცხვეთ გვარები ვინც ამ რუსებს აქებთ.
ani-s
21 სექტემბერი 2016 15:13
ისტორიის წაკითხვა არც შენ გაწყენდა. მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვამართლებ სააკაშვილის ნაბიჯს 2008 წელთან დაკავშირებით და ვთვლი რომ რუსების პროვოკაციას წამოეგო, რა უფლებით დაუწყო რუსეთმა საქართველოს ომი, როდესაც საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ცდილობდა და მორჩით იმ მარაზმს, რომ რუსეთი ჩვენი უფროსი ძმა და კეთილი მეზობელია. სომხეთმა რომ რუსეთი არჩია დასავლეთს რა მოიგო ამით?

რედაქტორის რჩევით