რეპორტაჟი ბაგრამის ბაზიდან - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ავღანური მისია - კვირის პალიტრა

რეპორტაჟი ბაგრამის ბაზიდან - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ავღანური მისია

"მათ ყოველდღიური საქმიანობა დიდი რისკის ფასად უწევთ და თითოეულმა ქართველმა ეს უნდა დააფასოს, ყოველთვის მათი მადლიერი უნდა იყოს... "

41 წლის კაპრალი მაია გარსევანიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უცხო მიწაზე თავის წილ საქართველოს იცავს. ცხრა წელია, რაც სამხედრო ფორმას ატარებს, თუმცა ეს მისი პირველი მისიაა

დილის 8 საათი და 15 წუთი, ბაგრამის საავიაციო ბაზა. ბევრი რამ გვაქვს გადასაღები. ქართველ სამხედროებთან უნდა ჩავწერო ინტერვიუ, მათი განცდები და სურვილები მკითხველამდე რომ მივიტანო...

ქართული შტაბი

ბაგრამის საავიაციო ბაზა დიდ ტერიტორიას მოიცავს. ყველაფრის გადაღების უფლება არა გვაქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - აქ ბევრი გასაიდუმლოებული ადგილია. პირველად ქართული ქვედანაყოფის შტაბთან მივდივართ. ეს ის ადგილია, სადაც ყველა ის სამხედრო ოპერაცია იგეგმება, რომელთაც ქართველი ჯარისკაცები ატარებენ. შენობაზე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სიმბოლოსა და საქართველოს გერბთან ერთად საქართველოს დროშაც ფრიალებს. აქვე, დაფაზე, იმ 33 ქართველი ჯარისკაცის ფოტოა გამოფენილი, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაიღუპნენ.

შტაბის ტერიტორიაზე რამდენიმე ავღანელი ახალგაზრდა შევნიშნეთ. ისინი სამხედროებს დასახლებულ პუნქტში გასვლის დროს ავღანელებთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარებიან.

თარჯიმანი ნურვას ჰუთაგი გვეუბნება, რომ "ქართველები ხალხს ეხმარებიან, კარგი ადამიანები არიან."

ბაზის შესასვლელთან, პატარა ქვაზე, ფოტოსთან ერთად ინგლისურად აწერია: "თქვენმა მსხვერპლმა სხვების სიცოცხლე იხსნა, თქვენ მარად გვემახსოვრებით" - ეს სიტყვები 21 წლის რუსთაველ სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითს, ვასილ ყულჯანიშვილს ეკუთვნის - ის გასული წლის 22 სექტემბერს ავღანეთში პატრულირებისას მეამბოხეების თავდასხმას ემსხვერპლა...

ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი ხის ჩრდილს აფარებს თავს. აქ, უცხო მიწაზე, ყველა ქართველი მათთვის ისეთი ახლობელია, როგორიც ოჯახის წევრი.

კაპრალ გიორგი დვალიშვილს 22 აგვისტოს მეორე შვილი შეეძინა. მას მხოლოდ ფოტოებით იცნობს: -"ეს ჩემი მეორე მისიაა. სამი თვის ორსული იყო ჩემი მეუღლე, როცა აქ წამოვედი. როცა გავიგე, რომ სამშობიაროში წაიყვანეს, ძალიან ვნერვიულობდი. მალევე დამირეკეს და მითხრეს, რომ მეორე შვილის მამა გავხდი. მერე აღარ მახსოვს, რა მოხდა, იმდენად ბედნიერი ვიყავი.

9 წელი სამხედრო სამსახურში

52-ე ბატალიონში შვიდი ქალი სამხედროა. 41 წლის გორელი მაია გარსევანიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უცხო მიწაზე თავის წილ საქართველოს იცავს. ცხრა წელია, რაც სამხედრო ფორმას ატარებს, თუმცა ეს მისი პირველი მისიაა.

მაია გარსევანიშვილი, კაპრალი: - რთულია, როდესაც ორი შვილის დედა აქ წამოსვლის გადაწყვეტილებას იღებ. მონატრებას ვერაფერი ცვლის, თუმცა, როგორც სამხედროს, აქ ყოფნა სულ არ მიძნელდება. ადმინისტრაციაში ვმუშაობ, მორიგეობისას, ბაზაში შემოსული ავღანელი ქალების შემოწმება მიწევს.

- როდესაც აქ წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღეთ, თქვენმა ოჯახმა როგორ მიიღო?

- თავიდან ყველა წინააღმდეგი იყო. 20 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა მყავს. როცა შვილებს ავუხსენი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის, ამ მისიაში მონაწილეობა, მიხვდნენ, რომ აზრს არ შევიცვლიდი. მეუღლეს უფრო არ ჰქონია პროტესტი, ალბათ, იმიტომ, რომ ისიც სამხედროა. შიში არც ერთ ქალს არა გვაქვს. ყველაზე პატარა ჩვენ შორის 22 წლის თარჯიმანი გოგონაა.

ყველაზე ძნელად გასაძლები მონატრებაა. შვილები მენატრებიან. მოკითხვა ჩვენს სამშობლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში დავბრუნდებით საქართველოში.

ყველაზე ახალგაზრდა ჯარისკაცი

ყველაზე ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც ამ მისიაში მონაწილეობს, 20 წლის რუისელი პირველი კლასის რიგითი გიორგი ვარძელაშვილია. დედა სამი წლის წინ ტრაგიკულად დაეღუპა - კლდიდან გადავარდა... ახლა გორში მამა და მისი პატარა დაიკო ცხოვრობენ.

გიორგი ვარძელაშვილი: -"ჩემი ოჯახი და მეგობრები მენატრებიან. მენატრება მათი ღიმილი, ჩემი პატარა დაიკო და საქართველო. ახლა ჩემი საზრუნავი ჩემი ქვეყანა და ოჯახია. მეცოდება აქაური ბავშვები, რომლებსაც მომავალი არა აქვთ. როცა პატრულირებაზე ან ჰუმანიტარული მისიით გავდივართ, ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომლებმაც არ იციან, რა არის მშვიდად ცხოვრება.

ერთ-ერთი პატრულირების დროს, როცა პატარა ავღანელმა ბავშვმა ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ" გვითხრა, სიხარულით გადავირიე. წინა მისიაში მყოფ ქართველ ბიჭებს უსწავლებიათ."

"როგორა ხა?", "მე კარქა"

მეხუთე ბრიგადის 52-ე ბატალიონის უფროსი სერჟანტი მერაბ არაბული გვეუბნება, რომ ჩვენი ბატალიონის მისია ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამოქმედო ოპერაციის რაიონში ჰუმანიტარული დახმარებაა. სწორედ ამის გამო აქაურები ქართველი სამხედროების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევიან. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არის ავღანური ბაზარი, სადაც პროდუქტების გარდა, თითქმის ყველაფერი იყიდება. როდესაც ავღანელი ვაჭრები გაიგებენ, რომ საქართველოდან ვართ, გურჯს გვეძახიან და ქართველი სამხედროების ნასწავლი ქართული სიტყვებით მოგვმართავენ:""როგორა ხა?", "მე კარქა", "ჯიგარო"...

"ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში შეუფასებელია"

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ ჯარისკაცებთან ვბრუნდებით. ყველას ერთად მინისტრი პირველად უნდა შეხვდეს. ლევან იზორია ქართველ სამხედროებს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს.

"მართალია, მცირე ერი ვართ, მაგრამ გვაქვს დიდი გული, დიდი სულისკვეთება. იმან, რაც აქ ვნახე, მართლაც მოლოდინს გადააჭარბა. მათ ყოველდღიური საქმიანობა დიდი რისკის ფასად უწევთ და თითოეულმა ქართველმა ეს უნდა დააფასოს, ყოველთვის მათი მადლიერი უნდა იყოს... მადლობას ვუხდი გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, უფროს სამხედრო წარმომადგენელს ავღანეთში, ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიგა ავალიანს, ყველა ოფიცერს, ვინც აქ არის, ვინც იყო და ვინც მომავალშიც იქნება. დიდი მადლობა მათ თითოეულს გაწეული ღვაწლისთვის! თუმცა ეს ვალდებულება, რასაც ვიხდით ჩვენი ქვეყნის წინაშე, დანაკარგის გარეშეც ვერ იქნება. მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი, როდესაც ვნახე, თუ როგორ მიაგებენ პატივს მათ ხსოვნას. დიდი მადლობა ამისთვის. მინდა ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ქედი მოვიხარო იმ ვაჟკაცების წინაშე, რომელთაც სისხლი დაღვარეს ავღანეთში. ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში მართლაც შეუფასებელია. მინდა, ყველანი მშვიდობით დაბრუნდეთ ჩვენს ლამაზ, ბედნიერ საქართველოში. მშვიდობით იმიტომ, რომ თქვენნაირი შვილები არიან სწორედ ჩვენი ქვეყნისთვის გადარჩენისა და აყვავების შანსი. მე ყველაზე მეტად სწორედ თქვენ გვერდით ვგრძნობ ქართულ გენს, გენს დავით აღმაშენებლისა, გენს ჭავჭავაძისა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის!"

ბაზის შესასვლელთან, პატარა ქვაზე, ფოტოსთან ერთად ინგლისურად აწერია: "თქვენმა მსხვერპლმა სხვების სიცოცხლე იხსნა, თქვენ მარად გვემახსოვრებით" - ეს სიტყვები 21 წლის რუსთაველ სამხედრო მოსამსახურეს, პირველი კლასის რიგითს, ვასილ ყულჯანიშვილს ეკუთვნის - ის გასული წლის 22 სექტემბერს ავღანეთში პატრულირებისას მეამბოხეების თავდასხმას ემსხვერპლა...

ლევან იზორიამ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

მარიამობა

23 საათი. ბაზაში არსებულ ქართულ ეკლესიაში მარიამობის სადღესასწაულო ლიტურგია იწყება. ყველა ქართველი სამხედრო ტაძარშია.

წირვის შემდეგ თბილისიდან სპეციალურად ჩატანილი მარიამობის ქადები იჭრება, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად უმასპინძლდება ჯარისკაცებს, მათ შორის უცხოელებს, რომლებსაც ჩვენი ქადები აშკარად ძალიან მოსწონთ და მოძღვარს ანიშნებენ, შეგვინახეო.

ღამე ეკლესიის ეზოში გავათიეთ, ჩვენთან ერთად არიან ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი და თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ გორთამაშვილი... ბიჭები თავშესაქცევ ამბებს გვიყვებიან. ამ ღამეს ყველა ბედნიერია... აქ ვხვდები, რომ ამ ძლიერი ჯარისკაცების მიღმა ადამიანური ურთიერთობები და ერთი სისუსტე იმალება - სისუსტე, სახელად მონატრება.

თორნიკე ყაჯრიშვილი