სომხეთისთვის "ისკანდერების" მიცემით, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა
19-09-2016
სომხეთისთვის "ისკანდერების" მიცემით, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა
სადამდე მისწვდებიან სომხური "ისკანდერები"

21 სექტემბერს სომხეთი დამოუკიდებლობის 25 წლის­თავს ხვდება "ძვირფასი" საჩუქრით, რომლითაც ამიერიდან გამუდმებით დაემუქრება თავისი უპირველესი მოწინააღმდეგის, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს.

ერევნის ცენტრში აღლუმზე ჩაივლიან სომხეთის არმიის კამუფლირებული ფერებით შეღებილი რუსული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები - "ისკანდერები", რაც აზერბაიჯანული მხარისთვის უსიამოვნო სიახლე იქნება, რადგან სომხეთის ტერიტორიიდან და მის მიერ კონტროლირებადი მთიანი ყარაბაღიდან გაშვებული "ისკანდერის" რაკეტები მისწვდება აზერბაიჯანის ყველა წერტილს, ბაქოსაც კი.

რა არის "ისკანდერი", საქართველომ, სამწუხაროდ, უკვე
გამოცადა - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ჩრდილო კავკასიიდან "ისკანდერის" ორი რაკეტა გამოუშვა, რომელთაგან ერთი ვაზიანთან, სუფსა-ბაქოს ნავთობსადენის მილის სიახლოვეს აფეთქდა, მეორის კასეტური ქობინი კი გორის ცენტრის თავზე გაიშალა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის - ჰოლანდიელი ჟურნალისტიც.
ეს იყო რუსული "ისკანდერების" პირველი საბრძოლო
ნათლობა, თუმცა რუსეთის გენერალური შტაბი დღემდე რატომღაც ჯიუტად არ აღიარებს საქართველოს წინააღმდეგ "ისკანდერების" გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამ რაკეტების ფრაგმენტები (რამდენიმეს "კვირის პალიტრის" რედაქციაშიც ვინახავთ) და ამერიკულმა სპეცსამსახურებმაც, დიდი ხანია, ისინი დეტალურად შეისწავლეს.

"ისკანდერების" სომხეთის არმიის არსენალში გამოჩენა მაშინ, როცა კრემლს ის ჯერჯერობით არავისთვის მიუყიდია, უცილობლად დააჩქარა ა.წ. აპრილში მთიან ყარაბაღში ოთხდღიანი ომის შედეგებმა, როდესაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ისრაელისგან ნაყიდი თანამედროვე მართვადი რაკეტებით ზუსტი წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს სომხეთის ჯავშანტექნიკას.
აპრილის ოთხდღიანი ომის შემდეგ, რომლის დროსაც სომხეთის გენერალიტეტის შეცდომებთან ერთად, გამოჩნდა კრემლის ნეიტრალური პოზიციაც, სომხეთის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი რუსეთისადმი ანტაგონისტურად განეწყო. განსაკუთრებით გაიზარდა ანტირუსული განწყობა ერევანში.

შეიძლება სწორედ სომხეთის მოსახლეობის გულის მოსაგებადაც გადასცა მოსკოვმა ერევანს ძვირად ღირებული "ისკანდერები", რათა სომხეთში იცოდნენ, რომ მათი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი ისევ მათ გვერდით დგას.

თუმცა, არ არის გამორიცხული, ამას შორეული მიზანიც ჰქონდეს - ალბათ, აზერბაიჯანიც მოინდომებს "ისკანდერების" ყიდვას და რუსეთი ბაქოს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებს მსოფლიო ბაზრის ფასად მიჰყიდის...
სომხეთისთვის რუსული "ისკანდერების" გადაცემა საინტერესო კითხვებს აჩენს, რამაც შეიძლება საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის ძირითადი მოდიფიკაციის - Искандер-М-ის რაკეტა მაქსიმალურ 480 კმ სიშორეზე მიფრინავს. რუს კონსტრუქტორებს შეეძლოთ უფრო შორსმფრენი რაკეტის შექმნაც, მაგრამ აშშ-ისა და რუსეთის მოქმედი ხელშეკრულება კრძალავს შეიარაღებაში მცირე და საშუალო სიშორეზე, ანუ 500-დან 5 000 კმ-მდე, მფრენი სახმელეთო ბაზირების რაკეტების ქონას, მეორე საერთაშორისო ხელშეკრულება კი, რომელზეც რუსეთს, სომხეთს, საქართველოს და კიდევ ბევრ ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი, კრძალავს 300 კმ-ზე შორს მფრენი რაკეტების ექსპორტს.
ესე იგი, თუკი რუსეთმა სომხეთს 480 კმ-მდე მფრენი Искандер-М-ები გადასცა, მოსკოვმა და ერევანმა უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო შეთანხმება "რაკეტებსა და სარაკეტო ტექნოლოგიებზე კონტროლის რეჟიმის" შესახებ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ ჩარევას მოითხოვს.

თუმცა მოსკოვი, ალბათ, იპოვის გამოსავალს და განაცხადებს, რომ მან სომხეთს მიაწოდა არა 480 კმ-მდე მფრენი Искандер-М-ის, არამედ 280 კმ-მდე მოქმედების რადიუსის Искандер-Э-ის საექსპორტო მოდიფიკაცია.

მაგრამ არსებობს კი Искандер-Э-ის საექსპორტო მოდიფიკაცია? სამი თვის წინ ხომ ერთ-ერთმა გავლენიანმა რუსმა ჩინოვნიკმა სერგეი ჩემეზოვმა (იგი სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხის" გენერალური დირექტორია და მსოფლიოში რუსული წარმოების იარაღის ექსპორტს ხელმძღვანელობს) განაცხადა, რომ "ისკანდერების" ექსპორტი აკრძალულია და რუსეთი არ აპირებს მათ გაყიდვას!

ასეა თუ ისე, "ისკანდერები" უკვე ერევნის ქუჩებში დადიან და აღლუმისთვის ემზადებიან. მაგრამ ისე არ აღმოჩნდეს, როგორც ხუთი წლის წინ, როდესაც ერევანში აღლუმზე Точка-У-ების საბრძოლო რაკეტების ნაცვლად უხეშად გამოჩორკნილი, რაკეტას მიმსგავსებული ბუტაფორიები დააყენეს.
რეზო
03 ოქტომბერი 2016 23:19
რუსი და ხელშეკრულება ან შეთანხმევა გაგიგიათ? მაგათ სულ თავში უნდა ურტყა რომ რამე შეაგნებინო!
ვაჟა17
30 სექტემბერი 2016 19:31
ვგრძნობ ჩემს დანაშაულს! ჭკვიან კაცს უთქვამს,ორი მოკამათიდან დამნაშავეა ის, ვინც უფრო ჭკვიანიაო! მითუმეტეს რა მაქვს მე ვინმესათვის დასამტკიცებელი, როცა ცხადზე უცხადესია, საბოოლოდ საქართველო მაინც აღმოჩნდება დიდი რუსეთის მოკავშირე და არა გეიროპა-აშშ-სი!
საწყალი ხალხი რო იტანჯება ამ ჟანდარმი აშშ-ის რეგვენობით და საქართველოს ვითომ ელიტის გამყიდველობით, ეს არის საგანგაშო!
ზურა
30 სექტემბერი 2016 12:25
რა არის პიტალო?)

რედაქტორის რჩევით