24 წელი ქართულ ცაში
19-09-2016
24 წელი ქართულ ცაში
თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომის, "ველის" სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტში ვარ, როგორც დამწყები სამხედრო ჟურნალისტი და თვალს ვადევნებ მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის პროცესს...

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ სწორედ ის დღე, 1992 წლის 19 სექტემბერი, როდესაც პოლკოვნიკებმა - იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ - თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით პირველი ფრენები შეასრულეს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაარსების დღედ იქცეოდა.

შემდეგ იყო აფხაზეთის ომი, წარმატებული საჰაერო იერიშები და ჩამოყრილი ჩვენი თვითმფრინავები, გადარჩენილი პილოტები და
დატყვევებული მფრინავები, წარმატებით კატაპულტირებული, ბოლო ტყვიამდე გმირულად მებრძოლი ზურა იარაჯული, სოხუმის დაცემის წინა დღეებში ჩამოგდებული და ჰაერში ნაწილებად დაშლილი 04 ბორტი და სამაშველო ნავში ჩასვენებული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი იზანი ცერცვაძე...

აფხაზეთის ომის დროს ექვსი Су-25 მოიერიშე დავკარგეთ და სამი პილოტი დაგვეღუპა (მეშვიდე მოიერიშე 1993 წლის
შემოდგომაზე სენაკთან სამოქალაქო ომის დროს ჩამოაგდეს, ერთი ახალთახალი მოიერიშე კი კოპიტნარის აეროდრომიდან სომხეთის მიმართულებით გაგვტაცეს...).

იყო გვარდიის ავიაციის შვეულმფრენების საბრძოლო დანაკარგიც - სამ-სამი Ми-24 და Ми-8, რომელთა ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.

აგვისტოს ომის დასაწყისში, 8 აგვისტოს, გამთენიისას, ოთხმა ქართულმა მოიერიშემ საჰაერო დარტყმა მიაყენა როკის გვირაბიდან შემოჭრილ რუსულ ჯავშანკოლონას, რის შემდეგ მართალია, ცაში აღარ გამოჩენილან, მაგრამ პირველი დაბომბვით დაშინებული რუსები და ოსები ყველა თვითმფრინავს საზენიტო ცეცხლს უხსნიდნენ, ქართველების ეგონათ და ორი-სამი რუსული მოიერიშეც ჩამოაგდეს.
ომიდან ორი წლის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობა, გააუქმა, რითაც დიდი დარტყმა მიაყენა ქართული სამხედრო ავიაციის აწმყოსა და მომავალს.

19 სექტემბერს, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შექმნის 24-ე წლისთავს იზეიმა. "კვირის პალიტრა" ულოცავს ჩვენს სამხედრო მფრინავებს, შტურმანებს, ბორტმექანიკოსებს, სახმელეთო ტექნიკურ პერსონალსა და მეზენიტეებს იუბილეს, უსურვებს, მალე აღდგეს ქართული სამხედრო ავიაცია, როგორც შეიარაღებული ძალების სახეობა და საფრენი აპარატების ეკიპაჟებისთვის აფრენისა და დაჯდომის რიცხვი ყოველთვის დაემთხვეს ერთმანეთს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით