რუსეთში რუსეთისთვის მიუღებელი პოლონეთის პრეზიდენტი იღუპება... - კვირის პალიტრა

რუსეთში რუსეთისთვის მიუღებელი პოლონეთის პრეზიდენტი იღუპება...

პრეზიდენტ კაჩინსკის ავიაკატასტროფაში დაღუპვა სერიოზულ პრობლემებს გაუჩენს პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ამუშავებას...

ერთ კვირაში კრემლმა ორი სტრატეგიული მნიშვნელობის მოგება ნახა. პირველი სამხრეთით, ყირგიზეთში შეიარაღებული ამბოხის შედეგად პრორუსული ძალების მოსვლით, მეორე კი დასავლეთში - რუსეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილი პოლონეთის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვით.

პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი სერიოზულად იყო დაპირისპირებული კრემლთან. ეს დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთმა პირველმა გაბედულად დაუჭირა მხარი საქართველოს, აგვისტოს ომის დროს არ შეშინდა და თბილისში ჩამოფრინდა (შეიძლება სწორედ იმ თვითმფრინავით, რომელმაც თითქმის ორი წლის შემდეგ სმოლენსკთან ავიაკატასტროფა განიცადა).

პოლონეთის პრეზიდენტისადმი თითქმის პირადი მტრული დამოკიდებულება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მას შემდეგ დააფიქსირა, რაც კაჩინსკიმ ხელი მოაწერა პოლონეთ-რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 60-ოდე კმ-ში ამერიკული "პეტრიოტების" საზენიტო ბატარეების განთავსებას.

პოლონეთიდან ამერიკულ "პეტრიოტებს" შეეძლოთ გაეკონტროლებინათ რუსეთის ანკლავის - კალინინგრადის ოლქის თავზე თითქმის მთელი საჰაერო სივრცე, მათ შორის ცა ჩერნიახოვსკის სამხედრო-საჰაერო (СУ-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენების პოლკი) და ბალტიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზების თავზე.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ შესასყიდად დაგეგმილი ფრანგული "მისტრალებიდან" ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ღუზას სწორედ ბალტიისკის სამხედრო პორტში ჩაუშვებს.

სწორად ეს გარემოებები იწვევს ძალიან დიდ ეჭვს, რომ რუსეთისთვის სრულიად მიუღებელი პოლონეთის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში შემთხვევით არ დაღუპულა.

დასავლეთისკენ მზირალი პრეზიდენტ კაჩინსკის გარეშე ძალიან საეჭვოა ამერიკული "პეტრიოტების" განთავსება პოლონეთში, ქ. კალინინგრადიდან სულ რაღაც 100 კმ-ში, რაც პირდაპირ პასუხობს კრემლის სტრატეგიულ ინტერესებს.

ავიაკატასტროფის გამოძიებაში პოლონური მხარეც ერთვება, რადგან არსებობს საშიშროება, რომ რუსეთის საგამოძიებო კომისიამ "შავი ყუთების" ჩვენება გააყალბოს. ნებისმიერი ავიაკატასტროფის შემდეგ მაშინვე სახელდება სამი ძირითადი შესაძლო მიზეზი - საფრენი აპარატის გაუმართაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობები და ეკიპაჟის შეცდომა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე არსებობს ძლიერი ნისლი, რის გამოც ეკიპაჟმა რამდენჯერმე სცადა დაჯდომა, მაგრამ უშედეგოდ.

მეოთხე მცდელობაზე კი, დაშვებისას ხეებს წამოედო. თვითმფრინავს კუდი მოსძვრა და ჩამოვარდა. ეკიპაჟს ჰქონდა ინფორმაცია ძლიერი ნისლის შესახებ, მაგრამ მინსკსა ან მოსკოვში დაჯდომას ეკიპაჟის მეთაურმა ისევ სმოლენსკში დაშვება ამჯობინა.

სმოლენსკის აეროდრომი "სევერნი" ყოფილი სამხედრო-საჰაერო ბაზაა, ამიტომაც შესაძლოა, იქ არ იყო დამონტაჟებული ნავიგაციის ისეთი თანამედროვე სისტემები, როგორებიც დიდ სამოქალაქო აეროპორტებში ყველაზე ცუდი ხილვადობის შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფენ ავიალაინერების "ბრმად" დაჯდომას.