როგორ გამოიჩინა თავი ქართულმა საჰაერო თავდაცვამ 2008 წლის აგვისტოს ომში - კვირის პალიტრა

როგორ გამოიჩინა თავი ქართულმა საჰაერო თავდაცვამ 2008 წლის აგვისტოს ომში

2008 წლის ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის სამხედრო ავიაციამ ქართულ ცაში ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა და სავარაუდოდ, ოთხი დაუზიანდა, თუმცა მათმა პილოტებმა შეძლეს აეროდრომებზე დაშვება.

ჩამოგდებული თვითმფრინავებიდან ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდი Ne-22V3 იყო, ორი - საფრონტო ბომბდამშენი Ce-24V და სამიც - Ce-25 მოიერიშე. ოთხივე დაზიანებული თვითმფრინავი Ce-25 ტიპის მოირიშე გახლდათ, თუმცა რუსეთის გენშტაბი დღემდე რატომღაც არ აღიარებს ორი საფრონტო ბომბდამშენის, Ce-24V-ის დაკარგვას.

სამაგიეროდ, რუსი სამხედრო ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ორი რუსული Ce-25 თვითონ რუსმა სამხედროებმა და ოსმა სეპარატისტებმა ჩამოყარეს შეცდომით, "მეგობრული ცეცხლით", რადგან ისევ ის ქართული მოიერიშეები ეგონათ, რომლებმაც 8 აგვისტოს დილით ჯავასთან ბომბები ჩამოყარეს.

რუსული შორი მოქმედების ბომბდამშენი Ne-22V3 "ბუკის" საზენიტო რაკეტამ ჩამოაგდო. "ბუკების" დივიზიონი ქართულმა მხარემ უკრაინისგან 2007 წელს შეიძინა და მათმა ნაწილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომში. სამწუხაროდ, სენაკის სამხედრო ბაზაში შეჭრისას რუსმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს "ბუკის" ორი გამშვებ-დამტენი და ორიც თვითმავალი საცეცხლე დანადგარი.

სავარაუდოდ, ერთი რუსული მოიერიშეც "ბუკის" ჩამოგდებულია, საფრონტო ბომბდამშენები კი "სპაიდერის", ხოლო დაზიანებულ რუსულ მოიერიშეებს ძრავების საქშენში სითბური დამიზნების "გრომები" ან "იგლები" მოხვდა.

რაც შეეხება "ოსას", ქართველმა მეზენიტეებმა 16 საზენიტო რაკეტა მაინც გაისროლეს. მართალია, მათ, სავარაუდოდ, ვერაფერი ჩამოაგდეს, მაგრამ ცაში "ოსას" რაკეტებმა ისეთი ინვენსიური კვალი დატოვა, რუსი პილოტები დაშინდნენ და უკან გაბრუნდნენ.

სრული სურათის აღდგენა იმიტომაც ჭირს, რომ თითოეულ რუსულ თვითმფრინავს ხშირად სხვადასხვა ტიპის საზენიტო საშუალებით ესროდნენ და იმის დასადგენად, რომელმა ჩამოაგდო ან დააზიანა, თვითმფრინავების ფრაგმენტების გამოკვლევაა საჭირო, რაც, გასაგები მიზეზების გამო, შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება არასოდეს მალავს, შეიარაღების რომელ კონკრეტულ ტიპებს ყიდის მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ქართული მხარის თხოვნით მან არ გაამხილა, რომელი საზენიტო საშუალებების მოყიდვას აპირებს საქართველოსთვის. ფრანგულ მედიაში გაჟონილ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, საქართველომ საფრანგეთში GM-200 და GM-400 ტიპის ორი მობილური რადიოლოკატორის შესყიდვას მოაწერა ხელი. გაურკვევლობაა შეძენილ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებთან დაკავშირებით - საუბარი ეხება "ასტერს", "მიკასა" და "მისტრალს", შესაბამისად, შორი, ახლო და მცირე რადიუსის მოქმედების საზენიტო საშუალებებს. შეიძლება სიმართლესთან უფრო ახლოს იყოს VL MICA-ს შეძენა, რომელსაც 20 კმ სიშორესა და 9 კმ სიმაღლეზე შეუძლია საჰაერო სამიზნის დაზიანება.

ირაკლი ალადაშვილი