მივიწყებული რადიაციული საფრთხე თბილისში, რომელიც ყველას შეიძლება დაემუქროს... (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

მივიწყებული რადიაციული საფრთხე თბილისში, რომელიც ყველას შეიძლება დაემუქროს... (ექსკლუზივი)

ნახევრად გაძარცული "მიმინოები" ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე

ის, რაც აღარავის ახსოვს, საერთაშორისო ტერორისტებს "ჭუჭყიანი ბირთვული ბომბის" დასამზადებლად გამოადგებათ...

ბოლო წლებში საქართველოს სახელმწიფო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზომებს ზრდის, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითხოვენ, თუმცა ამის ფონზე რადიოაქტიური იზოტოპების შემცველი ხელსაწყოები უყურადღებოდ არის მიტოვებული, არ არის დემონტირებული და სათანადოდ შენახული.

საქმე ეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მარჯვენა მხარეს, ახალი ალექსეევკის თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზაზე თავმოყრილ, საფრენად უვარგის Ми-2 ტიპის შვეულმფრენებს.

ეს შვეულმფრენები ჯერ "დოსააფის", მერე კი შინაგანი ჯარების ბალანსზე ირიცხებოდა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს მწყობრიდან გამოსული და ნაწილობრივ გაძარცული დარჩა.

თუმცა პრობლემა ის კი არ არის, რომ "მიმინოს" თანამოძმეები ვეღარ დაფრინავენ, არამედ ის, რომ ზოგიერთ მათგანზე დამონტაჟებულია РИО-3!

РИО-3 ქართულად იშიფრება, როგორც "მოყინვის რადიოიზოტოპური სიგნალიზატორი" და განსაკუთრებით ფრთხილად მოპყრობა სჭირდება, რადგან მაღალრადიოაქტიური სტრონციუმისა და იტრიუმის იზოტოპებს შეიცავს.

ალექსეევკაში მდგარი ნახევრად გაძარცული შვიდი Ми-2-დან ნაწილს ეს ხელსაწყო აღარ აქვს, ნაწილზე არის, მაგრამ სპეციალური, ტყვიის გარსაცმის გარეშე, რაც უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევაა და ახლოს მყოფ ადამიანებს რადიაციული დასხივების საფრთხეს უქმნის.

უფრო სახიფათოა, თუ ვინმე განზრახ მოხსნის РИО-3 ტიპის ხელსაწყოს, ამოიღებს რადიოაქტიურ იზოტოპებს და მათი გამოყენებით "ჭუჭყიანი ბირთვული ბომბის" დამზადებას ეცდება. ასეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელშიც ტროტილთან ერთად მაღალრადიოაქტიური იზოტოპებია მოთავსებული, ძალიან სახიფათოა მეგაპოლისის ხალხმრავალ ადგილზე აფეთქებისას, რადგან ქალაქის ცენტრალური ნაწილი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურდება, ამას კი მძიმე შედეგები მოჰყვება.

მიმღებ მილაკზე ტყვიის სპეციალური გარსაცმის დაყენების შემდეგ ბეტა-გამოსხივების დოზა საათში 10 მილირენტგენს შეადგენს, ერთი მეტრით დაშორების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 0,3 მილირენტგენამდე ეცემა

ეს პრობლემა, ანუ ჩამოწერილი შვეულმფრენებიდან რადიოიზოტოპების შემცველი ხელსაწყოების მოხსნის, წესების დაცვით შენახვისა და უტილიზაციის საკითხი, "კვირის პალიტრის" ფურცლებიდან საზოგადოებასა და შესაბამის ორგანოებს ათიოდე წლის წინ გავაცანით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საფრთხე ყურად არავინ იღო.

იმედია, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც ის, ვისაც ეხება, მოხსნის РИО-3 ტიპის ხელსაწყოებს ჩამოწერილი საავიაციო ტექნიკიდან (ყურადღების მისაქცევია ალექსეევკაში კაპიტალური რემონტის იმედად მდგარი Ми-8 ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენებიც, რომელთა ბედი ისევ გაურკვეველია), რათა არც მომსახურე პერსონალს შეექმნას რადიაციული დასხივების საფრთხე და არც ვინმე ხელმრუდმა იფიქროს მათი მოპარვა და საზიანო საქმისთვის გამოყენება...

რადიოაქტიური გამოსხივების პერიოდი

მოყინვის რადიოიზოტოპურ სიგნალიზატორში გამოყენებული სტრონციუმ-90-ის ნახევარდაშლის პერიოდი 28 წელია (ანუ ხელსაწყოს ამოქმედებიდან 28 წლის შემდეგ რადიოიზოტოპების ბეტა-გამოსხივების აქტიურობა ნახევრდება), ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე მდგარი საფრენად უვარგისი Ми-2-ების ასაკმა სამ ათეულ წელს გადააჭარბა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახევრად დაშლილი სტრონციუმ-90-იც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს.

ჩვენი დოსიე:

РИО-3 ტიპის მოყინვის რადიოიზოტოპური სიგნალიზატორი დამონტაჟებულია შვეულმფრენის რედუქტორის ჰაერმიმღებში. მასში მოთავსებულია სტრონციუმ-90 და იტრიუმ-90 რადიოაქტიური იზოტოპების ნარევი. თუკი საფრენი აპარატის ზედაპირი ყინულის ფენით იფარება, ბეტა-გამოსხივება ვეღარ აღწევს მიმღებ დეტექტორამდე და პილოტების კაბინაში ირთვება დაფა მოყინვის დაწყების შესახებ.

როგორია ბუნებრივი რადიაციული ფონი

ნორმალური რადიაციული ფონია დაახლოებით 0,2 მიკროზივერტი/სთ-ში, დასაშვები ზედა ზღვარი კი - 0,5 მიკროზივერტი/სთ-ში. წელიწადში ადამიანმა შეიძლება უსაფრთხოდ მიიღოს 3-4 მილიზივერტი, ხოლო მთელი სიცოცხლის განმავლობაში - 100-დან 700 მილიზივერტამდე. ერთი მილიზივერტი ათას მიკროზივერტს უდრის.

2 000 მეტრზე მაღლა ვინც ცხოვრობს, სამჯერ მეტ მზის რადიაციას იღებს, ვიდრე ზღვის დონეზე მცხოვრებნი.K კბილის რენტგენის სურათის გადაღებისას ადამიანი დაახლოებით 0,2 მიკროზივერტი/სთ-ში დასხივებას იღებს.