სჭირდება თუ არა საქართველოს ჯარისკაცები? - კვირის პალიტრა

სჭირდება თუ არა საქართველოს ჯარისკაცები?

ქართული არმიის კონტრაქტით მომსახურეებით სრულად დაკომპლექტებას ბევრად მეტი ბიუჯეტი დასჭირდება...

სავალდებულო სამხედრო სამსახურისადმი საზოგადოების ნაწილისა და ზოგიერთი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მომავალში შეიძლება საქართველოს უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახოს...

21 ოქტომბერს ტრაგედია მოხდა. კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 36-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. იმედია, გამოძიება ტრაგედიის მიზეზს დაადგენს, სახელმწიფო კი უყურადღებოდ არ დატოვებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახსა და დაშავებულებს, მაგრამ გაოცებას იწვევს საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც ამ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევას იყენებს, რომ ისევ შეუტიოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ინსტიტუტს და მისი სასწრაფოდ გაუქმება მოითხოვოს.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში განიხილება საკითხი, გააგრძელებს თუ არა შეიარაღებული ძალები სავალდებულო- სამხედრო სამსახურში წვევამდელების საშემოდგომო გაწვევას.

იზორიას წინამორბედმა თინა ხიდაშელმა პოსტის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე გამოსცა შიდაუწყებრივი ბრძანება შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღების შეჩერების შესახებ.

ექსმინისტრ ხიდაშელის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს არც შსს-ში და არც სასჯელაღსრულების სისტემაში, რომლებიც ბოლო წლებში თავდაცვის სამინისტროზე მეტ ახალწვეულს იღებენ.

ყოფილი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ერთი წლის განმავლობაში ჯარისკაცები საყარაულო კოშკურაზე დგანან, ან ტვირთს ცლიან, ახალს ვერაფერს სწავლობენ და სახელმწიფო მათ "მონურ" შრომას იყენებს.

ამ მოსაზრებას საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ერთწლიანი სამხედრო სამსახურის "მონურ" შრომასთან შედარებამ ბევრის აღშფოთება გამოიწვია, უპირველესად კი იმ მოქალაქეების, რომლებმაც თვითონ გაიარეს სავალდებულო სამხედრო სამსახური და თავი მონად არ უგრძნიათ, თუმცა პრეტენზიები მათაც აქვთ. "ვინ უშლიდა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას, ყარაულის გარდა, ველზეც გავეყვანეთ, სასწავლო სროლები ჩაეტარებინათ და ჩვენთვის ბრძოლის ელემენტარული ტაქტიკა ესწავლებინათ?" - კითხულობენ ისინი.

შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფებში ერთწლიანი ჯარისკაცები თითქმის აღარ დარჩნენ. ისინი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის განკარგულებაში არიან, რაც ბრიგადების მეთაურებს ძალიან გაუხარდათ. საქმე ის არის, რომ ჰაუპტვახტების გაუქმების შემდეგ მეთაურს აღარ შეუძლია, დისციპლინური წესით დასაჯოს წესდების დამრღვევი "ერთწლიანი" ჯარისკაცი, კონტრაქტით მომსახურე ურჩი სამხედროს ჭკუაზე მოყვანა კი მეთაურს ყოველთვის შეუძლია ხელფასის დაქვითვით.

თუმცა მეთაურების სიხარული შეიძლება ნაადრევი გამოდგეს, რადგან საყარაულო სამსახური არავის გაუუქმებია და ყოველ დღე-ღამე განწესში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცის ნაცვლად ასობით კონტრაქტით მომსახურე დგას, იმის ნაცვლად, რომ თავის დანაყოფებთან ერთად ველზე საბრძოლო მომზადება გაიაროს, ანუ აშკარაა, რომ ჯარების საბრძოლო მომზადების საერთო კურსში საყურადღებო პრობლემამ იჩინა თავი.

ამასთან, საინტერესოა, ლოგიკური და ეკონომიურად გამართლებულია, რომ საყარაულო და ალბათ, მალე (თუკი ჯარში სავალდებულო-სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები აღარ იქნებიან) ლოგისტიკური სამსახურიც 800-1000-ლარიანი ხელფასის მქონე კონტრაქტით მომსახურეებს დაეკისრებათ?!

ცხადია, საქართველოს დამცველებისთვის ფული არ გვენანება, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაუძლებს, რომ არასაბრძოლო და ლოგისტიკური საქმიანობა იმ კონტრაქტით აყვანილ კაპრალებს დავაკისროთ, რომელთა იმედი ბრძოლის დროს აქვს ქვეყანას?

უდავოა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის დახვეწა აუცილებელია და მასზე მართლაც დღესვე ვიტყოდით უარს, მობილიზაციისა და რეზერვის გამართული სისტემა რომ გვქონდეს, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, სათანადოდ მომზადებული რეზერვი არ გვყავს.

რეზერვისტების მომზადების ახალი გეგმა კი არსებობს, მაგრამ მის განხორციელებას ბევრი ფული და დიდი დრო სჭირდება.

ასეთ რთულ პერიოდში უარის თქმა სავალდებულო-სამხედრო სამსახურზე, სადაც ახალწვეული, სხვა თუ არაფერი, ელემენტარულ დისციპლინას, ბრძანებების შესრულებას და ბოლოს და ბოლოს, იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობას სწავლობს, ალბათ, დანაშაულის ტოლფასია, რადგან სწორედ ეს ერთწლიანი ჯარისკაცები უნდა გახდნენ მომავალი სარეზერვო სისტემის მთავარი დასაყრდენი.

და ერთიც - ვერავინ დამაჯერებს, რომ ლიტვასა და შვედეთში ჯარისკაცების უფლებებს არ იცავენ, ან რუსეთი მათ ჩვენზე მეტად ემუქრება, მაგრამ წელს ორივე ქვეყანამ სავალდებულო-სამხედრო სამსახურში ჯარისკაცების გაწვევა აღადგინა...