ავტოავარია მძიმე შედეგით - კვირის პალიტრა

ავტოავარია მძიმე შედეგით

დაცული არიან თუ არა სამხედროები სატვირთო ავტომობილების ძარით გადაადგილებისას...

ერთი დაღუპული და 36 დაშავებული ჯარისკაცი, მათგან ოთხი კი მძიმედ - ასეთი ტრაგიკული შედეგით დასრულდა ავტოავარია კახეთში, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბესთან. ჯარისკაცებით სავსე სატვირთო "კამაზი" გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

"კამაზით" თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, საყარაულო სამსახურის შემდეგ, დედოფლისწყაროს ბაზიდან ოსიაურის სამხედრო ნაწილში გადაჰყავდათ.

სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები "კამაზის" ტენტგადაფარებულ ძარაში ისხდნენ. მანქანა გადაბრუნდა და ბევრმა მათგანმა დაზიანება თავის არეში მიიღო. უფრო ტრაგიკული შედეგისგან იმან დაგვიფარა, რომ ძარის ტენტი სპეციალურ "დუგებზე" იყო დამაგრებული. სწორედ ამ "დუგებმა" დაიცვა ჯარისკაცები, რომ გადაბრუნებული "კამაზის" ძარას არ გაეჭყლიტა.

სამხიდიანი "კამაზის" ამ მოდელის ძარის ბორტებზე ასაკეცი ხის სკამებია დამონტაჟებული, რომლებზეც 12-12 კაცი ჯდება. ძარაში 24 სამხედრო უნდა მჯდარიყო და არა - 34 (სამი კაცი კაბინაში იჯდა). ჯარისკაცები დაშავდებოდნენ იმ ტვირთის გადაადგილებითაც, რომელიც საყარაულო სამსახურის როტაციის შემდეგ დედოფლისწყაროს ბაზიდან უკან, ოსიაურის ყაზარმებში მიჰქონდათ.

გამოძიებას მუშაობა ორი მიმართულებით მოუწევს - ჯერ უნდა ჩატარდეს ავტოტექნიკური ექსპერტიზა იმის დასადგენად, იყო თუ არა "კამაზი" გამართული და მერე - სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზა მძღოლის მოქმედების შესაფასებლად.

ძალოვან სტრუქტურებში ავტოსატრანსპორტო შემთხვევები, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია, რაც ზოგჯერ იმ მძღოლების ბრალია, რომლებსაც ამა თუ იმ სამინისტროს საავტომობილო ნომერი დაუსჯელობის განცდას აღუძრავს. ერთ-ერთი მძიმე ავტოავარია თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ორი სატვირთო ავტომობილის შეჯახებით აგვისტოს ომის დროს მოხდა, როდესაც რუსული ავიაციის შიშით ღამით მანქანები ჩამქრალი ფარებით მოძრაობდნენ.

ახლანდელი ავტოავარიისას მძღოლის ბრალეულობა-უდანაშაულობაზე გამოძიების დამთავრებამდე ვერაფერს ვიტყვით, თუმცა, ვიცით, რომ დატვირთულმა "კამაზმა" დაღმართზე მოსახვევი გამოიარა და ამის შემდეგ ამობრუნდა. რა სიჩქარით ეშვებოდა დაღმართზე მძიმე "კამაზი" და როდის გამოიყენა მძღოლმა მუხრუჭი - ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

ავტოავარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსაზრება, რომ სამხედროების "კამაზებით" გადაყვანა დანაშაულია. ეს უსაფუძვლო მტკიცებაა, რადგან სატვირთო ავტომობილების ძარებით სამხედროების ტრანსპორტირება საუკუნოვანი მსოფლიო პრაქტიკაა, მაგრამ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტოკოლონაში სიჩქარისა და მანქანებს შორის დისტანციის დაცვა.

სამხედრო მანქანების კოლონებს ციმციმებიანი სამხედრო პოლიციის ავტომობილები აცილებს. ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, ოსიაურიდან დედოფლისწყაროს ბაზამდე ეს "კამაზი" მართლაც გააცილა სამხედრო პოლიციის ციმციმებიანმა მანქანამ, მაგრამ უკან წამოსვლისას მას გამცილებელი არ ახლდა. ეს ინფორმაცია სიმართლეა თუ არა, ან შეძლებდა თუ არა გამცილებელი მანქანა "კამაზის" დაცვას, ძნელი სათქმელია. ამის დადგენა მხოლოდ სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას შეუძლია.

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს ავტოავარიაში დაღუპული ქართული არმიის ჯარისკაცის, რიგითი აკოპ მალხასიანის ოჯახს.