ბრძოლა შავი ზღვისთვის!!! - კვირის პალიტრა

ბრძოლა შავი ზღვისთვის!!!

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვისთვის მოიცალა, თუმცა ყირიმისა და აფხაზეთის ოკუპირებული სანაპიროების განმკარგველ რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება NATO-ს ძალიან გაუჭირდება...

იენს სტოლტენბერგმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ისტორიული განცხადება გააკეთა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 17 წევრი სახელმწიფო თავის საბრძოლო დანაყოფებს განალაგებს უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, ბალტიისა და შავიზღვისპირა ქვეყნებში.

ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში განთავსდება ალიანსის სამხედრო ბაზები, რომლებიც პირველი თავდაცვის ზღუდე იქნება ისეთი "ჰიბრიდული ომის" დაწყებისას, როგორითაც რუსეთმა ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასის მხარე დაიპყრო.

საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექვსი ქვეყანა - აშშ, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი და თურქეთი - თავიანთ სახმელეთო, საზღვაო და საჰარო დანაყოფებს გაგზავნიან რუმინეთში სასწავლო ბრიგადის შესაქმნელად, რომელმაც შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საბრძოლო შესაძლებლობები უნდა გაზარდოს.

შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი - NATO-ს წევრია, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრობას ცდილობენ და მხოლოდ რუსეთია დარჩენილი მოწინააღმდეგეთა ბანაკში, მაგრამ მიუხედავად ამისა, შავ ზღვაში სამხედრო-პოლიტიკურ უპირატესობას მაინც რუსეთი ინარჩუნებს.

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველი - 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და ნახევარსაუკუნოვანი ცივი ომის დამთავრების შემდეგ დასავლეთში რატომღაც ჩათვალეს, რომ მათ კრემლი დაასამარეს და რუსეთი ფეხზე ვეღარასდროს წამოდგებოდა, რაც უდიდესი შეცდომა იყო. ამასთან, დასავლელ ლიდერებს გამოეპარათ მომენტი, როცა რუსეთმა ჯერ - ეკონომიკურად, შემდეგ კი სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერება დაიწყო და ბუნებრივია, პოლიტიკური მადაც გაეხსნა. ეს გამოჩნდა ჯერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიით, რომელსაც დასავლეთში წაუყრუეს და მხოლოდ არაფრისმთქმელ "შეშფოთება-აღშფოთებას" დასჯერდნენ, რამაც კრემლის ბინადარნიA 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დასაწყებად წაახალისა.

მეორე - ორივე სამხედრო აგრესია რუსეთმა შავიზღვისპირა ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა, რის შემდეგაც მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ასეულობით კმ სიგრძის სანაპირო ზოლი, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, თითქმის სრულად გაეკონტროლებინა შავი ზღვის აკვატორიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. ყირიმის ნახევარკუნძულზე თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო, ასევე - საჰაერო თავდაცვისა და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების განთავსებამ, რომელთა მოქმედების რადიუსი 300-500 კმ-მდე აღწევს, რუსეთს შესაძლებლობა მისცა, გააკონტროლოს შავი ზღვის მთავარი კარიბჭე - ბოსფორის სრუტე, რაც რადიკალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს, ცხადია, არა NATO-ს სასარგებლოდ.

მესამე - ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროდან რუსული "ისკანდერის" ტიპის რაკეტები, რომლებსაც 300 კტ-მდე ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინის გადატანაც შეუძლიათ, სწვდება NATO-ს წევრი რუმინეთის ტერიტორიას, რომელზეც ალიანსი თავის ბრიგადას, ხოლო აშშ - ანტისარაკეტო სისტემას განათავსებს, ანუ ყირიმიდან რუსული ბირთვულქობინიანი "ისკანდერები" რუმინეთს ისეთივე საფრთხეს შეუქმნის, როგორსაც კალინინგრადის ოლქიდან - პოლონეთს.

მეოთხე და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც შეიძლება NATO-ს შავი ზღვის რეგიონში გაძლიერება გაუჭირდეს, არის ის, რას მოიმოქმედებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება.

ერთი მხრივ, ოფიციალური ანკარა გვერდით უდგას ალიანსს და NATO-ს ეგიდით ისიც გაგზავნის დანაყოფებს რუმინეთში ალიანსის სასწავლო ბრიგადის შესაქმნელად, მაგრამ ამასთან, ყველამ იცის პრეზიდენტების - პუტინისა და ერდოღანის - "ჩახუტების" ამბავი. შარშან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს თითქოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ, შავ ზღვაშიც კი, მაგრამ რუსი ტურისტების თურქეთის პლაჟებზე და თურქული პომიდვრის რუსულ მაღაზიებში დასაბრუნებლად თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო დიპლომატიის ისტორიაში თითქმის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა - პუტინს მოსკოვში ეახლა და ჩამოგდებული ბომბდამშენისა და მოკლული რუსი პილოტის გამო არც ბოდიშის მოხდა გასჭირვებია.

იბადება კითხვა: თუკი თურქეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია, ბოდიში მოიხადა და ალბათ, კრემლს სირიის საკითხებშიც რაღაცები დაუთმო, დაუპირისპირდება ის მოსკოვს შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების შეჯახების შემთხვევაში?

არადა, შავი ზღვის კონტროლის გასაღები დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გაკონტროლებაა და ეს სწორედ თურქეთის ხელშია, რის გარეშეც შავი ზღვა დიდ ჩაკეტილ ტბად იქცევა.

ყველაზე კრიტიკულ მომენტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ამ სრუტეების ჩაკეტვა (რისი უფლებაც თურქეთს აქვს მონტრეს საზღვაო კონვენციის თანახმად, თუკი მას საფრთხე დაემუქრება და ომში ჩაერთვება) ნიშნავს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების სრულ კრახს, სირიის მიმართულებითაც კი.

დავუბრუნდეთ შავ ზღვაში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს. მაშინ, როდესაც რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე არათუ აღადგინა, არამედ ახალ თვისებრივ დონეზე აიყვანა საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო ინფრასტრუქტურა, რუმინეთში ალიანსის მიერ ერთი სასწავლო ბრიგადის შექმნა ცოტა არასერიოზული ჩანს, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს, რადგან მსოფლიო რეალურად დგას ახალი ცივი ომის დაწყების (თუკი უკვე დაწყებული არ არის) წინაშე.

"საქართველოსთვის გაღებული NATO-ს კარის" შესახებ დედები მგონი, უკვე ზღაპრებს უყვებიან შვილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ შავ ზღვაში ძალთა გადანაწილების პრობლემა შეიძლება გადაიქცეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაახლოების დაჩქარების საფუძვლად.

საქართველოს სანაპირო ზოლზე თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებით ალიანსი შეძლებს, უკეთ გააკონტროლოს შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი, რაც გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე გაიზრდება ჩვენი ქვეყნისკენ დამიზნებული რუსული რაკეტებისა თუ ბომბდამშენების რაოდენობაც.

თუკი NATO მართლაც სერიოზულად მოეკიდება შავი ზღვის რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებას, მას მოუწევს ფიქრი წევრი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზეც.

ამ თვალსაზრისით საქართველო ყველაზე დაჩაგრული ჩანს. მას არა ჰყავს სამხედრო-საზღვაო ძალები, რომელთა აღდგენა, თუნდაც ფორმალურად, საშური საქმეა, რადგან შავ ზღვაში ალიანსის სტრატეგიული ინტერესების ზრდის პარალელურად გაიზრდება დახმარების მოცულობაც, რაც ქართულ სამხედრო ფლოტს საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას გაუადვილებს.

როგორც ჩანს, ბრძოლა შავი ზღვისთვის ჯერ წინაა...

რას უნდა უფრთხოადეს ყველაზე მეტად ნატო შავ ზღვაში...

შავ ზღვაში შემოყვანილია 636.3 პროექტის ხუთი ახალი რუსული წყალქვეშა ნავი, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ NATO-სთვის

წყალქვეშა ნავის სიგრძე 73,8 მ, სიგანე კი - 9,9მ-ია. მისი სრული წყალქვეშა წყალწყვა 3 950 ტ-ს აღწევს, წყალზედა კი 2 350 ტ-ს უტოლდება. ორი დიზელ-გენერატორი და ერთი მთავარი ელექტროძრავა წყალქვეშა ნავს წყალქვეშ მაქსიმალურ 20 კვანძის (37 კმ/სთ) განვითარების საშუალებას აძლევს. ნავს 300 მეტრამდე ჩაყვინთვა შეუძლია. ეკიპაჟი 52 ოფიცრისა და მეზღვაურისგან შედგება, ხოლო ავტონომიური ცურვის ხანგრძლივობა 45 დღე-ღამეა.

წყალქვეშა ნავი აღჭურვილია ექვსი ცალი 533 მმ კალიბრის სატორპედო აპარატით, რომლებიდანაც, ტორპედოების გარდა, "კალიბრის" სისტემის ფრთოსანი რაკეტების გაშვება (წყალქვეშაც) და საზღვაო ნაღმების დაყენებაც შეიძლება. შეიარაღების მარაგშია 18 ტორპედო, ან 24 საზღვაო ნაღმი, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - "იგლას" 8 რაკეტა.