ქართული საბრძოლო ავიაცია მომავლის გარეშე?
07-11-2016
ქართული საბრძოლო ავიაცია მომავლის გარეშე?
ვიხილავთ კი კვლავ ქართულ ცაში მოიერიშე "მიმინოებს"?!

ჩვენს რეგიონში დაძაბულობის მომატების ფონზე ქართული არმია შეიძლება საბრძოლო ავიაციის გარეშე დარჩეს...


რა დასამალია და, ცხინვალთან მებრძოლი ქართული ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობის ნაწილის დემორალიზებაც სწორედ საავიაციო დაბომბვებმა გამოიწვია. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ 8 აგვისტოს, გამთენიისას, ჯავის მიდამოებში ოთხმა ქართულმა მოიერიშემ მხოლოდ ერთი საჰაერო დარტყმა განახორციელა, ოს სეპარატისტებსა და რუს აგრესორებს შემდგომ დღეებშიც ცაში გამოჩენილი ყველა მოიერიშე ქართული ეგონათ და დიდი მონდომებით ესროდნენ
რუსულ თვითმფრინავებს...
იმის თქმა გვინდა, რომ დღეს მცირე მასშტაბის შეიარაღებული კონფლიქტიც კი საბრძოლო ავიაციის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია, რასაც ადასტურებს ერაყსა და სირიაში მიმდინარე ბრძოლები. "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს ინტენსიურად ბომბავენ თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

დიდი ხანია, საიდუმლო აღარ არის, რომ ქართული არმიის
შეიარაღებაში 12 ერთეული სხვა­დასხვა მოდიფიკაციის ("მიმინოს" მოდიფიკაციისაც კი) Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ირიცხება.
ეს არცთუ მცირე საბრძოლო პოტენციალია, რადგან სწორი ტაქტიკის გამოყენებისას მათ შეუძლიათ მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენონ და რაც მთავარია, მტრის რიგებში საჰაერო დაბომბვების შიში დათესონ.

თუმცა ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც თვითმფრინავებიც მზად არიან საბრძოლველად და პილოტებიც...
ამ მხრივ კი ქართული არმია უდიდესი პრობლემების წინაშე დგას და მალე შეიძლება საბრძოლო ავიაციის გარეშეც კი დარჩეს.
პრობლემების თავიდათავი ფინანსების უკმარისობაა - სამხედრო ბიუჯეტი არ არის საკმარისი, გავარემონტოთ და მით უმეტეს - შევიძინოთ საბრძოლო თვითმფრინავები. ასეთია ოფიციალური სტრუქტურების პოზიცია.

ზოგიერთი დაჟინებით იმასაც ამტკიცებს, თითქოს რუსეთს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ისეთი ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს, ჩვენს მოიერიშეებს პირველივე გაფრენისას ჩამოყრიან, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი ერთმანეთის ჯინაზე თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები განათავსეს...
ორივე მტკიცებაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ამის გამო ქართულმა არმიამ უნდა დაკარგოს შესაძლებლობა, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს 45 კმ-ზე შორს მისწვდეს?

საქმე ის გახ­ლ­ავთ, რომ ქართ­ული არმიის ყველაზე "გრძელი ხელკეტი" Lar-160 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემებია, რომელთა უმართავი რაკეტების სროლის მაქსიმალური სიშორე 45 კმ-ს არ აღემატება.
ეს კი ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის შორსმსროლელი არტილერიის, მაგალითად, 70-90 კმ-ზე მსროლელი "სმერჩების" კონტრსაბატარეო ცეცხლით ჩახშობის საშუალება თეორიულადაც არ გვექნება, რომ აღარაფერი ვთქვათ, 120 კმ-ზე მფრენ ოპერატიულ-ტაქტიკურ "ტოჩკა უ"-ებზე.

ერთადერთი საბრძოლო საშუალება, რომლითაც ქართულ არმიას თეორიულად მაინც შე­ეძლო "სმერჩებსა" და "ტოჩკებს" მისწვდენოდა, Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები და Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები იყო, მაგრამ რამდენიმე წელია, "მფრინავი ნიანგები" ქართულ ცაში აღარავის დაუნახავს - Ми-24-ებს კაპიტალური რემონტი სჭირდება და სამწუხაროდ, შეიძლება ქართულ არმიას საბოლოოდ დაემშვიდობონ, ახლა კი, როგორც ჩანს, Су-25-ების ჯერიც დგება.

ასევე უდიდესი პრობლემაა L-39 "ალბატროსის" ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების გაუმართაობაც, რის გამოც სამხედრო მფრინავები ვეღარ ემზადებიან და თუ პილოტს თვეობით არ უფრენია, ლაპარაკი არ ღირს მის არათუ საბრძოლო მზადყოფნაზე, არამედ ფრენის უსაფრთხოებაზეც კი.
ეს ყველაფერი არა სამხედრო საიდუმლო, არამედ ურთულესი პრობლემაა. 21-ე საუკუნეში ჩვენს რეგიონში ასეთი მზარდი საფრთხის ფონზე სახელმწიფო, ფაქტობრივად, უარს ამბობს სავარაუდო მოწინააღმდეგის შეჩერების ყველაზე ეფექტურ ტაქტიკაზე - ზუსტ საჰაერო დარტყმებზე.

P.S. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 743 მლნ ლარამდე იზრდება (შარშან 670 მლნ ლარი იყო), მაგრამ ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან სამხედრო ბიუჯეტის 60%-ზე მეტი ხელფასებსა და სოციალურ პროექტებზე იხარჯება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან საბრძოლო ტექნიკის გამართვისთვის, სპეციალისტების მოსამზადებლად და ინტენსიური წვრთნებისა და სწავლებების ჩასატარებლად მიზერული თანხა რჩება...

P.P.S. ვინც თვლის, რომ ქართულ Су-25-ებს მომავალი აღარ აქვთ იმის გამო, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები განალაგა, მათ ავიწყდებათ, რომ შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე, დიდი ხანია, გამოჩნდა რადიოელექტრონული ბრძოლისა და სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტების მოსაგერიებელი აპარატურა, რომელთა მოიერიშე თვითმფრინავის ბორტზე დამონტაჟების შემდეგ რუსული "ოსები" თუ "ბუკები" ისეთი საშიში აღარ იქნება, მით უმეტეს, თუკი ქართველ სამხედრო პილოტებს დაბალ სიმაღლეზე რელიეფის მიყოლებით ფრენისა და საავიაციო შეიარაღების ზუსტად გამოყენების (რასაც Су-25-ის მოდიფიკაცია "მიმინო" იძლევა) გამოცდილება ექნებათ, რაც მხოლოდ ინტენსიური და მუდმივი წვრთნებით არის შესაძლებელი.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგეს 46 კილომეტრიდანაც კი ყოველთვის დაუსჯელად შეეძლება ჩვენი საარტილერიო დაბომბვა და მას საჰაერო თავდაცვის საშუალებებითაც კი ვერ შეაკავებ.
01 დეკემბერი 2016 08:40
1921 წელს ჟორდანიას მთავრობამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და ამით უდიდესი შეცდომა დაუშვა. (კერძოდ ძრავას ზეთების არ შეძენით ქართული არმია ავიაციის გარეშე დარჩა), დრო გვაჩვენებს რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებენ დღეს.
giga
13 ნოემბერი 2016 00:28
მოიკლონ პრემიები და გაარემონტონ მოიერიშეები და ვერტმფრენები
gio
12 ნოემბერი 2016 20:52
მშვიდობიან დროს საჰაერო სივრცის დაღვევის დროს ჩვენი მოქმედებები და გადაწყვეტილების პროცედურებზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვინ არის პასუხინმგებელი, მშვიდობიანობის დროს ჩვეი საზენიტო -სარაკეტო სისტემების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის დროს მოწინაამღდეგის თვითმფრინავი იგებს ჩვენს პოზიციების მდებარეობას და კარგი დაზვერვა, მოგებული საბრძოლო ოპერაციაა, ასე რომ ჯობია გვყავდეს თვითმფრინავი სუ-25მ,,მიმინო0" რომელიც არ მისცემს საშუალებას ჩვენი სტრატეგიული ობიექტების დაზვერვის საშუალებას, დაზვერვაზე შემოსული თვითმფრინავი ზებგერით სიჩქარეზე არ ანხორციელებს სადაზვერვო ფრენებს ეს სიჩქარეა 700-800კმ/სთ ასე რომ სუ-25-ის სიჩქარე არის 1000 კმ/სთ, რომელსაც შეუძლიან შეასრულოს ბარაჟირება სტრატეგიული ობიექტის თავზე და არ მისცეს საშუალება მოწინააღმდეგის საფრენ აპარატს ინფორმაციის მიღების, აგრეთვე სუ-25მ,,მიმინო" აღჭურვილია ჰაერი-ჰაერი ტიპის 20 კმ რადიუსის მართვადი რაკეტებით რ-73, და შეუძლიან დღისით და ღამით მარტივ და რთულ მეტეო პირობებში შეასრულოს საბრძოლო დავალება. ასე რომ, საჰაერო თავდაცვის საშუალებების განვითარება არ არის მარტო ჰაერი-მიწა ტიპის საზენიტო-სარაკეტო სარაკეტო სისტემების განვითარება, საავიაციო კომპონენტის გარეშე საჰაერო სივრცე იქნება დაუცველი, ამიტომ სჯობს შევინარჩუნოთ მინიმუმ როგორც,,ღირსების" საკითხი რეგიონში სუ-25 ტიპის საფრენი აპარატები. ვისაც არ უნახავს 1993წ, ვინც არ ყოფილა 2008-ში, ვისაც მასზე არ უფრენია, ვინც არ იცის სიცოცხლის ფასი და რა აქვს ღირსება როგორც ავიატორი, როგორც პატრიოტი ძნელია გაიგოს ეს ყველაფერი.

რედაქტორის რჩევით