გაიტანეს, რადიოაქტიური "გრენლანდია" გაიტანეს! - კვირის პალიტრა

გაიტანეს, რადიოაქტიური "გრენლანდია" გაიტანეს!

თავდაცვის სამინისტრომ "კვირის პალიტრის" მიერ აღმოჩენილი რადიოაქტიური საფრთხის გასაუვნებლად ოპერატიულად იმოქმედა

ჟურნალისტებს ჩვენი რომელიმე სტატიის გამოქვეყნებისთანავე მასზე რეაგირება გვეამაყება. უფრო სასიხარულოა, როცა საქმე ძალზე სახიფათო რადიოიზოტოპებისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთას ეხება.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ "კვირის პალიტრის" 31 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ სტატიას - "მივიწყებული რადიაციული საფრთხე თბილისში, რომელიც ყველას შეიძლება დაემუქროს" - თავდაცვის სამინისტროში მაშინვე ყურადღება მიაქციეს, ფაქტები შეამოწმეს და მათ სიმართლეში დარწმუნების შემდეგ ოპერატიულად დახსნეს ჩამოწერილ შვეულმფრენებს РИО-3 ტიპის მოყინვის რადიოიზოტოპური სიგნალიზატორები. ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს, სადაც სათანადო ინსტრუქციის მიხედვით შეინახავენ.

ჩამოწერილ Ми-2 ტიპის შვეულმფრენებზე ამ საშიში რადიოიზოტოპური ხელსაწყოების არასათანადოდ დაცვის ამბავი "კვირის პალიტრამ" საზოგადოებას პირველად ათიოდე წლის წინ აცნობა, თუმცა მაშინ ყური არავინ შეიბერტყა.

"კვირის პალიტრა" მიესალმება დღევანდელი თავდაცვის სამინიტროს ასეთ ოპერატიულობას, რამაც ადამიანების რადიაციულ დასხივებასაც გადაგვარჩინა და საერთაშორისო სკანდალსაც, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებზე "მონადირე" ტერორისტულ ორგანიზაციებთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული.

ბევრს, ალბათ, აღარც ახსოვს ის ტრაგედია, რაც 1997 წელს მესაზღვრეების ლილოს სასწავლო ცენტრში მოხდა. თერთმეტმა ჯარისკაცმა ნაწილის ტერიტორიაზე ნაპოვნი ცეზიუმის შემცველი კაფსულების ფარაჯის ჯიბით ტარების შედეგად ძლიერი რადიაციული დასხივება მიიღო. შვიდს - გერმანიაში, ოთხს კი საფრანგეთში ძვირად ღირებული ოპერაციები დასჭირდა. მკურნალობის ხარჯი სახელმწიფომ გადაიხადა, მათი რეაბილიტაცია კი წლობით გაგრძელდა, თუმცა, რამდენიმე მაინც დაინვალიდდა.

ალექსეევკის სამხედრო ბაზაზე მდგარი ჩამოწერილი შვეულმფრენების РИО-3-ებში ცეზიუმზე არანაკლებ რადიოაქტიური "სტრონციუმ-90"-ია მოთავსებული, რომლის უცოდინარი ადამიანების ხელში მოხვედრას შეიძლებოდა ისეთივე ტრაგედია დაეტრიალებინა, რაც 19 წლის წინ მოხდა.

ამ სტატიის ავტორი საბჭოთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ორი წლის განმავლობაში სამხედრო შვეულმფრენების საავიაციო მოწყობილობების სპეციალისტი გახლდათ, ამიტომ РИО-3-თან უსაფრთხოდ მოქცევის წესები უცხო არ არის.

P.S. ჩვენმა ინიციატივამ, მართალია, სერიოზული საფრთხე თავიდან აგვარიდა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ შვიდივე ნახევრად გაძარცული Ми-2-ის ჯართში ჩაბარება გადაწყვიტა, რაც ლოგიკური კია, მაგრამ - გულდასაწყვეტი. საქმე ის არის, რომ საქართველოში ადრე თუ გვიან მაინც გავხსნით სამხედრო მუზეუმს (წლებია, რაც ამ საკითხს ვაყენებთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის - თავდაცვის სამინისტროს წინაშე), რომელსაც დასჭირდება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - ის Ми-2-იც, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დამწყები პილოტების პირველი სასწავლო საფრენი აპარატი გახლდათ. ამასთან, Ми-2 პოპულარული ქართული მხატვრული ფილმის "მიმინოს" მთავარი "გმირია" ბუბა კიკაბიძესთან ერთად. მონდომების შემთხვევაში შვიდი ნახევრად გაძარცული Ми-2-დან "მიმინოს" ერთი სამუზეუმო მაკეტის აწყობა არ უნდა გაჭირდეს.

ჩვენი დოსიე:

РИО-3 ტიპის მოყინვის რადიოიზოტოპური სიგნალიზატორი დამონტაჟებულია შვეულმფრენის რედუქტორის ჰაერმიმღებში. მასში მოთავსებულია "სტრონციუმ-90" და "იტრიუმ-90" რადიოაქტიური იზოტოპების ნარევი. თუკი საფრენი აპარატის ზედაპირი ყინულის ფენით იფარება, ბეტა-გამოსხივება ვეღარ აღწევს მიმღებ დეტექტორამდე და პილოტების კაბინაში ირთვება დაფა მოყინვის დაწყების შესახებ.