თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის მიერ შეჩერებულ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს - კვირის პალიტრა

თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის მიერ შეჩერებულ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს

როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა. იმ პერიოდში ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. მთავრობის წევრები ხიდაშელის გადაწყვეტილებას არ იწონებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ისევ აღდგენილიყო.

ვარაუდი გამართლდა. როგორც მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, უწყება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ისევ აღადგენს.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა. კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. განახლებული სავალდებულო-სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას“, - ნათქვამია ლევან იზორიას მიერ მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"