გერმანელი დიპლომატები თალიბებისგან ქართველმა სამხედროებმა გადაარჩინეს - კვირის პალიტრა

გერმანელი დიპლომატები თალიბებისგან ქართველმა სამხედროებმა გადაარჩინეს

თალიბების თავდასხმები მაზარი-შარიფსა და ბაგრამზე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება?!

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა გერმანელი დიპლომატები სიკვდილს გადაარჩინეს.

10 ნოემბერს ავღანეთის ჩრდილოეთით, ქ. მაზარი-შარიფის ცენტრში გერმანიის გენერალურ საკონსულოსთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც რამდენიმე შეიარაღებულმა თალიბმა იერიში მიიტანა აფეთქებულ შენობაზე, რომელშიც გერმანელი დიპლომატები იყვნენ.

ეს თალიბების ნაცადი ტაქტიკაა - ჯერ შენობასთან აფეთქებენ დანაღმულ ავტომობილს (მანქანაში ყოველთვის რამდენიმე ასეული კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაა, რათა აფეთქება რაც შეიძლება მძლავრი იყოს), მერე კი ავტომატებით შეიარაღებულები ცდილობენ, შეიჭრან ეზოსა და შენობაში, რათა აფეთქებას გადარჩენილები დახოცონ.

ამ ტაქტიკით თალიბებმა რამდენიმე წლის წინ თავდასხმები განახორციელეს ქართულ ბაზებზე, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ამჯერად სწორედ ქართულმა დანაყოფმა იმარჯვა.

გერმანიის საკონსულოსთან აფეთქებისთანავე მაზარი-შარიფიდან ათიოდე კმ-ში განთავსებული კოალიციის სამხედრო ბაზიდან დაუყოვნებლივ გამოვიდა სწრაფი რეაგირების ქართული ოცეული, რომელიც აფეთქებულ საკონსულოსთან ორმხრივ ცეცხლში ჩაერთო.

ქართველი სამხედროების ბრძოლაში ჩართვამ თალიბები უკუაქცია და გერმანელი დიპლომატები გადაარჩინა. ქართველების დაგვიანების შემთხვევაში უფრო დიდი მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა.

მაზარი-შარიფში გერმანიის გენერალური საკონსულოს აფეთქებას ექვსი ადამიანი შეეწირა, 120-მდე კი დაშავდა.

12 ნოემბერს, გამთენიისას, მძლავრი აფეთქება მოხდა ბაგრამის აეროდრომზეც, სადაც კოალიციის მსხვილი სამხედრო ბაზაა განთავსებული, რის შემდეგაც ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.

ისევე როგორც მაზარი-შარიფში, ქართული დანაყოფი იმყოფება ბაგრამის სამხედრო ბაზაზეც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საბედნიეროდ, აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან.

რას უნდა ნიშნავდეს თალიბების ასეთი გააქტიურება?

დასავლელი სამხედრო ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ თალიბები ცდილობენ, შური იძიონ საერთაშორისო კოალიციის მიერ ქ. ყუნდუზში ჩატარებული ოპერაციისთვის, რომლის დროსაც თალიბების რამდენიმე საველე მეთაური მოკლეს.

თუმცა, ჩვენი აზრით, თალიბების "გამოცოცხლების" მთავარი მიზეზი უფრო მასშტაბურია და ის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას უკავშირდება.

წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი აცხადებდა, რომ ის ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის მომხრეა. როგორც ჩანს, ასეთი თავდასხმებით თალიბების ხელმძღვანელობას სურს, მომავალ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანა დააჩქარებინოს.

ეს თემა საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან ავღანეთში ყველაზე მეტი სამხედრო ჩვენ გვყავს და რაც უფრო მალე დავაბრუნებთ მათ სამშობლოში, მით უკეთესი იქნება.

ირაკლი ალადაშვილი