ვისია, ვისია... ჩვენს მეზობლად "ისკანდერი"? - კვირის პალიტრა

ვისია, ვისია... ჩვენს მეზობლად "ისკანდერი"?

სომხური არმიის კამუფლირებული ფერებით გადაღებილ სარაკეტო "ისკანდერებს" სინამდვილეში რუსი სამხედროები აკონტროლებენ და მართავენ...

"ისკანდერების" სომხეთის არმიის კამუფლირებულ ფერებში გადაღებვით მოსკოვმა და ერევანმა სომხეთის მოსახლეობის და აზერბაიჯანის ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა სცადა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუსული მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერევანში 21 სექტემბერს სამხედრო აღლუმზე ნაჩვენები სომხური არმიის კამუფლირებული ფერებით შეღებილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების, "ისკანდერების" შეძენა სომხეთს არ შეეძლო და ისინი რუსეთმა სომხეთში სიტუაციის დასაბალანსებლად ჩაიტანა, რადგან აზერბაიჯანმა ბოლო წლებში დიდძალი თანხა დახარჯა თანამედროვე შეიარაღების შესაძენად.

ამით პასუხი გაეცა მთავარ კითხვას - ვისი და რომელი მოდიფიკაციის იყო ერევანში აღლუმზე გამოჩენილი "ისკანდერები".

საქმე ის არის, რომ თუკი "ისკანდერები" რუსეთმა სომხეთს მიჰყიდა ან აჩუქა, ისინი აუცილებლად საექსპორტო მოდიფიკაციის იქნებოდა და მათი რაკეტების ფრენის მაქსიმალური სიშორე 300 კმ-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი დაარღვევდა "რაკეტებსა და სარაკეტო ტექნოლოგიებზე კონტროლის რეჟიმის" საერთაშორისო შეთანხმებას. მაგრამ "ისკანდერის" საექსპორტო ვარიანტი რუსეთს ჯერ არსად გაუყიდია და საექსპორტო ვარიანტი შეიძლება ჯერ არც არსებობს.

ამიტომაც 19 სექტემბრის "კვირის პალიტრის" სტატიაში "სომხეთისთვის "ისკანდერების" მიცემით მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა", გამოვთქვით ვარაუდი, რომ რუსმა სამხედროებმა სომხეთში "искандер-მ" ჩაიტანეს, რომლის რაკეტა 480 კმ-ზე მიფრინავს.

სომხური მხარისთვის მისი გადაცემით მოსკოვი ზემოხსენებულ საერთაშორისო შეთანხმებას დაარღვევდა, რაც კრემლს ამ ეტაპზე ხელს არ აძლევს, ამიტომაც სომხეთში ჩატანილ "ისკანდერებს", ფაქტობრივად, ისევ რუსი სამხედროები აკონტროლებენ და ისინი საქართველოს საზღვართან ახლოს, გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე განათავსეს.

მაგრამ რატომ იყო შეღებილი რუსული "ისკანდერები" სომხური არმიის კამუფლირებული ფერებით?

ამით რუსეთისა და სომხეთის ხელისუფლებმა ორი კურდღლის დაჭერა სცადეს: ჯერ ერთი, სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც უკმაყოფილო იყო აპრილის "ოთხდღიანი ომის" დროს მოსკოვის გულგრილობით, მოატყუეს, თითქოს რუსეთმა სომხეთს ისეთი რაკეტები მისცა, რომლებიც ბაქოსაც მისწვდებოდნენ;

და მეორე - ეს ბლეფი აზერბაიჯანის დასაშინებლადაც იყო გამიზნული. მათ უნდა დაეჯერებინათ, რომ თუკი ბაქომ მთიანი ყარაბაღის ომით დაბრუნება გადაწყვიტა, სომხური "ისკანდერები" აზერბაიჯანის ნებისმიერ კუთხეს მისწვდებიან...

რეალურად კი, ერევანი რამდენიც უნდა ეხვეწოს მოსკოვს, გიუმრის ბაზაზე განთავსებულ "ისკანდერებს" რუსი გენერლები აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ, რადგან ბაქოს კრემლთან კარგი ურთიერთობები აქვს.

მაშინ, რა უნდათ თითქმის 500 კმ რადიუსში მოქმედ და თანაც - ბირთვული ქობინების გადამტან რუსულ "ისკანდერებს" სომხეთში? განცხადება, რომ ისინი მოსკოვმა სომხეთში მეზობელი საქართველოს დასაშინებლად გადმოისროლა, დამაჯერებელი არ იქნება, რადგან რუსეთს შეუძლია, "ისკანდერებით" საქართველოს მთელ ტერიტორიას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდანაც მისწვდეს, ისევე, როგორც ჩრდილო კავკასიიდან.

რუსული "ისკანდერების" სომხეთში გადასროლის მთავარი მიზანი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით რუსეთის მზარდი სტრატეგიული ინტერესებია, რაც გამოიხატება კრემლის გავლენის გაზრდით სირიაში, ირანსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თურქეთშიც კი...