კადრები არმიისთვის - შერჩევა ენების ცოდნით თუ პროფესიონალიზმით? - კვირის პალიტრა

კადრები არმიისთვის - შერჩევა ენების ცოდნით თუ პროფესიონალიზმით?

თავდაცვის სამინისტროში ახალი საკადრო ცვლილებები ახალი სკანდალის აგორების პროცესად იქცა...

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლისა და შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლებად სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაციძის დანიშვნამ სკანდალი გამოიწვია, რადგან ზოგიერთი თადარიგის ოფიცერი მათ პირადი შემადგენლობის შეურაცხმყოფელ მოქმედებასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელქვეითებზე პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

ასევე, მასმედიაში გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ ზემოხსენებული ორი ოფიცერი ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც აუცილებელია ასეთ თანამდებობებზე დასანიშნად, კერძოდ, არ იციან ინგლისური ენა.

ამ ეტაპზე ორივე ოფიცერს შეუჩერდა უფლებამოსილება და მიმდინარეობს შიდაუწყებრივი მოკვლევა. თუკი ეს მოკვლევა ობიექტურად ჩატარდა და მან დაადასტურა, რომ ეს ოფიცრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მართლაც ახდენდნენ ზეწოლას პირად შემადგენლობაზე, რათა მათ ხმა `ნაციონალური მოძრაობისთვის~ მიეცათ, ეს შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს, რადგან შეიარაღებულ ძალებში პოლიტიკური აგიტაცია კონსტიტუციით აკრძალულია; ხოლო თუკი გამოჩნდებიან მოწმეები, რომლებიც ამ ორ ოფიცერს წესდების მოთხოვნების უხეში დარღვევით მათზე მორალურ თუ ფიზიკურ ზეწოლაში დასაბუთებულად დაადანაშაულებენ, მაშინ საქმე უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.

მანამდე კი ამ ოფიცრების დადანაშაულება უსამართლობა იქნება.

ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: ვინ უნდა დაწინაურდეს არმიაში - ის ოფიცერი, რომელმაც ერთი ან რამდენიმე უცხო ენა იცის, თუ ის, ვინც შეიძლება ინგლისურად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ სხვებზე უკეთ შეუძლია, თავისი ასეულით მოწინააღმდეგის ტანკების შემოტევა მოიგერიოს ან მტრის შვეულმფრენის ჩამოსაგდებად საზენიტო გათვლას სწორად უმეთაუროს?

2004 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ქართულ არმიაში ინგლისური ენის შესწავლას და ეს ტენდენცია დარჩა ახალი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრების მოსვლა-წასვლის შემდეგაც.

ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ცუდი სხვა რამ გახლავთ: წლების განმავლობაში აწინაურებდნენ, ძირითადად, სწორედ იმ ოფიცრებს, ვინც ინგლისური იცოდა და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა უცხოურ დელეგაციებსა თუ ექსპერტებთან, დღედაღამ საველე სწავლებაზე მყოფ ახალგაზრდა ოფიცერს კი მხოლოდ ჯარისკაცებსა და კაპრალებთან ერთად ტალახის ზელა რჩებოდა...

საქმე საქმეზე რომ მიდგეს (როგორც ეს მოხდა აგვისტოს ომის დროს), ბრძოლის ველზე ოფიცერს დანაყოფის ჩასაფრებასა თუ თავდაცვაში მოქმედების ტაქტიკის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა უფრო გამოადგება, ვიდრე გამართული ინგლისურით ბრძანებების გაცემა.

ინგლისურის ცოდნა, ალბათ, აუცილებელია ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეთათვის, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლს რუსულის, აფხაზურის, ოსურის, სომხურისა თუ თურქულის ცოდნა უფრო გამოადგებოდა...