როგორ ცდილობდა "კვირის პალიტრა" ქართული სამხედრო ფლოტის გაძლიერებას... - კვირის პალიტრა

როგორ ცდილობდა "კვირის პალიტრა" ქართული სამხედრო ფლოტის გაძლიერებას...

"კვირის პალიტრა" მზადაა განაგრძოს 9 წლის წინ წამოწყებული საქმე

"კვირის პალიტრაში" 14 წლის მუშაობამ და ყოველკვირეულად რამდენიმე სტატიის მომზადებამ ნამდვილად უზარმაზარი გამოცდილება შესძინა ამ სტატიის ავტორს. ამ ხნის განმავლობაში ბევრ საჭირბოროტო თემაზე დაგვიწერია, მაგრამ როდესაც მარტო წერა საქმეს არ შველოდა, "კვირის პალიტრა" მოქმედებას იწყებდა.

1999 წელს "კვირის პალიტრა" გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღებს საბორტე ნომრების გარდა, კონკრეტული სახელები, კერძოდ კი, საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების სახელები დარქმეოდათ, რათა ამ ქალაქების მერებს და საზოგადოებას მათზე შეფობა აეღოთ.

ეს მსოფლიოში რამდენიმე საუკუნის წინ დაწყებული წარმატებული პრაქტიკაა და არც ჩვენთან იქნებოდა ცუდი, რომ შავი ზღვის ტალღებში კახეთის, იმერეთის, გურიის, სვანეთის თუ საქართველოს დედაქალაქის მოსახელე სამხედრო კატარღებს ეცურათ.

ასე გამოჩნდა ქართული სამხედრო კატარღები - "ბათუმი", "ქუთაისი", "გურია", "ახმეტა", "წყალტუბო", "მესტია" და, რა თქმა უნდა, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანი - სარაკეტო კატარღა "თბილისი".

"კვირის პალიტრის" პირველი ინიციატივა, სამხედრო კატარღებისთვის კონკრეტული სახელების დარქმევის თაობაზე, წარმატებით განხორციელდა, თუმცა მეორე და მთავარი - ამ კატარღებზე შესაბამისი ქალაქებისა თუ რეგიონების ხელმძღვანელების მიერ შეფობის აღება აგვიანებდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ხელისუფალნი არ სწყალობდნენ ქართულ არმიას, რომლის ბიუჯეტი 60 მლნ ლარიც არ იყო და ისიც ყოველწლიურად ჩამოიჭრებოდა ხოლმე. ასეთ დროს თბილისის მერს ყოველთვიურად სარაკეტო კატარღის ეკიპაჟისთვის იმდენივე ლარი რომ გადაერიცხა, რა თანხის ბენზინსაც მისი სამსახურებრივი მანქანა ხარჯავდა, "თბილისი" უზრუნველყოფილიც იქნებოდა და, შესაბამისად, კატარღის საბრძოლო მზადყოფნაც მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა...

ორ წელიწადზე მეტხანს ვუყურეთ, როგორ არავინ შეიბერტყა ყური არც თბილისის და არც სხვა ქალაქების მერიებში.

ამიტომაც "კვირის პალიტრამ" თვითონ იკისრა ინიციატივის გაგრძელება და ქართული სამხედრო ფლოტის ფლაგმანზე შეფობა დააწესა.

უნდა გენახათ "თბილისის" ეკიპაჟის წევრების აღფრთოვანება, როდესაც 2001 წლის ზაფხულში ფოთის სამხედრო პორტში მათ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი ქ-ნი ლალი გუნთაიშვილი და რედაქციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მეზღვაურებს სიხარულის ცრემლი ჩვენ მიერ ჩატანილმა საჩუქრებმა კი არ მოჰგვარა, არამედ იმ მცირედმა ყურადღებამ, რაც სახელმწიფოსგან ფაქტობრივად მიგდებული სამხედროების მიმართ საზოგადოების ნაწილმა (ამ შემთხვევაში "კვირის პალიტრის" სახით) გამოიჩინა.

ჩვენი რედაქციის ნაბიჯი, საბედნიეროდ, გადამდები აღმოჩნდა. ცოტა ხანში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის მასწავლებლებმა და სტუდენტებმა შეფობა აიღეს საარტილერიო კატარღა "ახმეტაზე", ქუთაისის უნივერსიტეტის სამხედრო კათედრამ კი საპატრულო კატარღა "ქუთაისზე".

"კვირის პალიტრის" მიერ დაწყებული საქმე შემდგომაც გაგრძელდა, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსული ხელისუფლების ერთ-ერთმა თავდაცვის მინისტრმა გააუქმა თელავისა და ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრები, ხოლო "კვირის პალიტრას" საერთოდ ჩაუკეტა შეიარაღებული ძალების კარი...

მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია 2001 წლის ზაფხულში აღებული შეფობა "თბილისის" ეკიპაჟისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომი "კვირის პალიტრის" რედაქციისთვის იმითაც იყო მტკივნეული, რომ ფოთის სამხედრო პორტში რუსმა ოკუპანტებმა ერთ დროს ქართული სამხედრო ფლოტის ფლაგმანი - სარაკეტო კატარღა "თბილისი" დაწვეს და ჩაძირეს...

მიუხედავად ამისა, "კვირის პალიტრა" მზადაა განაგრძოს 9 წლის წინ წამოწყებული საქმე და შეფობა აიღოს სხვა რომელიმე ქართულ კატარღაზე...