ბირთვულ პარიტეტს შეწირული პატარა ქვეყანა - კვირის პალიტრა

ბირთვულ პარიტეტს შეწირული პატარა ქვეყანა

როდესაც აშშ და რუსეთი ერთმანეთთან ბალისტიკური რაკეტებისა თუ ბირთვული ქობინების რაოდენობას ათანხმებენ, საქართველოსნაირი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები არავის ადარდებს

აშშ-მა და რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერეს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ მორიგ, მესამე ხელშეკრულებას.

ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ თითოეულ მხარეს სტრატეგიულ შეიარაღებაში შეიძლება ჰქონდეს არა უმეტეს 1550 ბირთვული საბრძოლო ნაწილი და მათი გადამტანი 700 გამზადებული საშუალება (მიწისქვეშა შახტებისა და ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები და ბომბდამშენები), აგრეთვე ასამდე ასეთივე საშუალება, ოღონდ არასაბრძოლო მდგომარეობაში.

მთელი მსოფლიოსთვის მისაღებია, რომ პლანეტის ორი ბირთვული ზესახელმწიფოს ხელმძღვანელობა შეთანხმდა სტრატეგიული შეიარაღების ნაწილობრივ შემცირებაზე. ცხადია, არც საქართველოა წინააღმდეგი რუსეთისა და აშშ-ის ბირთვულქობინიანი რაკეტების რიცხვის შემცირებისა.

მაგრამ თეთრ სახლსა და კრემლს შორის მიღწეული შეთანხმება ირიბად მაინც ეხება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს.

აშშ-ის პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებდა. ამიტომაც ის კმაყოფილია, რომ ამომრჩევლებს შეუსრულა დანაპირები და რუსეთთან "გადატვირთვის" ახალი თანამშრომლობა დაიწყო.

ობამასთვის აუცილებელი იყო რუსეთთან შეთანხმებისთვის მიეღწია, ამიტომაც მისი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ზედმეტად არ გაეღიზიანებინა კრემლი, მათ შორის საქართველოსთვის თავდაცვითი დანიშნულების იარაღის მიყიდვითაც.

"გადატვირთვის" პროგრამა გრძელდება და იგი ამერიკელთა ნაწილშიც რუსეთთან დათმობის ერთგვარ პოლიტიკადაც აღიქმება.

საერთოდ, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ამერიკელი დემოკრატები უფრო მშვიდობიანი პოლიტიკითა და საერთაშორისო დაძაბულობის შენელების სურვილით გამოირჩეოდნენ.

მაგრამ რა გამოდის? ბოლო 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტ ბუშის რესპუბლიკელი თანამოაზრეების მიერ შეგულიანებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რეალური ომის დონემდე დაუპირისპირდა მეზობელ რუსეთს. აშშ-ის სათავეში კი დემოკრატები მოვიდნენ, რომლებიც საერთო ენას პოულობენ კრემლთან. რუსეთთან უკიდურესად დაპირისპირებული საქართველო კი ერთგვარ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და "ოკეანისგაღმელ ძიას" რეალურ დახმარებაზე იმედის დამყარებაც აღარ ღირს.

დემოკრატები აშშ-ის ხელისუფლებაში 3 წელი მაინც იქნებიან. ჯერჯერობით ობამას დიდი შანსი აქვს, მეორედ აირჩიონ პრეზიდენტად.

ასეთ სიტუაციაში რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს საქართველოს ორი ნაწილი აქვს ოკუპირებული, ძალიან ძნელი იქნება, რადგან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - აშშ და მით უმეტეს, დასავლეთი ევროპა მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობის პოლიტიკას აგრძელებენ.