რა შეუძლია ქართულ არმიას... - კვირის პალიტრა

რა შეუძლია ქართულ არმიას...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში კადრების ოპტიმიზაცია იწყება, რათა სამხედრო ბიუჯეტის მეტი ნაწილი ხელფასებზე კი არა, საბრძოლო მომზადებაზე დაიხარჯოს...

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს სამხედრო საფრთხე არ მოჰკლებია და ამ მხრივ უკეთესი არც უახლოესი მომავალი ჩანს. საზოგადოების ნაწილს აინტერესებს, რა საბრძოლო პოტენციალი აქვს დღეს ქართულ არმიას და შეუძლია თუ არა მას, დაიცვას ქვეყანა ამა თუ იმ სახის საფრთხისაგან.

"კვირის პალიტრა" ეცდება, სიცხადე შეიტანოს ამ მნიშვნელოვან საკითხში, თუმცა გამოვიყენებთ ინფორმაციის მხოლოდ ღია წყაროებს, რომ რომელიმე ურაპატრიოტმა საიდუმლოების გაცემა არ დაგვაბრალოს, ამიტომაც ამომწურავ ანალიზზე თავს ვერ დავდებთ.

მაშ, ასე, რა შეუძლია გააკეთოს ქართულმა არმიამ ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში მოწინააღმდეგეების მოსაგერიებლად?

ხმელეთზე...

უკვე მეექვსე წელია, საქართველოს შეიარაღებული ძალები ჯარების მხოლოდ ერთი სახეობის - სახმელეთო ჯარებისგან შედგება, რომელშიც გაერთიანებულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლობები.

სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ერთი მექანიზებული, ოთხი ქვეითი, ორი საარტილერიო და ერთი საინჟინრო ბრიგადა შედის, უშუალოდ გენერალურ შტაბს კი ექვემდებარება სპეციალური ოპერაციების ძალები. ეს ის ძირითადი პოტენციალია, რაც შეიძლება ქართულმა არმიამ ხმელეთზე ბრძოლისას გამოიყვანოს.

იმ მებრძოლების მაქსიმალური რაოდენობა, ვინც შეიძლება ავტომატით ხელში შეებრძოლოს სავარაუდო მოწინააღმდეგეს, ამ ეტაპზე 20 ათასს არ აღემატება, იმიტომ, რომ ბრიგადები სრული შტატით არ არის დაკომპლექტებული, ამასთან, მათი საშტატო რაოდენობაც განსხვავებულია.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ უკვე განაცხადა, რომ ერთი ქვეითი ბრიგადა დაიშლება და მისი პირადი შემადგენლობა სხვა ბრიგადებში განაწილდება, რათა სტანდარტული გახდეს სამანევრო ბრიგადების საშტატო რიცხოვნობა და ისინი 95%-მდე დაკომპლექტდეს პირადი შემადგენლობით.

თუკი შევხედავთ მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიების რაოდენობას, რომელიც ჩვენსას, შესაბამისად, 2-ჯერ და 3-ჯერ მაინც აღემატება, საამაყო არაფერი გვაქვს, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტს არ შეუძლია შეინახოს 50-90-ათასიანი რეგულარული არმია, ამიტომაც ძირითადი ყურადღება მაინც ბრძოლისუნარიანი რეზერვის შექმნაზე უნდა გამახვილდეს.

სახარბიელო არც სახმელეთო ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაა. აქ პრობლემა, ძირითადად, ორი სახისაა - ტექნიკური გაუმართაობა და საჭურვლის საბრძოლო კომპლექტების სიმცირე.

მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არა ჰყავსო, რომ არ დაგვაბრალონ, თითოეულ ამ პრობლემას ვერ ჩავუღრმავდებით, თუმცა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ახალ ხელმძღვანელობას კარგად მოეხსენება, რამდენი ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრასპორტიორი თუ ჰაუბიცაა საბრძოლოდ მზად, რამდენია გაუმართავი, სარემონტო და რა სათადარიგო ნაწილებია საყიდელი მათ საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად. მოკლედ, სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორი ოპერატიული დაგეგმვისა და სადაზვერვო მონაცემების დროული და სრულყოფილი ანალიზის შემთხვევაში ქართული არმიის სახმელეთო კომპონენტს შეუძლია ორ ოპერატიულ მიმართულებაზე (ამიტომაც არის შექმნილი დასავლეთი და აღმოსავლეთი სარდლობები) შეაკავოს შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგე. რამდენი ხნით - ეს მოწინააღმდეგის ძალებზე, შეტევების მიმართულებებსა და პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

ამ თავდაცვით ბრძოლებში ძირითადი აქცენტი, როგორც ჩანს, ისევ ქართულ არტილერიაზე უნდა გაკეთდეს, რომელმაც აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში ყველაზე მეტად დააზარალა მოწინააღმდეგე. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააუმჯობესა კონტრსაბატარეო ბრძოლის მეთოდები უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების გამოყენებით (უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას რუსი არტილერისტები თითქმის ყოველდღიურად იყენებენ ამ ტაქტიკას), რაც ქართველი არტილერისტებისგან საცეცხლე პოზიციების დროულ და სწრაფ შეცვლას მოითხოვს (აგვისტოს ომში ხუთი ქართული "პიონი" გორის მიდამოებიდან პოზიციის შეუცვლელად ბომბავდა შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგეს, ისე, რომ დანაკლისი არ განუცდია, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელი იქნება).

მეორე რეალური ძალა, რომელმაც შეიძლება დროებით შეაფერხოს მოწინააღმდეგის სახმელეთო შემოტევა, არიან ქართველი მენაღმეები. ხიდების, გზების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების დანაღმვა და დროულად აფეთქება მოწინააღმდეგეს დააბრკოლებს, ოღონდ ეს თავდაცვითი საინჟინრო საშუალებები მობილური უნდა იყოს და არა ისეთი, როგორიც აგვისტოს ომის შემდგომ აგებული ძალზე ძვირად ღირებული სტაციონარული ბეტონის ბუნკერები გახდა, რომელთა ზუსტი კოორდინატები სავარაუდო მოწინააღმდეგისთვის მათი მშენებლობის პროცესშივე იყო ცნობილი. ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბებით მათი აფეთქება არც ისე რთულია.

მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელად თავდაცვითი საინჟინრო საშუალების ამოქმედებამ კი მას შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. დიდ საიდუმლოს, ალბათ, არ გავთქვამთ, რვა წლის შემდეგ თუ ვიტყვით, რომ თბილისი-გორის საავტომობილო გზის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე რუსი სამხედროები რამდენიმე დღე სწორედ იმ ადგილზე იდგნენ, სადაც ქართველ მენაღმეებს 800 კგ-მდე ტროტილი ჰქონდათ ჩამალული და მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა იყო საჭირო, რომ მოწინააღმდეგის დანაყოფის პირადი შემადგენლობა და მათი საბრძოლო ტექნიკა მტვრად ქცეულიყო, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები უკვე შეჩერებული იყო და მისი განახლება ქართულ მხარეს ხელს აღარ აძლევდა.

ჰაერში...

საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, რომლის განკარგულებაშია მოიერიშე და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები, სატრანსპორტო შვეულმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები, რადიოლოკაციური სადგურები, საზენიტო-საარტილერიო დანადგარები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

ეს ჩამონათვალი მკითხველისთვის შეიძლება დამაიმედებლად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ამ მხრივ უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე სახმელეთო ჯარებში.

ბიუჯეტის სიმცირის გამო, როგორც ჩანს, მოიერიშე და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების კაპიტალურ რემონტს უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ, ან უფრო უარესი - დროთა განმავლობაში მათ ჩამოწერენ, ისევე, როგორც დამრტყმელი შვეულმფრენები ჩამოწერეს.

კურსი აღებულია საჰაერო თავდაცვის კომპონენტების, სატრანსპორტო შვეულმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ, რაც, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ აქაც ბევრი პრობლემა იჩენს თავს.

არსებული რადიოლოკაციური სადგურებისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით მეტ-ნაკლებად შეიძლება მხოლოდ დედაქალაქისა და მისი მისადგომების საჰაერო თავდაცვა, ისიც - მხოლოდ გარკვეული დროით.

როგორც სახმელეთო ჯარების ტექნიკის, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებების რემონტი და მათი საბრძოლო საჭურვლის მარაგის შევსება საშური საქმეა.

საფრანგეთიდან რამდენიმე ახალი მობილური რადიოლოკაციური სადგურის მიღება მართლაც გაზრდის ქართველი მეზენიტეების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის არეალს, მაგრამ შესყიდული ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების საბრძოლო შესაძლებლობები, ალბათ, მოკრძალებული იქნება.

ზღვაზე...

2009 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ არსებობს სამხედრო-საზღვაო ძალები, ამიტომაც არმიამ საქართველოს საზღვაო აკვატორიის კონტროლი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას გადაულოცა. სავარაუდო მოწინააღმდეგის სამხედრო ხომალდებთან ღია ზღვაში ჭიდილი ქართველი მესაზღვრეების კატარღებს თეორიულადაც არ ძალუძთ, თუმცა პორტებისა და დესანტსაშიში სანაპიროების დაცვა უდავოდ უნდა იყოს ქართული არმიის ძირითადი საბრძოლო ამოცანა.

სანაპიროს დაცვისთვის სახმელეთო ჯარების დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლობამ შეიძლება გამოიყენოს საარტილერიო დანადგარები - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ჰაუბიცები, ქვემეხები და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები. მათ სანაპიროდან, 2 კმ-იდან 20 კმ-მდე მანძილზე შეეძლებათ მეტ-ნაკლებად ზუსტი ცეცხლის გახსნა, რათა არ დაუშვან მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადმოსხმა.

ქართველ მენაღმეებს კი ექნებათ საშუალება, დანაღმონ (მათ შორის - დესანტსაწინააღმდეგო წყალქვეშა ნაღმებით) ყველა ის დესანტსაშიში მიმართულება, სადაც შეიძლება ქართულ სანაპიროს მოწინააღმდეგის სადესანტო საშუალებები მოადგნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში კადრების ოპტიმიზაცია იწყება, რათა სამხედრო ბიუჯეტის მეტი ნაწილი ხელფასებზე კი არა, საბრძოლო მომზადებაზე დაიხარჯოს. მოაგვარებს თუ არა ეს არმიაში დაგროვილ პრობლემებს, მომავალი გვიჩვენებს.