აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო?! - ვინ უფრო შორს ისვრის სამხრეთ კავკასიაში... - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო?! - ვინ უფრო შორს ისვრის სამხრეთ კავკასიაში...

მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბრძოლა დაიწყეს, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, თუ რა მანძილიდან ესროდა ერთი მეორეს ჯერ ქვას, შემდეგ კი - შუბს, ისარს, ტყვიას, ჭურვსა თუ რაკეტას.

ვინც უფრო შორიდან და ამასთან, ზუსტად ესვრის მოწინააღმდეგეს, მას უპირატესობა ყოველთვის ექნება, რადგან მეორე მხარე შეიძლება ვერც მისწვდეს. "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს ვთავაზობთ მონაცემებს, სამხრეთ კავკასიის რომელ ქვეყანას და ასევე, რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზებს საარტილერიო-სარაკეტო ცეცხლით რა მაქსიმალურ სიშორეზე შეუძლიათ დააზიანონ მოწინააღმდეგის პოზიციები.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ოთხი საარტილერიო ბრიგადა შედის, მათგან ერთი ბრიგადა მთლიანად სხვადასხვა ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით არის დაკომპლექტებული.

აზერბაიჯანის არმიის ერთ-ერთი ყველაზე შორსმსროლელი საშუალებაა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემა Точка-У, რომლის ორტონიანი რაკეტა (მას აქვს 482 კგ მასის საბრძოლო ქობინი) მაქსიმალურ 120 კმ-ზე 136 წმ-ში მიფრინავს.

2008 წელს ბაქომ კიევისგან "ტოჩკას" ოთხი სარაკეტო დანადგარი შეიძინა. დღეისათვის მათი რაოდენობა შეიძლება უკვე 12-ს აღწევდეს.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაშია 30-მდე ბაქომ თურქეთისგან შეიძინა 18 ერთეული

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა T-30 Qasirga, რომლის 300 მმ კალიბრის 530 კგ-იანი რაკეტა (საბრძოლო ქობინის მასაა 150 კგ) 100 კმ-ს 170 წმ-ში ფარავს.

აზერბაიჯანელი არტილერისტების განკარგულებაშია ისრაელში ნაყიდი ცხრა ერთეული ზალპური ცეცხლის 300 მმ-იანი Lynx Extra-ც, რომლის 450 კგ-იან რაკეტებს 130-150 კმ-ის დაფარვა შეუძლიათ, თანაც ისინი GPS-ით იმართება, რაც სარაკეტო დარტყმების დიდი სიზუსტის პირობაა.

აზერბაიჯანის არმიას უფრო მცირე კალიბრის სხვა საარტილერიო-სარაკეტო სისტემებიც საკმაოდ აქვს, მაგრამ მარტო ზემოთ ჩამოთვლილი ნიმუშები და რაოდენობაც კი მას სამხრეთ კავკასიის საბრძოლო მოქმედებების არენაზე ყველაზე ძლიერ მოთამაშედ აქცევს.

სომხეთი

ა.წ. სექტემბერში ერევანში, სამხედრო აღლუმზე გამოჩენილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები - Искандер-м სომხეთში რუსეთის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის კუთვნილება უფრო გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის არმიის კამუფლირებული ფერებით იყო შეღებილი.

ამიტომაც სომხეთის არმიის ყველაზე შორსმსროლელ საშუალებად ოთხი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა Точка-У რჩება. მასზე შორს, 300 კმ-მდე მიფრინავს ოპერატიულ-ტაქტიკური Эльбрус-ის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც სომეხი გენერლები ყოველწლიურ სამხედრო აღლუმებზე დიდი სიამაყით ჩაატარებენ ხოლმე, თუმცა, "ელბრუსების" საბრძოლო მზადყოფნა საეჭვოა, რადგან მაღალტოქსიკური თხევადი საწვავი და დამჟანგველი სჭირდებათ.

სამაგიეროდ, სომეხი არტილერისტების არსენალშია რუსეთის მიერ გადაცემული "სმერჩები" და ჩინეთში ნაყიდი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - ოთხი WM-80 და ექვსი AR1A.

WM-80-ის რვა ცალ 273 მმ კალიბრისა და 505 კგ მასის (მისი საბრძოლო ქობინი 150 კგ-მდე იწონის) რაკეტას მაქსიმალური, 80 კმ-ის დაფარვა 165 წმ-ში შეუძლია. AR1A საბჭოთა "სმერჩის" ჩინური კლონია და მას სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტის 60-დან 130 კმ-მდე გაშვება შეუძლია.

სომხეთის საარტილერიო-სარაკეტო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აზერბაიჯანისას, თუმცა ერევნის უკან მოსკოვი დგას, რაც ძირეულად ცვლის ბაქოს სამხედრო უპირატესობას.

რუსეთი

რუსეთის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის შეიარაღებაში "გრადებთან", "ურაგანებთან" და "სმერჩებთან" ერთად არის "ტოჩკებიც" და "ისკანდერებიც".

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ სამხედრო ბაზებში უკვე განთავსებულია შორსმსროლელი საარტილერიო-სარაკეტო სისტემები, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალსა და გალის რაიონში რუსეთიდან მათ გადმოსროლას მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება.

გარდა ამისა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი ფრეგატები და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავები შეიარაღებულია ღფკბ,ჰ-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომლებსაც შავი ზღვიდან სამხრეთ კავკასიის ნებისმიერ კუთხემდე შეუძლიათ მიღწევა.

საქართველო

სამხრეთ კავკასიაში შორსმსროლელი საარტილერიო-სარაკეტო შეიარაღების მხრივ ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში საქართველოა.

ქართული არტილერიის ყველაზე "გრძელ სარაკეტო მუშტს" აგვისტოს ომამდე ისრაელში ნაყიდი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Lar-160 წარმოადგენდა. მას 36 ცალი 100 კგ-იანი რაკეტის მაქსიმალურ, 45 კმ-ზე გაშვება შეუძლია. დანარჩენი საარტილერიო-სარაკეტო საშუალებები, რომლებიც დღეს ქართული არმიის შეიარაღებაშია, ამ მანძილზე ახლოს სწვდება.

გამოდის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქართველი არტილერისტები ორ-სამჯერ აგებენ შორს სროლაში, რაც წარმატებულ კონტრსაბატარეო ბრძოლას თითქმის შეუძლებელს გახდის, თუკი სავარაუდო მოწინააღმდეგემ 46 კმ-იდან და უფრო შორიდან ქართული პოზიციების დაბომბვა დაიწყო.

გამოსავალი იქნებოდა, მაგალითად, ჩინეთიდან შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის სისტემების შეძენა, მაგრამ იმის გამო, რაც დღეს ქართულ ეკონომიკაში ხდება, ქართული არმიის გაძლიერება ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ძნელია.